მცხეთელებმა პროტესტს მოუხშირეს. საქმე ეხება მორატორიუმს, რომელიც ისტორიულ ქალაქში მიწების გასხვისებასა და მშენებლობას კრძალავს. იგი თითქმის სამი წელია მოქმედებს და კიდევ ორი წელი არ დასრულდება.
მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე ქალაქ მცხეთაში გამოცხადებული მორატორიუმის ნეგატიურ მხარეზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ქალაქ მცხეთის განვითარებისა და ადგილობრივი მოსახლეობისთვის ეს ფაქტი სერიოზულ პრობლემად იქცა. დეპუტატი მიიჩნევს, რომ პრობლემა სასწრაფოდ უნდა მოგვარდეს, რადგან მოსახლეობის უკმაყოფილება პიკს აღწევს.
„ქალაქი მცხეთა იუნესკოს მიერ დაცულ ტერიტორიად არის გამოცხადებული და შესაბამისი წესები მოქმედებს. ბუნებრივია, ჩვენთვის ღირებული და უპირველესია რელიგიური სიწმინდეები, საქართველოს უძველესი დედაქალაქის ისტორია, მაგრამ ამ ქალაქში მოსახლეობა ცხოვრობს და მათ არ უნდა მოვუსპოთ განვითარების უფლება. მორატორიუმი, რომელიც ქალაქ მცხეთაში უკვე სამი წელია მოქმედებს, სავარაუდოდ, 2 წლით კიდევ გაგრძელდება. აქამდეც შესაძლებელი იყო მცხეთის გენგეგმის შემუშავება, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო ეს დღემდე ვერ ხერხდება. საბოლოოდ, ამის გამო ზარალდება ყველა და ყველაფერი. თითოეულ მცხეთელს უყვარს თავისი ქალაქი, მაგრამ ამასთანავე ყველას სურს გააგრძელოს არსებობა და ღირსეული ცხოვრება.
მცხეთაში გამოცხადებულმა მორატორიუმმა შეაჩერა ყველა მშენებლობა, მათ შორის, ნებადართული მშენებლობებიც. ზოგჯერ შეუძლებელია ელემენტარული კომუნიკაციების მოწყობაც კი. შეჩერდა ტურიზმის განვითარებაც, რადგან მოსახლეობა ვეღარ ახერხებს სასტუმრო სახლების და კვების ობიექტების გაკეთებას. ეჭქვეშ დგას საკუთრების უფლება, რაც კონსტიტუციით დაცულია. ამ პირობებში შეუძლებელია გარე ვაჭრობის რეგულირება“, - აცხადებს ხუნდაძე.
მისივე ინფორმაციით, წლების განვალობაში ქალაქში გამოცხადებულმა მორატორიუმმა სერიოზული პრობლემები შეუქმნა ადგილობრივ მოსახლეობას, რის გამოც დღითი დღე იზრდება ხალხის უკმაყოფილება.
„ჩვენი ხელისუფლების დამსახურებაა სწორედ ის, რომ მცხეთამ „იუნესკოს“ ჩამონათვალში საკუთარი ადგილი დაიბრუნა, მაგრამ ამასთანავე, აუცილებელია ხალხს მივცეთ პერსპექტიული ცხოვრების საშუალება. მცხეთას სჭირდება ქალაქის გენერალური განვითარებისა და მიწათსარგებლობის გეგმა, რომელიც დაადგენს წესებს, მაგრამ მის შემუშავებას არ უნდა სჭირდებოდეს წლები. საჭიროა დავიცვათ მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობა და ამავე დროს დავიცვათ მოქალაქეთა ინტერესებიც“, - აღნიშნა ხუნდაძემ.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2016 წლის დეკემბრამდე მცხეთის ისტორიულ ზონაში მშენებლობასა და პრივატიზებაზე გამოცხადებული მორატორიუმი მცხეთის მიწათსარგებლობის გეგმის არარსებობის გამო ამ დრომდე გრძელდება. რამდენჯერმე დაწუნებულ ქალაქის გენგეგმა მოსახლეობა მუდმივად აპროტესტებს. ამ საკითხს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე რამდენიმ ხნის წინ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას გამოეხმაურა. მისი განცხადებით, მცხეთის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე აქტიური მუშაობა მიმდინარეობს, რომელშიც „იუნესკოს“ ექსპერტებიც არიან ჩართული.
აღსანიშნავია, რომ 2015 წლის აგვისტოში, მთავრობამ „იუნესკოს“ რეკომენდაციით, მცხეთაში სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწების გასხვისებასა და იქ მშენებლობაზე მორატორიუმი გამოაცხადა. იმის გამო, რომ მცხეთის გენერალური გეგმა ვერ დამტკიცდა, 2017 წელს მთავრობამ მცხეთაში მიწების გასხვისებასა და მშენებლობებზე მორატორიუმი 2 წლით გაახანგრძლივა.