უცხოელი მოქალაქეების მიერ შეძენილი სასოფლო-სამეურნეო მიწის დიდი ნაწილი დაუმუშავებელია. მათი მიზანი არა აგრარული სექტორი და მეურნებაა, არამედ მიწების გადაყიდვა და მისგან მიღებული სარგებელი. შესაბამისად, სოფლის მეურნეობაში ადგილობრივი ინვესტიციების წილი გაცილებით მეტია, ვიდრე უცხოურისა.
როგორც აღმოჩნდა, საქართველოში 45-დან 50 ათას ჰექტრამდე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა უცხოელების საკუთრებაა, საიდანაც მხოლოდ 12 ათასი ჰექტარია დამუშავებული. პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელიას შეფასებით, სტატისტიკა საგანგაშოა და ამასთან დაკავშირებით სახელმწიფოს მხრიდან რეგულაციაა გასამკაცრებელი.
„უცხო ქვეყნის მოქალაქე ფიზიკურ პირებთან მიმართებით, რომლებიც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწას ფლობენ, მაგრამ საკუთრებაში არსებული მიწა ნანახიც კი არ აქვთ, პარლამენტი სანქციებზე მუშაობს. საკომიტეტო მოსმენაზე ვიმსჯელებთ, რათა კანონპროექტს საბოლოო სახე მიეცეს, მაგრამ ფაქტი აშკარაა, რომ ჩვენ პრობლემა გვაქვს“, - განუცხადა „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ დანელიამ.
დეპუტატი ამბობს, რომ სასოფლო-სამეურნეო მიმართულებაში უცხოელი ინვესტორები რეალურად არ არსებობენ ან ძალიან მცირე რაოდენობით არიან, ადგილობრივი ინვესტიციები კი აგრარულ სექტორში გაცილებით მეტია.
აგრარული სფეროს სპეციალისტი, მეცნიერი ანზორ მესხიშვილიც ადასტურებს, რომ უცხოელები მიწას მისი დამუშავების თვალსაზრისით კი არ ეპატრონებიან, არამედ შემდგომი გადაყიდვის მიზნით. ამიტომ პარლამეტმა პრინციპულობა უნდა გამოიჩინოს და ერთხელ და საბოლოოდ აკრძალოს უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე მიწების გასხვისება.
„ზუსტად ვიცი, უცხოელების ნაწილმა მიწა იმისთვის იყიდა, რომ შემდეგ ძვირად გაყიდოს, კომერციული ინტერესი უფრო ამოძრავებთ. არის შემთხვევები, როცა, მაგალითად, კახეთში ვენახი გააშენეს, მაგრამ ერთეული შემთხვევაა ასეთი. თბილისის შემოგარენსა და ახლომდებარე სოფლებში ნაყიდი მიწების დიდზე დიდი უმეტესობა დაუმუშავებელია. ცხადია, ეს ფართობები გადაყიდვის მიზნით აქვთ თავის დროზე შეძენილი და ამიტომ არ მუშავდება. პარლამეტმა პრინციპულობა უნდა გამოიჩინოს და ერთხელ და საბოლოოდ აკრძალოს უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე მიწების გასხვისება“, - განაცხადა მესხიშვილმა.
უცხოელთა პასიურობა დასტურდება „საქსტატის“ მონაცემებითაც. პასიურობენ როგორც მოქალაქეები, ასევე ინვესტორებც. 2017 წელს სოფლის მეურნეობასა და თევზჭერაში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 3,5 მილიონი ლარი შეადგინა, რაც ბოლო 10 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
აფბას ვიცე-პრეზიდენტი პაატა ბაირახტარი ამბობს, რომ აქ მიწების მორატორიუმი და შემდგომში მისი უცხოელებზე მიყიდვის აკრძალვა არაფერ შუაშია.
„მიწის უცხოელებზე გასხვისების აკრძალვა არ არის მარტო ჩვენი ინოვაცია, ეს ძალიან ბევრ ქვეყანას აქვს გაკეთებული და მათი სოფლის მეურნეობა ამით არ დაქცეულა, ჩვენთან ეს დარგი ამ რეგულაციის მიღებამდეც არ ყვაოდა, ამიტომ მეეჭვება, რომ არსებული სურათი ამით იყოს განპირობებული.
ყველაზე საინტერესო უცხოელთათვის საქართველოში საფინანსო სექტორი, ტრანსპორტი და მშენებლობაა. ხოლო სოფლის მეურნეობის მიმართ ისინი მაინცდამაინც დიდ ყურადღებას არ იჩენენ, რადგან აქ ცოტა მიწა და მოძველებული ტექნოლოგიებია. ინვესტორისთვის კი ის სექტორებია საინტერესო, სადაც ნაკლებ დროში ნაკლები დანახარჯით მეტ სარგებელს ნახავს.
მიუხედავად იმისა, რომ ინვესტორებისთვის პოზიტიური სიგნალია საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს გაუმჯობესებული პოზიციები, ისეთ სპეციფიურ დარგებს, როგორიც არის სოფლის მეურნეობა, მათ მოსაზიდად დამატებითი სტიმულირება სჭირდება“, - განაცხადა ბაირახტარმა.