ქართული ღვინო ბოლო წლებში რუსეთში პოპულარობის ზენიტშია, მაგრამ რუსები მის შეტანას სომხებს უკვეთავენ. გამოდის, რომ ჩვენი ღვინო ჩვენივე ტერიტორიის გავლით მეორე ქვეყანაში მესამე ქვეყნის გადამზიდავებს შეაქვთ. მართალია ადგილობრივი კომპანიები თვითონ ეწევიან ექსპორტს, მაგრამ სომხური ტრანსპორტის წილიც ამ საქმეში თანდათან იზრდება. ღვინის ეროვნულ სააგენტოში კი ამბობენ, რომ წელს მთავარი ამოცანა იქნება ახალ ბაზრებზე დამკვიდრება, რათა საქართველოს მეღვინეობის ინდუსტრია ისევ მეზობელი სახელმწიფოს კეთილ ნებას არ ჩამოეკიდოს.
ტრანსპორტის საკითხებზე მომუშავე პლატფორმა „ჰაბ ჯორჯიას“ გამგეობის წევრი პაატა ცაგარეიშვილი ამბობს, რომ ქართული ღვინო რუსეთში სომეხ გადამზიდავებს გააქვთ. მათი სატრანსპორტო საშუალებები შემოდიან საქართველოში, აქ ტვირთავენ ჩვენს ღვინოს და რუსეთის მიმართულებით გააქვს. პირიქით კი, ქართულ მანქანას არ აქვს უფლება სომხეთში შევიდეს და იქ, ადგილობრივი პროდუქციით დაიტვირთოს.
„რუს და სომეხ მეწარმეებს ეს მარკეტინგული რგოლი კარგად აქვთ აწყობილი. რუსეთის გადამზიდავი ამ დაკვეთას სომეხ გადამზიდავს აძლევს, შემდეგ სომეხი გადამზიდავი ქირაობს საქართველოში მანქანას ან უფრო მეტიც, სომხეთის სატრანსპორტო საშუალება შემოდის საქართველოში, აქ იტვირთება ჩვენი ღვინით და რუსეთის მიმართულებით გააქვს.
საინტერესოა, რომ რატომღაც ქართულ მანქანას არ აქვს უფლება სომხეთში შევიდეს და იქ, ადგილობრივი პროდუქციით დაიტვირთოს. ამას იმით ხსნიან, რომ სომხეთი ევრაზიულ კავშირშია გაერთიანებული შესაბამისად, სომხეთიდან რუსეთში გადაზიდვა შიდა გადაზიდვად ითვლება და სხვა ქვეყნის გადამზიდავს ჩართვის უფლება არ აქვს“, - აღნიშნა „საქმე“-ში ცაგარეიშვილმა.
ბოლო 30 წლის მანძილზე, ქართული ღვინის ექსპორტმა სარეკორდო ნიშნულს მიაღწია. ღვინის ეროვნული სააგენტოს დაზუსტებული მონაცემებით, 2017 წელს, მსოფლიოს 53 ქვეყანაში, 76,7 მლნ ბოთლი (0,75 ლ) ღვინო გაიყიდა, რაც დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ საუკეთესო მაჩვენებელია.
შარშან ექსპორტიდან მიღებულმა შემოსავალმა თითქმის 170 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, წინა წელთან შედარებით ექსპორტი 54%-ით, ხოლო შემოსავალი 49%-ით არის გაზრდილი.
ქართული ღვინის გასაღების მთავარი ბაზარი სწორედ რუსეთია, სადაც მთელი ექსპორტის 62% ანუ 47,7 მლნ ბოთლი ღვინო გაიყიდა. შესაბამისად, ჩვენი პროდუქციის მნიშვნელოვანი წარმატება ისევ ჩრდილოეთ განედებს უკავშირდება. ამით, როგორც გამოჩნდა არა მარტო ქართველი მწარმოებლები, არამედ მეზობელი ქვეყნის გადამზიდავებიც საკმაო ხეირს ნახულობენ.
ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილი ამბობს, რომ 2018 წელს, მთავარი პრიორიტეტი ქართული ღვინის ხარისხის ზრდა და ახალ ბაზრებზე დამკვიდრება იქნება:
„რუსეთის მიმართულება უნდა შენარჩუნდეს. ეს არის უზარმაზარი ბაზარი, სადაც ქართულ ღვინოს დიდი ხანია იცნობენ და აფასებენ, მაგრამ ჩვენი მიზანია არ ვიყოთ დამოკიდებული არა მხოლოდ ერთ ბაზარზე, არამედ ერთ რეგიონზეც. მიუხედავად იმისა, რომ გაყიდვები რუსეთსა და უკრაინაში მნიშვნელოვნად არის გაზრდილი, მაინც გვინდა ქართული ღვინო რეგიონიდან ახალ ბაზრებზე გავიდეს“, - აღნიშნა სამანიშვილმა.