არაქართულენოვანი აბრების გამო ჯერ არც ერთი მეწარმე არ დაჯარიმებულა. თითქოს ამ მხრივ კონტროლი პირველი აპრილიდან უნდა გამკაცრებულიყო, თუმცა, როგორც ირკვევა, ჯარიმები ამ დრომდე არ ამოქმედებულა. ცვლილება არ შესულა არც კანონმდებლობაში. მთავრობის მიერ დაგეგმილი ცვლილებების შეტანამდე, თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახური სარეკლამო აბრებზე ქართული წარწერების უქონლობის გამო კომპანიებს არ აჯარიმებს.
„დღეის მდგომარეობით, ახალი კანონის ძალაში შესვლამდე, სამსახური ყოვედღიურ რეჟიმში აფრთხილებს სუბიექტებს, მოაწესრიგონ და კანონთან შესაბამისობაში მოიყვანონ თავიანთ ობიექტებზე არსებული სარეკლამო აბრები. ბევრმა კომპანიამ ამ კუთხით ზედამხედველობის საქალაქო სამსახურთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა და მომართვის შემთხვევაში, თითოეული საკითხის ინდივიდუალურად შესწავლა ხდება“, - აცხადებენ ზედამხედველობის სამსახურში.
თბილისის მერია სარეკლამო აბრებზე სანებართვო დოკუმენტაციას სახელმწიფო ენის დეპარტამენტის შენიშვნების გათვალისწინებით შეადგენს. ზედამხედველობის სამსახურის ცნობით, ქართულ ენასთან თავსებადობის მიზნით, სასურველია ყველა დაინტერესებულმა სუბიექტმა სახელმწიფო ენის დეპარტამენტს მიმართოს.
„რეკლამის შესახებ“ კანონდარღვევის შემთხვევაში, ზედამხედველობის საქალაქო სამსახური სამართალდამრღვევს აფრთხილებს და მოუწოდებს დარღვევის გამოსწორებისაკენ. გამოუსწორებლობის შემთხვევაში ადგენს ოქმს, რომელზეც შემდგომ სასამართლო მსჯელობს. ამ მიმართულებით არსებული კანონის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, საქართველოს პარლამენტში უკვე ინიციარებულია ცვლილებები, რომლის მიხედვით, იგეგმება ფულადი ჯარიმების ოდენობის გაზრდა, გარდა ამისა, დამრღვევის დაჯარიმებას ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები თავად შეძლებენ. ახალი რეგულაციები, სავარაუდოდ, ერთ თვეში ამოქმედდება. კომპანიები ზედამხედველობის საქალაქო სამსახურთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვამენ“,- აცხადებენ ზედამხედველობის სამსახურში.
დედაქალაქის მერიის და ზოგადად ხელისუფლების გააქტიურება, რამდენიმე კვირის წინ სოციალურ ქსელში გავრცელებულმა ფოტოფაქტებმა გამოიწვია. დედაქალაქის ცენტრალურ ქუჩებში აბრებზე ქართულ წარწერები, ფაქტობრივად, აღარსად ჩანს. ამასთან დაკავშირებით პირველი კომენტარი ქალაქის მერმა კახა კალაძემ გააკეთა.
„მინდა ზედამხედველობის სამსახურს ვთხოვო, პირველ აპრილამდე სუბიექტებს მიეცეთ გონივრული ვადა იმისთვის, რომ არსებული პრობლემა გამოსწორდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეგიძლიათ დაჯარიმება დაიწყოთ“, - განცხადება თბილისის მერმა ჯერ კიდევ მარტში გააკეთა. პარალელურად კი საკანონმდებლო ორგანოში დაიწყო მუშაობა ჯარიმებისა და სანქციების გამკაცრების თაობაზე.
პარლამენტში უკვე ინიცირებულია ცვლილებები, რომლის მიხედვით იგეგმება ფულადი ჯარიმის ოდენობის გაზრდა არაქართულენოვანი წარწერების გამოვლენის შემთხვევაში. დამრღვევის დაჯარიმებას ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები თავად შეძლებენ. ახალი კანონის ძალაში შესვლის შემდეგ, ჯარიმა ფიზიკურ პირებზე 200-დან 1000 ლარამდე, ხოლო იურიდიულ პირებზე - 300-დან 3000 ლარამდე გაიზრდება.