„ბანკები ძირითადად ორიენტირებულნი არიან საცალო სესხების და არა ბიზნესესხების გაცემაზე“

„ბანკები ძირითადად ორიენტირებულნი არიან საცალო სესხების და არა ბიზნესესხების გაცემაზე“

ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე საბანკო სისტემას ეკონომიკის დამუხრუჭებაში პირდაპირ ადანაშაულებს და ახალი ინიციატივის შესახებ აანონსებს. ეს არის სასტარტო კაპიტალით უზრუნველყოფის სამთავრობო რეფორმა, რაც ნიშნავს, რომ მთავრობა ბიზნესს ძვირადღირებული საბანკო პროდუქტის ალტერნატივას სთავაზობს, ვინაიდან მიიჩნევს, რომ საბანკო საპროცენტო განაკვეთები ბიზნესის დაწყების შანსს არ იძლევა.

ვინ ამუხრუჭებს ჩვენს ეკონომიკას და რატომ ვერ ხერხდება ჭარბვალიანობის ზრდაზე ორიენტირებული სისტემის შეცვლა? ამის შესახებ For.ge-ს „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი შოთა გულბანი ესაუბრა.

ხომ არ არის ეს პოპულისტური მიდგომა, როდესაც ჩვენს ხელისუფალთ საბანკო სექტორის გაკიცხვა სწორედ წინასაარჩევნო პერიოდში ახსენდებათ?! მაშინ, როცა მანამდე ბანკები და მთავრობა შეხმატკბილებულნი არიან.

- ფინანსთა მინისტრის ამ განცხადებას ობიექტური საფუძველი გააჩნია, რადგან საქართველოში სასტარტო კაპიტალის მიღება დიდი პრობლემაა. ნებისმიერი ბიზნესფეროს გამოკვლევისას ნომერ პირველ პრობლემად ბიზნესი ყოველთვის ასახელებს ფინანსებზე ხელმისაწვდომობას. ცხადია, მათ შორის, სტარტაპერებისთვისაც არარსებული ფინანსური რესურსები დიდი პრობლემაა. შესაბამისად, მთავრობას აქვს ეს საკითხი გაცნობიერებული. მინდა გითხრათ, რომ მანამდეც ჰქონდათ ეს გაცნობიერებული. ეს გამოიხატება იმაში, რომ მთავრობას აქვს მიმდინარე პროექტები, მაგალითად, „აწარმოე საქართველოში“, რომელიც გულისხმობს პროცენტის სუბსიდირებას. თუკი საბანკო სექტორში არსებული საპროცენტო განაკვეთები არ არის მაღალი და წნეხად არ აწევს ბიზნესს, მაშინ რატომ შეიქმნა ასეთი პროგრამა, რომელიც გულისხმობს საბანკო პროცენტის სუბსიდირებას? ე.ი. ეს პრობლემა ნამდვილად დგას საქართველოში და არ არის ახალი. ამიტომ საკმაოდ თამამი განცხადება იყო მამუკა ბახტაძის მხრიდან, თუმცა ცოტა დაგვიანებულიც. არა მგონია, ერთი განცხადებით რაიმე ძვრებს ველოდოთ საბანკო სექტორში, ან უარყოფითს, ან დადებითს. საბანკო სექტორს თავისი პოლიტიკა აქვს, რომელსაც, ვფიქრობ, შეინარჩუნებენ.

როგორც ვიცი, თქვენ შენიშვნები გაქვთ დაკრედიტების პოლიტიკასთან დაკავშირებითაც.

- ამ მხრივ ნამდვილად მაქვს შენიშვნები, რადგან ბანკები ძირითადად ორიენტირებულნი არიან საცალო სესხების გაცემაზე და არა ბიზნესესხების გაცემაზე. ეს შესაბამისი სტატისტიკითაც დასტურდება. სწორედ ამიტომ არის შენიშვნები საბანკო სექტორთან მიმართებით. მიუხედავად იმისა, რომ საფინანსო სექტორის ძირითადი წარმომადგენელი, 93% არის საბანკო სექტორი, იგი სათანადოდ მაინც ვერ ღებულობს ეკონომიკის ზრდაში მონაწილეობას. ეს გამოიხატება იმაში, რომ მისი მოგება კოლოსალურად იზრდება. ცხადია, ეს უარყოფითი ფაქტორი არ არის, რომ მათი მოგება იზრდება და ქვეყანაში წარმატებული საფინანსო სექტორი არსებობს, მაგრამ ეს რომ ხდება სხვა მომიჯნავე, კონკურენტი დარგების ჩაყლაპვის ხარჯზე და მხოლოდ შენ ვითარდები, ეკონომიკური ზრდა გაქვს დაბალი და თან ამტკიცებ, რომ ეკონომიკის მთავარი დამკრედიტებელი ხარ, ცოტა წინააღმდეგობაში მოდის სხვადასხვა ფაქტორები ერთმანეთთან.

ბიზნესისთვის სესხების გაცემა რატომ უჭირს საბანკო სექტორს? რისკებია მაღალი?

- როგორც წესი, ბიზნესის დაკრედიტება იმიტომაა რთული, რომ ბანკი სათანადოდ ახდენს რისკების იდენტიფიცირებას, ანუ საკმაოდ მკაცრად ახორციელებს რისკების იდენტიფიცირებას. არა მარტო ბიზნესგეგმა და თანამონაწილეობაა აქ საჭირო, არამედ ლიკვიდური ქონებით უზრუნველყოფაც მსესხებლის მხრიდან. ანუ ყველანაირად ახდენს ბანკი პრევენციას იმ შემთხვევისთვის, თუ დავუშვათ, ბიზნესი წარმატებას ვერ მიაღწევს. ბანკი თავის მისაღებს აუცილებლად მიიღებს. ძალიან ბევრი ბარიერია კერძო სექტორში ახალი ბიზნესის შესაქმნელად, რომ ნულიდან დაიწყონ ბიზნესი ჩველებრივმა მოქალაქეებმა, ასევე, უკვე არსებულმა ბიზნესებმა გარისკონ და გადაიარაღებისთვის ხელახლა აიღონ კრედიტები იმ საფინანსო ინსტიტუტებიდან, რომელი საფინანსო ინსტიტუტებიც არიან მხოლოდ და მხოლოდ ბანკები. ეს პრობლემები კერძო სექტორში ჯერ კიდევ არსებობს, რის გამოც ბანკი, ხშირ შემთხვევაში, თავს იკავებს დაკრედიტებისგან და მისთვის უფრო მიმზიდველია ისეთი სესხის გაცემა, როგორიცაა განვადება.

როდესაც მოქალაქეს აქვს გარკვეული შემოსავალი, 800-900 ლარის ოდენობით და ის ამბობს, რომ 800 ლარიდან ას ლარს გადაიხდის განვადებაში, ეს უფრო მიმზიდველია, სტაბილურია და მოკლევადიან პერიოდში მიიღებს ბანკი მოგებას. ასეთი სესხები ჭარბობს კიდეც საკრედიტო პორტფელში, რაც, თავის მხრივ, არ ემსახურება ეკონომიკაში რაიმე დოვლათის შექმნას და ეკონომიკურ ზრდას. პირიქით, აფინანსებს იმპორტირებული პროდუქტების შესყიდვას და კაპიტალის გადინებას უწყობს ხელს. შესაბამისად, ბანკის წარმომადგენელი რომ ამბობს, რომ დიახ, ჩვენ ვართ ეკონომიკის 60%-ის ძირითადი დამფინანსებლები, მაშინ კეთილი ინებონ და დივერსიფიცირებული გახადონ საკუთარი საბანკო პროდუქტები, უფრო მეტად ხელმისაწვდომი გახადონ ბიზნესის სხვადასხვა წარმომადგენლებისთვის, რომ მათ მოქმედებას უფრო მეტი ეკონომიკური ეფექტი ჰქონდეს და არ შემოიფარგლონ მხოლოდ განვადებისა და საცალო სესხის გაცემით. ამიტომაცაა კრიტიკა საბანკო სექტორის მიმართ, რომ მათ თავიანთ დაკრედიტების პოლიტიკას გადახედონ და უფრო მეტად გახადონ ბიზნესზე ორიენტირებული.

ბანკი ბიზნესის კონკურენტად აღიქვამს საკუთარ თავს. ჩვენ გვახსოვს, რომ კომერციული ბანკები სამშენებლო ბიზნესშიც იყვნენ ჩართულნი და აქედანაც ჰქონდათ მოგების ინტერესი. ასევე, სხვა არაპროფილური სფეროებიც იზიდავდათ.

- ეს ცალკე საკითხია. ძირითადად ორ მსხვილ ბანკს გააჩნია საქართველოში არაპროფილური აქტივები. რა თქმა უნდა, რისკები არსებობს, როდესაც ბანკს გააჩნია უამრავი არაპროფილური აქტივი და ეს ბიზნესები თავიანთ სფეროში უკვე საკმაოდ წარმატებულია. ცხადია, ბანკს არ მოუნდება მისი შვილობილი კომპანიის კონკურენტის დაფინანსება. ან სულ მინიმუმ, თუ მისი შვილობილი კომპანიის კონკურენტს მაინც მისცემს სესხს, მას უკვე ეცოდინება ამ კონკურენტი კომპანიის მთელი შიდა სამზარეულო, რადგან კონკურენტმა კომპანიამ ბიზნესგეგმის სახით მუდამ უნდა დაულაგოს ბანკს აბსოლუტურად ყველა მონაცემი-ფინანსური ანგარიშგება, მოგება, ზარალი, მოგების ზრდის შესახებ გეგმა. ანუ ბანკმა ყველაფერი იცის თავისი კონკურენტის შესახებ და უკვე არაკონკურენტულ გარემოში უწევს ამ ბიზნესს ფუნქციონირება.

ამ პრობლემას როგორ უნდა მოევლოს, რომ არაპროფილური სექტორით აღარ დაინტერესდნენ კომერციული ბანკები? ეროვნულ ბანკს ხომ აქვს მუხრუჭები?

- ეროვნულმა ბანკმა პირველ ეტაპზე კომერციული ბანკები გააფრთხილა, რომ თანდათან გამოსულიყვნენ არაპროფილური საქმიანობიდან. შემდგომში ბანკებმა ასეთი რაღაც მოიფიქრეს, რომ შექმნეს ჰოლდინგები და ამ ჰოლდინგის ქვეშ გააერთიანეს სხვადასხვა მიმართულებები, სხვადასხვა ბიზნესები. მათ შორის, საბანკო საქმიანობა ერთ-ერთია, ასევეა, სადაზღვევო, სამშენებლო, სამედიცინო მიმართულება. მაგალითად, „საქართველოს ბანკის“ შემთხვევაში შეიქმნა „BGEO ჯგუფი“ და უკვე ბანკი აღარ არის არაპროფილური აქტივის მფლობელი, ანუ ჰოლდინგი გახდა სხვადასხვა ბიზნესის მფლობელი, მათ შორის, საბანკო ბიზნესისაც. ხოლო ვინ არის ამ ჰოლდინგის მფლობელი, ეს გაურკვეველია. ეს არის უცხოური იურიდიული პირი, რომელსაც პირდაპირ ვერ აუკრძალავ, რომ შენ ახლა მოგება რომ მიიღე საბანკო საქმიანობიდან, ამ მოგების ინვესტირება არ განახორციელო ჩემს ქვეყანაში, ადექი და ეს მოგება წაიღე შენს ქვეყანაში, ანუ ინვესტიციების შეფერხებასთან გვაქვს ირიბად საქმე. წარმოიდგინეთ, უცხოური კომპანია საბანკო საქმიანობიდან იღებს გარკვეულ მოგებას და ამ დროს შენ ეუბნები, ეს თანხა, რომელიც მიიღე, სამედიცინო სექტორში არ ჩადო, სამშენებლო სექტორში არ ჩადო. ეს პირდაპირი შეზღუდვა გამოდის. აქედან გამომდინარე, დიდ წინააღმდეგობას წააწყდა ეროვნული ბანკი, როდესაც ასეთი კანონი მიიღო, ანუ ორგანულ კანონში შევიდა ცვლილებები, რომლის მიხედვითაც, არაპროფილური აქტივების პირდაპირი ფლობა აეკრძალათ კომერციულ ბანკებს.

ვერ გეტყვით, რომ კანონში ამ ჩანაწერის გაჩენის შემდეგ სიტუაცია დარეგულირდა. რეალობა, რაც საბაკო სექტორში არსებობს, ისევ ძველებურადაა შენარჩუნებული. უბრალოდ, ამას სხვა ფორმა მოუძებნეს ბანკის მფლობელებმა.

სასტარტო კაპიტალით უზრუნველყოფის სამთავრობო რეფორმას რა ნაკლოვანებები გააჩნია?

- კარგი მიდგომაა, როდესაც ხელისუფლება აცნობიერებს, რომ რაღაც ალტერნატივები უნდა გაჩნდეს. უბრალოდ, ჩვენ კონკრეტულად არ ვიცით, რა იგულისხმება სასტარტო კაპიტალში. თუმცა პრობლემა იდენტიფიცირებული და აღიარებულია სახელისუფლებო რგოლების მიერ. კარგია, რომ ქვეყნის პირველმა ფინანსისტმა ფაქტობრივად თქვა, რომ ბანკები ამუხრუჭებენ ეკონომიკას. მაგრამ სასტარტო კაპიტალით უზრუნველყოფის სამთავრობო რეფორმა რა ფორმით განხორციელდება, საიდან მოვა ეს ფული, ვინ იქნება გამცემი ინსტიტუციები? ისევ ბანკებს მოუწევთ ამ თანხების გაცემა? ნაჩუქარი ფული იქნება? სანაცვლოდ რა იქნება მოთხოვნილი? ბევრი კითხვა არსებობს, რაზეც, ალბათ, მოვისმენთ ფინანსთა სამინისტროს მხრიდან დამატებით განმარტებებს. მსგავსი პროექტები არსებობს „სტარტაპ საქართველო“, სადაც გრანტის სახით გაიცემოდა თანხა სტარტაპერებისთვის,აწარმოე საქართველოში“ დიდ თანხებზეა საუბარი და საბანკო პროცენტის სუბსიდირება ხდება. იმავე სოფლის მეურნეობის სამინსიტროს აქვს სხვადასხვა პროექტი, სადაც ასევე პროცენტის სუბსიდირება ხდება. ანუ მსგავსი პროექტები ისედაც არსებობდა, ამიტომ მეც ძალიან მაინტერესებს შინაარსობრივად რა იქნება ეს, თუმცა იდეა მისასალმებელია.