თამბაქოს კონტრაბანდას კომპანიებმაც მიჰყვეს ხელი?!

თამბაქოს კონტრაბანდას კომპანიებმაც მიჰყვეს ხელი?!

საქართველოში კონტრაბანდული სიგარეტი არა მარტო კერძო პირებს შემოაქვთ, არამედ კომპანიებს. „თამბაქოს კონტროლის ალიანსში“ ამტკიცებენ, რომ ასეთი შემთხვევები მათთვის ცნობილია. ამიტომაცაა, რომ ქვეყანაში ლეგალურად შემოტანილი თამბაქოს წილი და მოხმარება მცირდება. კონტრაბანდული სიგარეტმა ბაზარზე მნიშვნელოვანი ადგილი დაიჭირა.

ფინანსთა სამინისტროს ცნობით, საქართველოში თამბაქოს მოხმარება შემცირდა. ბიუჯეტის გადამუშავებულ პროექტში კონკრეტული მონაცემებია მოყვანილი, რომელშიც სამინისტრო 2017 წელს სიგარეტის აქციზიდან საპროგნოზო შემოსავლების კლების მიზეზებს განმარტავს. კერძოდ, 2017 წლის იანვარ-აგვისტოში რეალიზებულია 4,9 მილიარდი ღერი სიგარეტი. თამბაქოს მოხმარება მიმდინარე წელს (8 თვის მონაცემებით) შემცირებულია 900 მილიონი ღერით, ანუ მოხმარება 15.5%-ით შემცირდა.

ამ საკითხს საერთოდ სხვაგვარად უყურებენ სპეციალისტები. მათი აზრით, შარშან თამბაქოს იმპორტის კლება კონტრაბანდული საქონელის გააქტიურებამ და ქვეყანის სხვადასხვა ქსელში მიმოქცევამ გამოიწვია. „თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ ხელმძღვანელი გიორგი ბახტურიძ ამბობს: „მე მაქვს სანდო წყაროებიდან მოპოვებული ინფორმაცია, კერძოდ კი თურქეთიდან, რომ ერთ-ერთი საერთაშორისო კომპანია, რომელსაც ფილიალი აქვს საქართველოშიც, უკრაინიდან შემოტანილი თამბაქო კონტრაბანდული გზით გადაჰქონდა თურქეთში, თუმცა მეზობელმა ქვეყანამ საქონელი არ მიიღო. შედეგად, ამ საქონლის რეალიზება ვერ მოხდა. კომპანიამაც აღარ იყიდა აქციზი და საქართველოში უაქციზოდ გაიყიდა საქონელი. ერთი მხრივ, ბიუჯეტმა ვერ მიიღო შემოსავალი, მეორე მხრივ კი - ნაწარმი დაილექა და აქციზის ყიდვა აღარ დასჭირდა კომპანიას“, - განაცხადა „კომერსანტს“ ბახტურიძემ.

თამბაქოს კონტრაბანდის მასშტაბების ზრდაზე ოფიციალური სტატისტიკაც მეტყველებს. იგი ბოლო 3 წელიწადში 20-ჯერ არის გაზრდილი, ხოლო არალეგალური ალკოჰოლური სასმელის რაოდენობა გაექვსმაგებულია. სავარაუდოდ, 2-3-ჯერ მეტი ფაქტი აღმოუჩენელია.

შემოსავლების სამსახურის მონაცემით, 2014 წელს საქართველოში 243 ათასი ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს, 2017 წლისთვის ეს მაჩვენებელი 4,5 მლნ-მდე გაიზარდა.

ექსპერტები თავიდანვე ვარაუდობდნენ, რომ აქციზის მატება ბაზარზე კონტრაბანდული საქონლის წილს გაზრდიდა. ეკონომიკური კვლევის ინსტიტუტის დირექტორი ლაშა გოცირიძე აღნიშნავს, რომ 2017 წელს ქვეყანაში თამბაქოს კონტრაბანდით ბიზნესიც დაზარალდა და სახელმწიფო ბიუჯეტიც, მას მაგალითად სომხეთი მოჰყავს და ამბობს, რომ იქ საქართველოსთან შედარებით თამბაქოს ფასსა და აქციზის გადასახადს შორის სხვაობა თითქმის 1.10 ლარია.

„მეზობელ ქვეყნებში თამბაქოს აქციზზე გადასახადის განაკვეთები არის ბევრად უფრო დაბალი, ვიდრე საქართველოში. შესაბამისად, ფასთა შორის სხვაობაც დიდია. ზუსტი ოდენობა კონტრაბანდის მასშტაბისა უცნობია, რადგან ძალიან ბევრი ფაქტი გამოუვლენელია. მხოლოდ გამოვლენილი ფაქტებით თუ ვიმსჯელებთ, ბიუჯეტს სიგარეტის კონტრაბანდის შედეგად რამდენიმე ათეული მილიონი ლარი დააკლდა. ამდენად, კონტრაბანდით, ერთი მხრივ, ბიზნესი დაზარალდა, ხოლო მეორე მხრივ, ბიუჯეტი, რადგან დაგეგმილი შემოსავლის მიღება გართულდა“, - ამბობს გოცირიძე.