მიწებზე კანონოპროექტი მზადაა, უცხოელებზე მისი გაყიდვა გამორიცხულია

მიწებზე კანონოპროექტი მზადაა, უცხოელებზე მისი გაყიდვა გამორიცხულია

სასოფლო-სამეურნეო მიწების გასხვისების შესახებ საკანონმდებლო ორგანოში საბოლოოდ ჩამოყალიბდნენ. კანონპროექტის ავტორი, პარლამენტის აგრარულ საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელი ოთარ დანელია იმ კრიტერიუმებს ასახელებს, რა შემთხვევაში მოხდება უცხოელებისთვის მიწის მიყიდვა. „სასოფლო მიწის შესახებ ორგანული კანონით“ უცხო ქვეყნის მოქალაქე ფიზიკური პირი საქართველოში სასოფლო მიწას ვერ შეიძენს, მას შეეძლება მხოლოდ იჯარით მისი მიღება.

თუ უცხოელებს მაინც სურთ საქართველოში სასოფლო მიწის შეძენა, უნდა დააფუძნოს საქართველოში კომპანია, სადაც მისი, ან სხვა უცხო ქვეყნის მოქალაქეების წილობრივი მონაწილეობა 49%-ს არ აღემატება. ქართველი პარტნიორის (ან პარტნიორების) წილი 51% ან მეტი უნდა იყოს.

დიდ პროექტების შემთხვევაში როგორიც არის მაგალითად ჰესი ან პორტი, სადაც რამდენიმე ასეული მილიონი დოლარის ინვესტიცია იდება და კონსორციუმში უდიდესი წილი აქვს უცხოელ ინვესტორებს, მთავრობას ექნება მიწის მიყიდვაზე გადაწყვეტილების მიღების პრეროგატივა.

„მიწის გასხვისების დროს აუცილებელია სწორი კომუნიკაცია მოხდეს ადგილობრივ მოსახლეობასთან და გათვალისწინებული იყოს თემის, სოფლის თუ რაიონის ინტერესები, როდესაც კომპანია სადაც ინვესტორები ფლობენ 49%-ს მიწის შეძენას მოახდენენ“, - ამბობს დანელია.

კანონმდებელი ამბობს, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები კრიტიკულ მასას არ წარმოადგენს სოფლის მეურნეობაში, უფრო მეტიც, ადგილობრივი ინვესტიციები ბევრად აღემატება უცხოურს.

„თუ ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების წილი შემცირდება, მე არ ვიზიარებ აბსოლუტურად. შარშან, სოფლის მეურნეობაში, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები იყო 3 მილიონი დოლარის ფარგლებში, შარშანწინ - დაახლოებით ორჯერ მეტი. დღევანდელი მოცემულობით, როდესაც აბსოლუტურად ლიბერალური იყო ეს მიდგომა, ვხედავთ, რომ არანაირი კრიტიკული მასა უცხოური ინვესტიციებისა არ იქმნება და უფრო მეტიც, ადგილობრივი ინვესტიციები სოფლის მეურნეობაში ბევრჯერ აღემატება, უცხოურს. ამიტომ ჩვენ ვერ ვხედავთ საფრთხეს იმისას, რომ ხვალ აღარ შემოვა ეს ინვესტიციები“, - განაცხადა დანელიამ.

მიუხედავად მრავალი არგუმენტისა, ეკონომისტების ნაწილი და განსაკუთრებით საბანკო სექტორი კვლავინდებურად ეწინააღმდეგება პარლამენტართა მიდგომას სასოფლო-სამეურნეო მიწებთან დაკავშირებით. კომერციულ ბანკების წარმომადგენლები ამბობენ, რომ თუკი არ ექნებათ უფლება გადაუხდელი კრედიტის შემთხვევაში უზრუნველყოფაში ჩადებული უძრავი ქონება დაარეგისტრირონ, ისინი ამ სექტორში კრედიტის გაცემაზე უარს იტყვიან.

„ჩვენ სამწუხაროდ ვერ ვაფინანსებთ, რადგან ჯერ კანონი არ არსებობს. უკვე ერთი წელია ფერხდება აგროსექტორში ინვესტირება და დაკრედიტება. ეს არის რეალური საკითხი რომელიც მოითხოვს გადაწყვეტას. საბანკო სექტორისთვის მნიშვნელოვანია ეს საკითხი, აქ არ არის საუბარი ათეულ მილიონზე. საბანკო ასოციაციასთან გვქონდა საუბარი და ასეულობით მილიონზეა საუბარი. საკითხი მოითხოვს ოპერატიულ გადაწყვეტას, წინააღმდეგ შემთხვევაში საკმაოდ გართულდება სოფლის მეურნეობის დაფინანსება“, - აცხადებს „თიბისი ჯგუფის პრეზიდენტი“ მამუკა ხაზარაძე.

იგივე პოზიციაზეა „საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორიც: ,,ეს არის მტკივნეული საკითხი, როგორც ბანკების, ასევე სოფლის მეურნეობის სექტორისთვისაც. ვფიქრობ, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ კანონმდებლობასთან თუ გვინდა რომ სოფლის მურნეობის განვითარება გაგრძელდეს და ამ დარგში დაკრედიტება გაიზარდოს“, - აღნიშნა „ბიემთან“ საუბრისას კახა კიკნაველიძემ.

მიწის კანონი პარლამენტში განსახილველად საგაზაფხულო სესიაზე შევა. მისი დამტკიცება და ამოქმედება წელსვე უნდა მოესწროს.