2017 წელს სათამაშო ბიზნესმა ბიუჯეტში 332 მილიონი ლარი გადაიხადა, ეს იმ ფონზე, როდესაც ამ ინდუსტრიის ბრუნვამ შარშან 5,650 მილიარდი ლარი შეადგინა. ამ ციფრებიდან ჩანს, რომ აზარტული თამაშები ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი ბიზნესია და ამავე დროს მეტად სახიფათო.
შემოსავლების სამსახურის მონაცემებით, 2017 წელს აზარტული და მომგებიანი თამაშობების ნებართვის მქონე ოპერატორებმა გადასახადების სახით ბიუჯეტში 154, 5 მილიონი ლარი გადაიხადეს, მოსაკრებელის სახით - 119,5 მილიონი ლარი, შესაბამისი ადგილების მოწყობის მოსაკრებლებისგან კი ბიუჯეტში ბიზნესმა 58 მილიონი ლარი გადაიხადა. ჯამში, გასულ წელს სათამაშო ბიზნესიდან ქვეყნის მთავარ ხაზინაში 332 მილიონი ლარი შევიდა, ანუ მთლიანი ბრუნვის 5,8%.
როგორც ცნობილია, სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის ოდენობა დადგენილია საქართველოს კანონით. სანებართვო მოსაკრებელის მოცულობა ასე გამოიყურება: სათამაშო აპარატზე 50 000 ლარიდან 1 000 000 ლარამდე; სამორინეს მაგიდაზე მოსაკრებელი 5 000 000 ლარამდეა; აზარტული კლუბის მაგიდაზე 10 000 ლარიდან 50 000 ლარამდე;
ტოტალიზატორზე - 30 000-დან 300 000 ლარამდე.
რაც შეეხება სისტემურ-ელექტრონული ფორმის თამაშობაზე მოსაკრებელს, მისი მოცულობა 250 000-დან 300 000 ლარამდეა.
ანალიტიკოსი მერაბ ჯანიაშვილი აზარტული თამაშების ბიზნესს ფულის გათეთრების მარტივ საშუალებას უწოდებს და საუბრობს რისკზე, რომელიც შეიძლება ამ ბიზნესმა როგორც საზოგადოებას, ასევე ქვეყნის ეკონომიკას მოუტანოს:
„აქ უფრო მარტივია ფულის გათეთრება და ეს შესაბამისმა ორგანოებმა უნდა გააკონტროლონ, მაგალითად, ფინანსურმა პოლიციამ და ეროვნულმა ბანკმა. რაც შეეხება მოგებისა და ბრუნვის ზრდის ტემპს, ეს საერთოდ კატასტროფაა. ჩვენი მასშტაბის მქონე ეკონომიკისთვის 5 მილიარდზე მეტი ბრუნვა აზარტული თამაშების ინდუსტრიაში ძალიან ცუდია. ვფიქრობ, ამ საკითხზე უნდა დაფიქრდეს როგორც საზოგადოება, ასევე ხელისუფლება, რადგან ამდენი ხნის განმავლობში ცვლილებებს ვერ ვხედავთ.
ამ ხნის მანძილზე არც კანონმდებლობა შეცვლილა მიუხედავად ძალიან ბევრი დაპირებისა, საგადასახადო ტვირთიც კი არ გაზრდილა, როდესაც ყველა განვითარებულ ქვეყანაში კაზინოები საკმაოდ მაღალი გადასახადით იბეგრებიან.
აქ არის პოლიტიკური ნების საკითხი. ამ სფეროს საკმაოდ სერიზული მფარველები ჰყავს და ამიტომ ფერხდება კანონის მიღება. საზოგადოება უფრო აქტიური თუ არ იქნება, ხელისუფლებაზე ზეწოლა თუ არ გაიზარდა, მაშინ ეს მდგომარეობა კიდევ დიდხანს არ შეიცვლება“, - აღნიშნა მერაბ ჯანიაშვილმა.
სათამაშო ბიზნესის ბრუნვის მაჩვენებელს კატასტროფულს უწოდებს ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტი ზურაბ კუკულაძე. როგორც მან „ბიზნესპრესნიუსს“ განუცხადა, საზოგადოება და ხელისუფლება უნდა დაფიქრდეს, ღირს კი ამ ბიზნესის განვითარება იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში უკიდურესად მძიმე სოციალური ფონია.
„რეალურად ჩვენ გვაქვს ისეთი სიტუაცია, რომ საქართველოს მოსახლეობა გართობაში გაცილებით მეტს ხარჯავს, ვიდრე სხვა რამეში, თუნდაც ეკონომიკის რეალური სექტორის განვითარებაზე, ხელშეწყობაზე. აზარტული თამაშების სექტორის 5,6-მილიარდიანი ბრუნვა არის კატასტროფულად მაღალი მაჩვენებელი. გამოდის, რომ მოსახლეობა გართობაში 5,6 მილიარდ ლარს ხარჯავს. არადა, ეს არის ბიზნესი, რომელიც არ ავითარებს მომიჯნავე სექტორებს. მაგალითად, სამშენებლო სექტორის შემთხვევაში ასეთი მოცულობის ბრუნვა მომიჯნავე ბიზნესების განვითარებას გამოიწვევდა. ამასთან, სათამაშო ბიზნესის განვითარებას რეალურად, ეკონომიკური ეფექტი არ აქვს.
რაც შეეხება ბიუჯეტში მათ მიერ გადახადილ თანხას, ისიც ძალიან მცირეა. არადა, საქართველოში ჩვეულებრივი დაბეგვრის რეჟიმში მყოფი კომპანიები იხდიან 33%-ს, დაახლოებით 5-6-ჯერ ნაკლებს იხდის სათამაშო ბიზნესი, რაც სრული ნონსენსია“, - განაცხადა კუკულაძემ.