„სასტარტო კაპიტალის“ პროექტთან დაკავშირებით საბანკო სექტორი საკუთარ წინადადებებს მაისის დასაწყისში წარადგენს. როგორც ჩანს, ბანკირებს უნდათ ახალი სამთავრობო ინიციატივის მიღმა არ დარჩნენ. სპეციალისტები კი საფინანსო სექტორის აქტიურობას ეჭვის თვალით უყურებს.
„თიბისი ბანკის“ ფინანსური დირექტორის გიორგი შაგიძის შეფასებით, ფინანსთა მინისტრის ინიციატივები სტარტაპებთან დაკავშირებით ჯანსაღი და კონსტრუქციულია.
„თუ იქნება სტარტაპის ფონდი, რა თქმა უნდა, ბანკები მზად იქნებიან გასცენ დამატებითი სესხსები და იქ ჩადებული 100, თუ 200 მილიონი, საბოლოო ჯამში შესაძლოა 400 მილიონი გახდეს. ჩვენ პროექტს მხარს ვუჭერთ, თუმცა მეორე თემაა, როგორ მოხდება პროექტის განხორციელებას. ამას, ალბათ, მალე ყველანი ვნახავთ“, - განაცხადა შაგიძემ და დასძინა, რომ საბანკო სექტორი ამ მიმართულებით უკვე მუშაობს.
„საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორი კახა კიკნაველიძეც ამბობს, რომ ბანკი მზად არის სასტარტო კაპიტალის რეფორმას შეუერთდეს. ფინანსთა მინისტრ მამუკა ბახტაძისა და საბანკო სექტორის წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ ბევრ პრობლემაზე შეაჩერეს ყურადღება და მათ შორის საუბარი მოსახლეობის ჭარბვალიანობაზეც იყო.
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან და ეროვნულ ბანკთან აღნიშნულ თემაზე კონსულტაციები უკვე მიმდინარეობს და ჩვენ შევიმუშავებთ კონკრეტულ გეგმას, რომელიც მომხმარებლების კრედიტების პრობლემების გადაჭრას შეუწყობს ხელს“, – განაცხადა კიკნაველიძემ.
ფინანსისტები კი დარწმუნებულნი არიან, რომ სათანადო რეგულაციების გარეშე არაფერი გამოვა. ეს განვლილმა წლებმაც დაადასტურა. ბანკები არ ცდილობენ ქვეყნისა და მოსახლეობის სასიკეთო გადაწყვეტილებები მიიღონ. შესაბამისად, საჭიროა ინსტიტუციურად გამართული მექანიზმები, თუ როგორ უნდა მოექცეს საბანკო სექტორი ისეთ რეგულაციებში, რომელიც უზრუნველყოფს ეკონომიკისთვის უფრო მეტი სარგებლის მოტანას.
ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ანალიტიკოსი ანდრია გვიდიანი ამბობს, რომ დღეს საბანკო სექტორი ეკონომიკის დაკრედიტების ნაცვლად დაკავებულია სამომხმარებლო და იპოთეკური სესხების გაცემით, რაც ეკონომიკის ზრდას ხელს უშლის.
„საბანკო სექტორის კონტრიბუცია ეკონომიკის დაკრედიტებაში არის ძალიან მცირე. სწორედ ეს გახდა იმ მწვავე დისკუსიის საგანი, რომელიც გახსნა ფინანსთა მინისტრმა. ნებისმიერი სიტუაცია უნდა იყოს არაჯანსაღი პროცესის გამოსწორებისკენ მიმართული. ახალი რეგულაციები, რომელიც იქნება შემოღებული, უნდა ემსახურებოდეს იმას, რომ კომერციულმა ბანკებმა ურისკო იპოთეკური სესხების ნაცვლად დააკრედიტონ კომერციული ორგანიზაციები, იურიდიული პირები, რომლებიც თავის მხრივ ქმნიან ეკონომიკას“, - აღნიშნა ანდრია გვიდიანმა, რომლის აზრითაც, დღეს ბიზნეს სესხების მოზიდვის თვალსაზრისით, საბანკო სექტორის გარდა, სხვა ალტერნატივა არ არსებობს და სწორედ ეს არის ეკონომიკის განვითარებისთვის პრობლემა.