ყველის ფალსიფიცირების არნახული მასშტაბები

ყველის ფალსიფიცირების არნახული მასშტაბები

ბოლო დროს საგანგაშო ტემპით იზრდება ყველის ფალსიფიცირების მასშტაბები. ყოველი კვლევა ადასტურებს, რომ ამ მხრივ ვითარება არათუ უმჯობესდება, არამედ უარესდება.

კომპანია „შირაქის“ დამფუძნებელი ნიკოლოზ ბენიაძე ამბობს, რომ დიდი პრობლემაა რძის პროდუქტების მიმართულებით, ბაზარი უკონტროლოა და ფალსიფიცირების მასშტაბები ძალიან დიდია. მისი ინფორმაციით, ყველის შემოწმებული 9 ნიმუშიდან 7 იყო ფალსიფიცირებული.

დაგეგმილ რეგულაციებთან დაკავშირებით, რომლებიც 2020 წლიდან უნდა ამოქმედდეს, სახელმწიფოს მხრიდან კომუნიკაცია არ არსებობს, რაც უამრავ კითხვას აჩენს.

„მოგეხსენებათ, 2020 წლიდან კანონი აღარ გაითვალისწინებს, რომ სახლში გადამუშავდეს რძის პროდუქტი. სახელმწიფოსთან აღნიშნულზე კომუნიკაცია არ გვქონია - შევძლებთ თუ არა ამ რძის გადამუშავებას? რა დღეში ჩავარდებიან ის ფერმერები, რომლებიც კეთილსინდისიერები არიან და არა ფალსიფიკატორები? იმ ადამიანებს ხომ რომ არ შეექმნებათ პრობლემები? მეწარმეები ვშიშობთ, ამ კანონის ამოქმედების თარიღმა არ გადაიწიოს, რაც დარგზე ძალიან ცუდად აისახება. ამან შეიძლება დარგის სერიოზული ჩავარდნა გამოიწვიოს“, - განაცხადა ბენიაძემ.

რძის პროდუქტების ფალსიფიკაციაზე მუდმივად მიდის საუბარი. ბოლო დროს განსაკუთრებით დიდი პრობლემაა ყველის შემადგენლობა. ყოველი კვლევის შედეგი სავალალოა. რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაცია „საქრძემ“ ყველის ბაზრის კვლევის შედეგები იანვარში წარმოადგინა.

MIC-TNS-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, ბაზრებში, ე.წ. უბნის მაღაზიებში, სუპერმარკეტებსა და ჰიპერმარკეტებში წარმოდგენილი ყველის 15 ნიმუშიდან 12 ბაქტერიებით დაბინძრებული, 8 შემთხვევაში კი პროდუქტი, ნატურალურის ნაცვლად, მცენარეული ცხიმით გაჯერებული აღმოჩნდა. ასოციაცია „საქრძის“ აღმასრულებელმა დირექტორმა კახაბერ კონიაშვილმა კვლევის შედეგებს სავალალო უწოდა.

მიკრობიოლოგი ირმა ანთია კი იმაზე ლაპარაკობს, რაც ასეთი ყველის მოხმარებამ შეიძლება გამოიწვიოს:

„ენტერობაქტერიის შედეგად შეიძლება განვითარდეს დიარეა, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს ორგანიზმის გაუწყლოვანება. რაც შეეხება ოქროსფერ სტაფილოკოკს, მან შესაძლოა მენინგიტი გამოიწვიოს და გულის მიოკარდიტი განვითარდეს. ასევე პირის ღრუში სხვადასხვა ანთებითი პროცესები, რომლებიც ძალიან რთულად სამკურნალო გახდეს ადამიანისთვის“, - აცხადებს ანთია.

სურსათის ექსპერტებიც ადასტურებენ, რომ ყველის ბაზარზე ფალსიფიკაციის მასშტაბები შთამბეჭდავია. პროფესორი ეთერ სარჯველაძის თქმით, ბაზარზე არსებობენ კლასიკური ფალსიფიკატორები, რომლებმაც კარგად იციან რისგან დაამზადონ, რა დაუმატონ, რა გააკეთონ, რომ პროდუქტი ყველს დაამსგავსონ.

„ამიტომ, თუ დარწმუნებული არ ხართ ვისგან ყიდულობთ, სჯობს სულ არ იყიდოთ. მომხმარებელს ყოველთვის ვურჩევ ყველი და სურსათი ისეთ ობიექტებში შეიძინოს, რომელიც სახელმწიფოსგან შემოწმებულია, ვთქვათ, მაღაზიებში. აუცილებლად უნდა მოითხოვოთ სერტიფიკატი ან ეტიკეტირება, რომელიც მყიდველს საშუალებას აძლევს გაარკვიოს, ვისი წარმოების ყველია და რისგან არის დამზადებული“, - ამბობს სარჯველაძე.

ექსპერტის თქმით, განსაკუთრებით ძნელია სოიოსგან და რძის ფხვნილისგან დამზადებული ყველის გარჩევა.

„ფალსიფიკატორები ისე არიან გაწაფული, რომ ათასგვარ ხერხს იყენებენ. ამის გამო, ნამდვილი და ფალსიფიცირებული ყველის გარჩევა შეიძლება კარგ სპეციალისტსაც გაუჭირდეს. ქუჩაში ნაყიდი ყველის მთავარი საფრთხე ისაა, რომ არაჰიგიენურ პირობებში იმყოფება. რძის შრატში მიკრობები ყველაზე სწრაფად და ადვილად ვითარდება, ამიტომ, ქუჩაში ყველი არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეიძინოთ“, - აღნიშნა სარჯველაძემ.