ის, ტოტალიზატორი და დანარჩენები...

ის, ტოტალიზატორი და დანარჩენები...

[ლევან სეფისკვერაძე]
მამუკა ერთი შარიანი და უჟმური თბილისელი კაცია. ისეთი უჟმური, რომ დილით სამსახურში მიმავალი “ოჯახის მუჭუჭები” თუკი სადარბაზოსთან, კედელზე მიყრდნობილ მამუკას ხედავენ, გზის მეორე მხარეზე გადადიან. ვის უნდა ნაბახუსევი მამუკას სიფათის დანახვა, როდესაც არის დიდი შანსი, რომ იღლიაში პაპკაამოჩრილ “მუჭუჭს” მიეჭრას და დაბღვერით უთხრას:

“როცა დილით შენ მხვდები, იმ დღეს ტოტალიზატორში “პასტაიანად” ვაგებ და “დავაი” ჯარიმა გადაიხადეო!” ეს “ჯარიმა” 2-5, შესაძლებელია 10 ლარიც იყოს. უმეტესობას, მამუკასათვის 2 ლარის მიცემა ურჩევნია ზედმეტი პრობლემების შექმნას. ხვნეშით და გულში გინებით იყოფენ ჯიბეში ხელს, ხსნიან საფულეებს, აძლევენ ფულს და ფეხაჩქარებით შორდებიან დაბღვერილ მოძალადეს. ფულის მიცემაზე უარის მთქმელებს მამუკა “კაზიოლებს” ეძახის და სულ ემუქრება, მაგრამ მისი ნაცემი კაცი ჯერჯერობით არავინ უნახავს.

მუქარა კი, იცოცხლეთ, მაგრად გამოსდის. “თქვენა, თქვენ უნდა მოგხედოთ ერთხელ თქვე “კაზიოლებო”! ისეთ გიზამთ, რომ კბილებს ასფალტზე ეძებდეთ!” ანდა, “პივა ამათ არ უყვართ, ფეხბურთს ესენი არ უყურებენ… მაშ არ უნდა დაფლა ეგეთი ხალხი?! მაიცათ ცოტა ხანი, გიტირებთ ყოფას!”... კბილებში გამოსცრის ხოლმე მამუკა და მერე ისევ თავის საყვარელ სადარბაზოს კედელს უბრუნდება. ისევ ძველ პოზაში ფეხშეკეცილი მიეყრდნობა კედელს და ახალი “მსხვერპლის” გამოჩენას ელის. ქალებს, ან ქალთან ერთად მიმავალ ჯეელებს არასოდეს აჩერებს. არაერთხელ უთქვამს: “ქალების “გაწეწვა” არათბილისურია ძმაო! ჩემი ცოლი რომ ვინმემ გაწეწოს, ხომ ავხევ ლაჯზე ტო...”

შუადღის 4-5 საათისთვის, თუკი მამუკას კარგი და შემოსავლიანი დღე ექნება, და რამდენიმე 10 ლარი მაინც “გაჭრა”, ფულს საგულდაგულოდ რამდენჯერმე დაითვლის, რადგან ბოლომდე არ სჯერა მათემატიკის ცოდნის იმ ხარისხისა, რაც 30-იოდე წლის წინ საშუალო სკოლაში შეიძინა. შემდეგ, შედის უახლოეს ტოტალიზატორში, ნაცნობ “მაზავიკებს” იმდღევანდელი საფეხბურთო მატჩების პროგნოზირებად შედეგებს გამოჰკითხავს, გააკეთებს 2-3 ბილეთს. შემდეგ, რაკი თავად ვალი აქვს, უახლოეს მარკეტში უბნელ ბავშვებს აგზავნის და მორჩენილი ფულით აყიდინებს პურს, სიგარეტს, ლუდს, ძეხვს, რამდენიმე კვერცხს და სანოვაგით “დატვირთული” აუყვება თვისი ბინის ხის ძველ და მინჯღრეულ კიბეებს. სახლში ცოლი და აუტიზმით დაავადებული 25 წლის ქალიშვილი ჰყავს. მისი შვილი სახლიდან თითქმის 10 წლია არ გასულა. და რომ გავიდეს, რა უნდა გააკეთოს?

ერთთავად ზის, გადასაფარებელგადაქერცლილ სავარძელში და ჭერს მისჩერებია. ცოლი კი, მამუკასავით ყველაფერზე დაბოღმილი, ყველაფრისგან დაღლილი და ანჩხლი ქალია, რომელსაც მამუკას “რეკეტიორობა” თავიდან არ მოსწონდა და სულ ამაზე ჰქონდა ჩხუბი, მათხოვრობას გირჩევნია, სადმე იმუშავოო, მაგრამ, ბოლოს ქალიც მიხვდა, რომ მამუკას ყველაზე კარგად, სწორედ სადარბაზოსთან ფეხმიყრდნობით დგომა და “ოჯახის მუჭუჭების” დატერორება გამოსდიოდა და თავი დაანება.

სახლში მისვლის შემდეგ, მამუკა ძველ და ცოლისათვის უკვე კარგად ნაცნობ პროცედურას იწყებს. რთავს ტელევიზორს, ტელევიზორს უკან უერთებს მეზობლისაგან ჩუმად გამოყვანილ საკაბელო ტელევიზიის შნურს, იატაკზე ამოტრიალებულად დებს ტოტალიზატორის ბილეთს და მარცენა ფეხს ზედ ისე ადგამს, ფეხმა ბილეთი მთლიანად რომ დაფაროს. მარტო მამუკამ კი არა, მთელმა მისმა უბანმა იცის, 2 წლის წინ, ტოტალიზატორში მამუკამ 10 ლარით როგორ მოიგო 3 ათასი ლარი. იმ დღეს, მამუკას ბილეთი შემთხვევით დაუვარდა და ზედ ფეხიც შემთხვევით დაედგა. და რაკი მაშინ მოიგო, რატომ არ შეიძლება, რომ ასეთი რამ დღესაც მოხდეს? ცოლი მამუკას ცრურწმენით პროცედურას ირონიით უყურებს და გულში დასცინის კიდეც ხოლმე, მაგრამ ხმამაღლა არაფერს ამბობს.

როგორც იქნა, თამაშების დაწყების დროც დადგა. ამ დროს, მამუკას ცოლი და შვილი, მეორე ოთახის კარს მჭიდროდ კეტავენ, რადგან საფეხბურთო მატჩების მიმდინარეობისას, მათი ოჯახის უფროსის ბაგეს უმეტესად მხოლოდ ისეთი სიტყვები სწყდება, სადაც ასოები: “ტ” და “ყ” ყველაზე მეტად მოიხმარება. თქვენს მსგავსად, ამ დროს, მეც მინდა, რომ მამუკამ მართლა მოიგოს ფული და რამდენიმე კვირით მაინც დაისვენოს, დაასვენოს ნახვერად მშიერი ცოლ-შვილიცა და დილით სამსახურში მიმავალი ადამიანებიც.

მაგრამ, ჩვენს სურვილზე სამწუხაროდ არაფერია დამოკიდებული და მამუკა იმ დღესაც წაგებისათვის და ძილში საშინელი სიზმრებისთვის არის განწირული. მეორე დღეს კი, ყველაფერი თავიდან იწყება. ისევ სადარბაზო, ისევ ქუჩა და ისევ საფულეებიდან ფულის ზანტად და გულში გინებით ამომღები ადამიანები... ვინ იცის, იქნებ იმ საღამოს მაინც გაუმართლოს...