შემოწმებული 600-მდე ორგანიზაციიდან, პრაქტიკულად, ყველგან დარღვეულია შრომის პირობები, უსაფრთხოება თუ ნორმები. მიუხედავად ამისა, რომ კანონმდებლობაში ცვლილებები იგეგმება, ბევრი რამ კვლავ იგნორირებული დარჩება. ამიტომ უახლოეს მომავალში სამუშაო ადგილებზე პრობლემები ძნელად აღმოიფხვრება.
შრომის ინსპექციამ სამწლიანი მუშაობის შედეგები წარმოადგინა. ბოლო სამ წელში შრომის ინსპექტორებმა 593 ობიექტი შეამოწმეს, მათგან ყველაზე მეტი - 287 ობიექტი - 2017 წელს. ინსპექტირების შედეგად გამოვლინდა: დარღვეული ელექტრო და სახანძრო უსაფრთხოება, ტრავმული შემთხვევების აღურიცხაობა, კოლექტიური და ინდივიდუალური დაცვის საშუალებების უქონლობა, დარღვეული სანჰიგიენა, კუსტარული დანადგარები და ა.შ.
ასევე გამოვლინდა, რომ დამსაქმებლები არ ზრუნავენ დასაქმებულთა კვალიფიკაციაზე. არ ატარებენ არც სასწავლო კურსებს და არც ინსტუქტაჟს.
„2015-17 წლებში ობიექტებზე დაფიქსირებული დარღვევების მეტი წილი 14.6% მოდის სახანძრო უსაფრთხოებაზე. არ ტარდება სახანძრო უსაფრთხოების წესების სწავლება ხანძარსაწინააღმდეგო ინსტრუქტაჟის ჩატარების გზით, არ არის გამოკრული საევაკუაციო გასასვლელებთან ხანძრის დროს ადამიანთა ევაკუაციის გეგმა, არ არის ან ვადაგასულია ხანძრის ჩაქრობის პირველადი საშუალებები, ხანძრის ჩაქრობის პირველადი საშუალებების განთავსების ადგილები არ არის აღნიშნული სახანძრო უსაფრთხოების შესაბამისი ნიშნებით, არ არის აღნიშნული ფეთქებადსაშიში მოწყობილობების და ფეთქებადსაშიში ნივთიერებების და მასალების შენახვის ადგილი სახანძრო უსაფრთხოების შესაბამისი ნიშნებით, ჩახერგილია საევაკუაციო გზები, სხვადასხვა საგნით გადაკეტილია გამწოვი არხები, ღიობები და ცხაურები.
სახანძრო სტენდი არ არის დაკომპლექტებული ხანძრის ჩაქრობის პირველადი საშუალებებით, არამექანიზებული სახანძრო ინსტრუმენტით და ინვენტარით, არ არის ხანძარსაშიში სიტუაციებისა და ხანძრის ლოკალიზაციის და ლიკვიდაციის გეგმა“, - ნათქვამია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის საქმიანობის შემაჯამებელ დოკუმენტში.
შეიძლება ითქვას, რომ თითქმის ყველა ობიექტში დარღვეულია უსაფრთხოების ნორმები. ამაზე მუდმივად საუბრობენ სპეციალისტები. ბოლოსდაბოლო მთავრობამ კანონმდებლობის გამკაცრება გადაწყვიტა, მაგრამ აქაც პრობლემებია.
მონიტორინგის ცენტრი და კიდევ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია ამტკიცებს, რომ „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში არ შედის სათანადო ცვლილებები. შესაბამისად, კვლავ რჩება ბევრი ხარვეზი. მაგალითად, კანონპროექტით შემოწმება არ გავრცელდება დასაქმების ყველა ადგილზე; არ კანონდება ინსპექციის უპირობო დაშვება; კანონდარღვევა მხოლოდ მინიმალურ ჯარიმებს ითვალისწინებს და ზედამხედველობითი მექანიზმის გაფართოება და გაძლიერებაც ნაწილობრივ იგნორირებულია.
სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისარი იოჰანეს ჰანი ამბობს, რომ შრომითი უფლებებისა და სტანდარტების დაცვის კუთხით, პროგრესის არარსებობა ნამდვილად შემაშფოთებელია. ამან შეიძლება დაარღვიოს ევროკავშირთან საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულება.
„ევროკავშირი სრულად ინფორმირებულია საქართველოში შრომის უსაფრთხოებასა და ჯანდაცვას, სამუშაო პირობებსა და სოციალურ დაცვასთან დაკავშირებით. ჩვენ არაერთხელ მოვუწოდეთ მოქმედებისკენ და შეშფოთებული ვართ სამუშაო პირობების ეფექტური ზედამხედველობის სისტემაში, შრომით ურთიერთობებისა და შრომითი უფლებებისა და სტანდარტების დაცვის კუთხით, პროგრესის არარსებობით. შრომითი უფლებებისა და სტანდარტების დაცვის ეფექტური სისტემის არარსებობამ შესაძლოა, დაარღვიოს ევროკავშირთან საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულება.
მკაფიო, პროგნოზირებადი და აღსრულებადი წესები ასევე მნიშვნელოვანია ბიზნესისთვის, ინვესტორებისა და ვაჭრობისთვის. ევროკავშირი ყურადღებით აკვირდება მოვლენების განვითარებას, შრომის მსოფლიო ორგანიზაციასთან თანამშრომლობით და დაჟინებით მოითხოვს, რომ კანონმდებლობამ უზრუნველყოს დასაქმებულთა ეფექტური დაცვა, ზედამხედველობითა და სანქციების ძალით, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, შრომითი ინსპექციის შესაბამისი სისტემის შექმნით“, - აღნიშნა იოჰანეს ჰანმა.