მერია „გარაჟების“ აღებას აპირებს და ხალხის კეთილ ნებას ელოდება

მერია „გარაჟების“ აღებას აპირებს და ხალხის კეთილ ნებას ელოდება

ავტოფარეხების დემონტაჟის იდეის გაცოცხლებამ დიდი ინტერესი გამოიწვია. თავისთავად ამ იდეაში მიუღებელი არაფერია, მაგრამ უცნაურია მისი გადაჭრის გზა, რომლსაც მერია საზოგადოებას სთავაზობს. ქალაქის მუნიციპალიტეტი არც კომპენსაციის გადახდას აპირებს და არც ექსპროპრიაციის მეთოდის გამოყენებას გეგმავს. ისინი მოსახლეობის კეთილ ნებას ელოდებიან.

„ყველა რაიონსა და უბანში არსებობს ავტოფარეხები, რომელთა ადგილზეც შესაძლებელია საინტერესო პროექტების განხორციელება. თუ მოსახლეობის სურვილი იქნება, ჩვენ მზად ვართ, მათ ადგილას გავაშენოთ სკვერები, ბაღები, სპორტული მოედნები და ყველა ხარჯს თავის თავზე აიღებს თბილისის მერია. თუ უბნებში მოსახლეობასთან სწორი კომუნიკაციით მოვახერხებთ, რომ ამ სიმახინჯეების ადგილას, რომელიც უფუნქციოა და მეტწილად არაკანონიერიც, მოეწყოს რეკრეაციული ზონები, ეს იქნება ძალიან წარმატებული პროექტი. ქალაქში გაჩნდება უფრო მეტი მწვანე სივრცე, სადაც ჩვენს შვილებს ექნებათ შესაძლებლობა, დრო გაატარონ“, - განაცხადა მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ.

„გარაჟების“ იძულებით ჩამორთმევაზე ან დათმობის შემთხვევაში კომპენსაციის გადახდაზე საუბარი არ არის. თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძე ამბობს, რომ ეს არის თანამოქალაქეებთან ერთობლივი იდეა, რომელიც ძალიან წარმატებულად განხორციელდა ბევრ ქვეყანაში და შეიძლება განხორციელდეს თბილისშიც.

„კომპენსაციაზე საუბარი არ არის, ავტოფარეხმა დაკარგა თავისი ფუნქცია. ჩვენი მოწოდებაა, რომ მოსახლეობა, გამგეობებთან ერთად, აქტიურად ჩაერთოს დაგეგმვაში. ავტოფარეხების ნებაყოფლობით დათმობის შემთხვევაში, მუნიციპალიტეტები უზრუნველყოფენ ამ ტერიტორიების მოწყობას და მოწესრიგებას. არც კომპენსაციაზე, არც იძულებით ჩამორთმევაზე საუბარი არ არის. თუ ერთმა დათმო ავტოფარეხი და მეორემ არა, ასე არაფერი გამოვა“, - განმარტა მერის მოადგილემ.

მერის განცხადებას გამოეხმაურა თბილისის საკრებულოს ფრაქციის „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილე ვახტანგ შაქარიშვილიც. მისი აზრით, ავტოფარეხების უსახური ნაგებობები წარსულს უნდა ჩაბარდეს.

„მივესალმები თბილისის მერის ინიციატივას ავტოფარეხების ნებაყოფლობით დემონტაჟთან დაკავშირებით. საბურთალოზე, ჩვენს რაიონში უკვე გვაქვს მონიშნული ადგილები, სადაც ავტოფარეხების ნაცვლად შესაძლებელია სკვერების, სპორტული მოედნების თუ სხვა ტიპის საზოგადოებრივი სივრცეების მოწყობა. ავტოფარეხებს წლების განმავლობაში ჰქონდათ დაკავებული სივრცე, რომელიც ჩვენ შვილებს, ხანდაზმულ ადამიანებს და ყველა მცხოვრებს ეკუთვნის. უსახური ნაგებობები წარსულს უნდა ჩაბარდეს“, - განაცხადა შაქარაშვილმა.

კალაძის ინიციატივას სკეპტიკოსებიც გამოუჩნდნენ. დედაქალაქის მერობის ყოფილი კანდიდატს, ალეკო ელისაშვილ იდეა მოსწონს, მაგრამ მის განხორციელებაში ეჭვი ეპარება.

„თავისთავად იდეა კარგია, მაგრამ არ მგონია იგი განხორციელდეს. ხალხს ამაში ფული აქვს გადახდილი და დარეგისტრირებული აქვთ. ნებაყოფლობით დათმობა ნაკლებ სავარაუდოდ მიმაჩნია. კალაძე მიედ-მოედება რაღაცებს და სერიოზულს არაფერს აკეთებს. ცდილობს დაგვანახოს, ვითომ რაღაცას აკეთებს და სინამდვილეში არაფერი. ქაოსური მშენებლობის, გამწვანების, ტრანსპორტის პრობლემები არ მოგვარებულა. ერთი „სითი პარკი“ გაუშვა და იმის იქით არაფერი გაკეთებულა“, – განაცხადა ელისაშვილმა.

მოსახლეობის მხრიდან კეთილი ნების გამოვლენისა არ სჯერა პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძეს. ხალხის მხრიდან დათმობა ცოტა ძნელი წარმოსადგენია და სოციალური პროცესის დათმობაზე აგება არ არის პერსპექტიული. ამიტომ ინიციატივა მისასალმებელია, თუმცა მექანიზმები უნდა იყოს მრავალფეროვანი და მხოლოდ მეპატრონეების დათმობაზე არ უნდა იყოს აგებული.

„მაიმუნები რომ მაიმუნები არიან, ისინი არ თმობენ. დაკვირვება იყო ასეთი, მაიმუნების ლიდერს ფიცარი ედო გვერდით - არაფერში იყენებდა, მაგრამ როგორც კი ამ ფიცარს ვინმე მიეკარებოდა, ეჩხუბებოდა. ასე რომ, დათმობა ცოტა ისეთი თემაა - ერთმა შეიძლება დათმოს და მეორემ - არა. სოციალური პროცესის დათმობაზე აგება არ არის პერსპექტიული.

სხვა ქვეყნებში სახელმწიფო შეისყიდის ხოლმე იმ ტერიტორიას, რომელზეც სხვა რამე უნდა გააკეთოს და მერე განაგებს იმ ტერიტორიას. მიმართულება უდავოდ მისასალმებელია, მექანიზმები თუ მრავალფეროვანი გახდება და არ იქნება მხოლოდ მეპატრონეებზე, ალბათ, აჯობებს“, - განაცხადა საყვარელიძემ.