ჭარბვალიანობის პრობლემის აღმოსაფხვრელად ეროვნული ბანკი ახალ კანონმდებლობას ამზადებს, მაგრამ ეს მაინცდამაინც არ მოსწონთ საფინანსო ორგანიზაციებს. საქმე ისაა, რომ სესხების გაცემის დროს აქცენტი შემოსავლის დადასტურებაზე იქნება გაკეთებული. შედეგად გასაცემი კრედიტების მოცულობა საკმაოდ შემცირდება.
საბანკო პროდუქტების ექსპერტი დავით კიკვიძე აცხადებს, რომ პრობლემას ქმნის მოსახლეობაში ფინანსური განათლების დაბალი დონზე, რასაც საკრედიტო დაწესებულებები საკმაოდ კარგად იყენებენ და ცდილობენ, მომხმარებელს რაც შეიძლება მეტი პროდუქტი მიყიდონ. ეს კი, რასაკვირველია, ჭარბვალიანობას იწვევს და დიდი პრობლემების წინაშე აყენებს მოსახლეობას.
კიკვიძის განცხადებით, ბანკების და არასაბანკო საკრედიტო ინსტიტუტების ასოციაციებს შორის ამ თემაზე კონსულტაციები უკვე დაწყებულია.
„ჩემი ინფორმაციით, ამის წინაღმდეგი ბანკები არიან და ამ მიმართულებით გარკვეული მოძრაობა დაწყებულია. ბანკების ასოციაციასა და არასაბანკო საკრედიტო ინსტიტუტების ასოციაციებს შორის მიმდინარეობს ძალიან აქტიური შეხვედრები და განხილვა. ძალიან შეშფოთებულები არიან იმითი, რაზეც ეროვნული ბანკი მუშაობს. ისინი, ალბათ, კომერციული ბანკების ლობს ჩართავენ და უფრო მოქნილი პარამეტრების ჩადებას ეცდებიან, რომ მათი შეზღუდვა მძიმე არ იყოს“, - აცხადებს კიკვიძე „კომერსანტთან“.
სხვათა შორი, ბანკების ასოციაციის პრეზიდენტი ზურაბ გვასალიაც ადასტურებს, რომ ჭარბვალიანობის პრობლემამ უკვე მიიღო ის კონტურები, როდესაც სახელმწიფომ გადამჭრელი ზომები უნდა მიიღოს.
„ჭარბვალიანობის პრობლემა დგას, თუ მსესხებლის და მათი საოჯახო მეურნეობის არსებულ შემოსავალსა და ყოველთვიურ გადასახდელებს შორის სხვაობა არ არის საკმარისი ოჯახის წევრების ძირითადი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად. თუ ჭარბვალიანობა არის, ერთი მხრივ, სოციალურ რისკების შემცველი, როდესაც წმინდა შემოსავლების მნიშვნელოვანი ნაწილი, ზოგჯერ 75%-იც კი სესხების მომსახურებაზე მიდის, მეორე მხრივ, ეკონომიკისათვის ეს არის სისტემური რისკი. იგი ნეგატიურად აისახება ბანკების საკრედიტო პორტფელშიც ვადაგადაცილებული სესხების სახით.
გარდა ამისა, ჭარბვალიანობა ეკონომიკის ზრდაზსაც პრობლემას უქმნის, რადგან აღარ რჩება თავისუფალი სახსრები სამომხმარებლო საქონლის შესაძენად და დანაზოგების გასაკეთებლად. სხვადასხვა კვლევებით დასტურდება, რომ ეს ფაქტორი არის მნიშვნელოვანი. სებ-ის მიერ ჩატარებულმა კვლევამაც აჩვენა, რომ უარყოფითი ზემოქმედების მაჩვენებელი ეკონომიკის ზრდაზე -0.8%-ის ფარგლებშია“, - განაცხადა გვასალიამ.
ჭარბვალიანობის თაობაზე რამდენიმე დღის წინ ხმამაღალი განცხადება გააკეთა ფინანსთა მინისტრმა.
„სრულიად ვიზიარებ იმ ექსპერტების მოსაზრებას, რომლებიც საუბრობენ საზოგადოებაში ჭარბვალიანობის პრობლემაზე. ეს ტენდენცია დაიწყო 2008 წლიდან და მოხდა ისე, რომ ეროვნულ ბანკში ახალი ხელმძღვანელის მოსვლამდე ვერ დავიწყეთ ამ პრობლემის მოსაგვარებლად რეალური ნაბიჯების გადადგმა. 2018 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდა ახალი კანონმდებლობა, რომელმაც, გარკვეულწილად, უნდა დააბალანსოს მოსახლეობაში ჭარბვალიანობა. მაგრამ თუ ეს არ იქნება საკმარისი კანონი აუცილებლად გამკაცრდება და გამკაცრდება წელსვე“, - განაცხადა ბახტაძემ.
ფინანსისტი მიხეილ დუნდუა იზიარებს მინისტრის პოზიციას. იგი ამბობს, რომ დღეს ბანკები გვევლინებიან რიგითი მოქალაქეების ჭარბვალიანობის პრობლემების დამძიმების მექანიზმად და არა ბიზნესის, მცირე და საშუალო მეწარმეების განვითარების ლოკომოტივად.
„საქართველოს საბანკო სექტორი მომგებიანობის თვალსაზრისით ევრაზიის კონტინენტზე არის პირველ ადგილზე ისეთი სახელმწიფოების მხარდამხარ როგორიც არის აფრიკის ჩამორჩენილი ქვეყნები, ოკეანეთის აზიური სახელმწიფოები, ლათინური ამერიკის ქვეყნები. ამ დონეზე მისი მაჩვენებლი მსოფლიოს საუკეთესო ოცეულშია. ეკონომიკა გაქვს მსოფლიო საუკეთესო ოცეულში? არ გაქვს. ბუნებრივია, მათი მომგებიანობა ეფუძნება ჭარბვალიანობის პრობლემას, არაკვალიფიციური სესხებიდან მიღებულ შემოსავლებს“, - განაცხადა დუნდუამ.