მსოფლიოში - ნავთობი, საქართველოში კი საწვავი ძვირდება

მსოფლიოში - ნავთობი, საქართველოში კი საწვავი ძვირდება

მსოფლიო მედიის ყურადღება სირიაზეა გადართული არა მარტო პოლიტიკურად, არამედ ეკონომიკური კუთხითაც. საქმე ისაა, რომ შუა აღმოსავლეთში სიტუაციის გაუარესებას ნავთობის ფასის ზრდა მოჰყვება. ზოგიერთი უცხოელი ანალიტიკოსი ერთი ბარელი ნედლი ნავთობის ღირებულების ზრდას სამნიშნა რიცხვამდეც ვარაუდობს.

ამ ფონზე, რასაკვირველია, სულ უფრო რთული ხდება საქართველოში საწვავის ფასის შენარჩუნება. არაბრედირებულ სადგურებზე ბეზინი და დიზელი უკვე 3-5 თეთრით გაძვირდა. მსხვილი კომპანიები ჯერჯერობით ძველ ნიშნულს ინარჩუნებენ, თუმცა, სავარაუდოდ, მხოლოდ დროებით.

მას შემდეგ, რაც სირიის ხელისუფლებამ თავისი მოსახლეობის წინააღმდეგ, სავარაუდოდ, ქიმიური იარაღი გამოიყენა, აშშ-მ და მისმა მოკავშირეებმა ქვეყნის ტერიტორიაზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. სირიის კონფლიქტის ფონზე, გასულ კვირაში ნავთობის ფასი მნიშვნელოვნად გაიზარდა - 1 ბარელი ნედლი ნავთობის ღირებულებამ 72 დოლარს გადააჭარბა, რაც 2014 წლის შემდეგ არ მომხდარა.

კომპანია „ეკაპ ენერჯის“ დამფუძნებლისა და მმართველი დირექტორის ანიშ კაპადიას თქმით, 6 თვის წინ ბევრს ეღიმებოდა, როდესაც იგი ნავთობის ფასის 60-70 დოლარის ფარგლებში გამყარებას ვარაუდობდა. შუა აღმოსავლეთში მიმდინარე დაძაბული სიტუაცია კი იმისი ვარაუდის საფუძველია, რომ „შავი ოქროს“ ღირებულება 100 დოლარამდე გაიზრდება. „შესაძლებელია, ახლო მომავალში 1 ბარელი ნავთობის ღირებულება სამნიშნა რიცხვით აღინიშნებოდეს“, - განაცხადა მან.

14 აპრილს აშშ-მა, ბრიტანეთთან და საფრაგენთთან ერთად, სირიაში ავიადარტყმები განახორციელა. ეს იყო პასუხი სირიის მიერ ქიმიური იარაღის სავარაუდო გამოყენებაზე, რასაც ათეულობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

დონალდ ტრამპმა აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება მაშინვე გააკეთა: „აშშ, დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი გამოიყენებენ ყველა შესაძლებლობას, იქნება ეს სამხედრო, დიპლომატიური თუ ეკონომიკური, სანამ სირიის მთავრობა არ შეწყვეტს ქიმიური აგენტების გამოყენებას“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ნავთობპროდუტების გაძვირების საფრთხეა საქართველოშიც. ბოლო პერიოდში ბირჟებზე თვალში საცემად არის მომატებული ბენზინისა და დიზელის თვითღირებულება. „პლატცის“ მიხედვით, 12 აპრილის მდგომარეობით, 1 ტონა ბენზინი 672 დოლარი ღირს, ხოლო - დიზელი 626 დოლარი. ბოლო 1 თვეში ორივე ტიპის საწვავი დაახლოებით 11%-ით გაძვირდა.

მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო ბაზარზე საკმაოდ რთული ვითარებაა, საქართველოში მოქმედი მსხვილი კომპანიის წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ მაქსიმალურად ცდილობენ გამოიყენონ ყველა რესურსი საწვავის ფასის შესანარჩუნებლად.

„ლუკოილ ჯორჯიას“ დირექტორის მოადგილე შავლეგ მიშველაძე ამბობს, რომ მსოფლიო ბაზარზე არსებული ვითარება საკმაოდ არასტაბილურია.

„ბევრ რამეზე გახდა დამოკიდებული ნავთობის ფასი. ეს არის არა მხოლოდ ეკონომიკის ან გეოპოლიტიკის შედეგი, არამედ ბევრი სხვა ფაქტორის ურთიერთკავშირი. შესაბამისად, პროგნოზი ურთულესი გახდა. რასაკვირველია, მაინც ვერ გავექცევით მსოფლიო ბაზარზე არსებულ ტენდენციას. თუმცა, გვაქვს საკმაოდ პოზიტიური სურათი - ლარი მყარდება დოლარის მიმართ. ეს ძალიან კარგია ჩვენთვისაც და მომხმარებლისთვისაც. იმედია, სამომავლოდაც მოგვეცემა საშუალება, ამჟამინდელი ფასი შევინარჩუნოთ“, - განაცხადა მიშველაძემ.