თუ უცხო ქვეყნის მოქალაქეები მიწებს არ დაამუშავებენ, შეიძლება, მათ მოცდენილი ფართობები ჩამოართვან. პარლამენტი შეუვალია მიწის უცხოლებზე გაყიდვასთან დაკავშირებითაც, თუმცა პოზიციას იცვლის ბანკებთან მიმართებაში. სავარაუდოდ, მორატორიუმის იმ ნაწილში, რომელიც საკრედიტო დაწესებულებებს ეხება, ცვლილება შევა.
აგრარული კომიტეტის თავმჯდომარემ, ოთარ დანელიამ „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შესახებ“ ორგანული კანონის პროექტთან დაკავშირებით გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ თუკი უცხო ქვეყნის მოქალაქე ფიზიკური პირები არ აითვისებენ მათ საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებს, მათ დაავალდებულებენ, რომ იგი გაასხვისონ.
ოთარ დანელიას განმარტებით, კანონპროექტი შემუშავების პროცესშია და არ არის გამორიცხული, მის საბოლოო ვერსიაში ჩაიწეროს უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის იმ სავარგულების ჩამორთმევის საკითხი, რომლებიც მიზანმიმართულად ან საერთოდ არ მუშავდება.
„საუბარია 45-50 ათასი ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებზე, რომლებიც გახლავთ უცხო ქვეყნის მოქალაქე ფიზიკური პირების მფლობელობაში და ჩვენ მათ დავავალდებულებთ, რომ ათვისებულ იქნას ეს მასივები და დამუშავდეს სასოფლო-სამეურნეო მიმართულებით, ანუ მიზნობრივი ათვისება მოხდეს, რომელთა დიდი ნაწილიც დღეს მოცდენილია“, - განაცხადა დანელიამ.
დანელიამ ისიც დაადასტურა, რომ 2017 წელს სასოფლო-სამეურნეო მიწების უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის მიყიდვასთან დაკავშირებით გამოცხადებული მორატორიუმის პირობებში საბანკო სექტორთან მიმართებაში გარკვეული პრობლემები შეიქმნა. საფინანსო ინსტიტუტებმა სოფლის მეურნეობის სექტორის დაკრედიტება შეაჩერეს. აგრარულ საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელმა ბანკების ასოციაციასთან, საქართველოს ბიზნეს ასოციაციასთან და ბიზნესომბუდსმენთან სამუშაო შეხვედრაზე კონკრეტული ციფრებიც დაასახელა და თქვა, რომ მორატორიუმის შედეგად დაახლოებით 200 მილიონ ლარამდე სესხი შეფერხდა.
ბანკების მხრიდან ამ საკითხის აქტიურად დაყენების შემდეგ აგრარულმა კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტლება, რომ ინიცირებული ორგანული კანონის პარალელურად ცვლილებები მოქმედ მორატორიუმშიც შევა. ოთარ დანელიამ აღნიშნა, რომ საფინანსო სექტორი მიწის რეალიზებას მოახდენს, მაგრამ არავითარ შემთხვევაში მათ ქონების დასაკუთრების შესაძლებლობა არ ექნებათ.
„მოქმედ მორატორიუმში გვინდა გავაკეთოთ ცვლილება, რომელიც ხელ-ფეხს გაუხსნის აგრო-სასურსათო მიმართულების დაფინანსებას. გვინდა ეს პრობლემა მოგვარდეს და ფერმერებისთვის ფინანსური რესურსი გახდეს ხელმისაწვდომი“, - განაცხადა დანელიამ.
მოლაპარაკების ეს პირობა დაადასტურა ბანკების ასოციაციამაც. „მივიღეთ დაპირება, რომ ორი კვირის ვადაში ეს პრობლემა მოხსნილი იქნება ნებისმიერი საკრედიტო დაწესებულებისთვის“, - განაცხადა ასოციაციის პრეზიდენტმა ზურაბ გვასალიმ.
თუმცა, როგორც ჩანს, კომერციულ ბანკებს ეს მიდგომა არ აკმაყოფილებთ. „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავჯდომარე ბადრი ჯაფარიძე ამბობს. რომ უცხოური კაპიტალით ფორმირებულ პირებს მინიმუმ 3 წლით უნდა ჰქონდეთ სასოფლო–სამეურნეო მიწის ფლობის უფლება, სხვა შემთხვევაში ბანკები მიწას სესხის აღების მსურველი ფერმერისგან გირაოში ვერ აიღებს,
„თუ ბანკს ფლობის უფლება არ ექნება ამ სამეურნეო მიწის ან ის შეფასდება ძალიან დაბალ ფასად ან უბრალოდ, ვერ დაიგირავებს. აქედან გამომდინარე, თუ ბანკებზე ასეთი გამონაკლისი არ გავრცელდება დაარტყამს ფერმერებს და ძალიან დიდ უარყოფით ზეგავლენას იქონიებს აგროპროექტების დაფინანსებაზე, ეს უნდა ესმოდეს ყველას.
ბანკს არ ჭირდება სასოფლო–სამეურნეო მიწის ფლობა, ბანკს სჭირდება გარკვეული დრო, იმ შემთხვევაში თუ კი ვერ მოხდა სესხის დაფარვა, რომ ჰქონდეს გარკვეული დრო ამ მიწის რეალიზაციისათვის, რომელიც შესაძლოა, დარჩეს ბანკში სესხის დაუფარაობის გამო“, – აცხადებს ჯაფარიძე.
საბანკო სექტორის წარმომადგენლები ვარაუდობენ, რომ გამონაკლისის არარსებობის შემთხვევაში ყველაზე მეტად ფერმერები დაზარალდებიან.