პირველი სამთავრობო შეტევა ბანკებზე

პირველი სამთავრობო შეტევა ბანკებზე

ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ პირდაპირ დაადანაშაულა საბანკო სისტემა ეკონომიკის დამუხრუჭებაში. მანვე ახალი ინიციატივა დააანონსა. მთავრობა ბიზნესს ძვირადღირებული საბანკო პროდუქტის ალტერნატივას სთავაზობს.

„მაღალპროცენტიანი სესხები საბანკო სისტემაში აფერხებს მეწარმეობისა და ბიზნესის განვითარებას. საქართველოს საბანკო სისტემა უნდა იყოს არა ეკონომიკის განვითარების მუხრუჭი, არამედ მისი მამოძრავებელი ძალა, თუმცა, სამწუხაროდ, ქვეყანაში მივიღეთ რეალობა, სადაც ბანკები არ ასრულებენ ამ მამოძრავებელი ძალის ფუნქციას“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მინისტრს მიაჩნია, რომ საპროცენტო განაკვეთები ბიზნესის დაწყების შანსს არ იძლევა.

„დღეს ჩვენი ბიუჯეტი ფორმირდება, დაახლოებით, 300 კომპანიის მიერ, რაც ძალიან ცუდი ტენდენციაა. ეს ნიშნავს, რომ ეკონომიკაში გვაქვს სექტორები, სადაც მონოპოლიზაციის ძალიან მაღალი რისკია. ამავე დროს, ვხედავთ, რომ ის საპროცენტო განაკვეთები, რაც საფინანსო სექტორშია, ფაქტობრივად, ბიზნესის დაწყების შანსს არ იძლევა. საბანკო სისტემა არ უნდა იყოს ეკონომიკის განვითარების მუხრუჭი, არამედ - მისი მამოძრავებელი ძალა. ამ გარემოებებიდან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დავიწყოთ ყველაზე მასშტაბური რეფორმა ეკონომიკაში, რაც კი ოდესმე განხორციელებულა. მას ეწოდება „სასტარტო კაპიტალით უზრუნველყოფის რეფორმა“, რაც გულისხმობს ახალგაზრდა სტარტაპერებისთვის ნულოვანი განაკვეთის სასტარტო კაპიტალის მიწოდებას“, - განაცხადა ბახტაძემ.

ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე ფინანსთა მინისტრის პოზიციას დადებითად აფასებს. იგი ერთ-ერთი პირველი გამოეხმაურა სასტარტო კაპიტალით უზრუნველყოფის სამთავრობო რეფორმას და აღნიშნა, რომ ერთ-ერთი სერიოზული პრობლემა, რომელიც დღესდღებით ბიზნესს აქვს, იაფ ფინანსურ რესურსზე წვდომაა.

„ერთ-ერთი პრობლემური საკითხი, რომელიც ფიქსირდება და ბიზნესთან შეხვედრებიც აჩვენებს, არის იაფ ფინანსურ რესურსზე წვდომა, ანუ უფრო მეტი შესაძლებლობა იმისთვის, რომ კომპანიებს პროექტების დაწყებისას გააჩნდეს ხელმისაწვდომი რესურსი. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მცირე და საშუალო ბიზნესისთვის.

ვფიქრობ, ახალი ინიციატივა ბიზნესს და ზოგადად, საბანკო სექტორსაც პოზიტიურად შეეხება. ეს მხოლოდ და მხოლოდ გაზრდის მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის შესაძლებლობებს. ის მექანიზმი, რომელიც ჩადებულია ამ პროექტის განხორციელებაში ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ლექვინაძემ.

ბიზნესომბუდსმენი ვარაუდობს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებულ დეტალებზე ფინანსთა მინისტრის მხრიდან ბიზნესთან კომუნიკაცია იქნება. სავარაუდოდ, ახალი პროექტი საპარტნიორო ფონდის მეშვეობით განხორციელდება.

საბანკო სექტორის მიმართულებით რომ ცვლილებებია გასატარებელი, ამას პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიაც ადასტურებს, მაგრამ ეს ბანკების ჩართვით უნდა მოხდეს.

„საბანკო სექტორი საკმაოდ კარგად არის განვითარებული, მაგრამ არსებობს ერთი მარტივი ფორმულა - ბანკი ბიზნესის კონკურენტი არ უნდა იყოს. ამიტომ, ნებისმიერი მოცემულობა, რომელიც ამ ეჭვსაც კი აჩენს, უკვე ხელის შემშლელია განვითარებისთვის.

არ ვიცი, რას გულისხმობდა ბატონი ბახტაძე, მაგრამ ჩემი ხედვა ასეთია. იმასთან დაკავშირებით, რომ ბანკების მოგების ხვედრითი წილი, როდესაც ძალიან იზრდება (ჯარიმების და მხოლოდ იმ ნაწილიბში, რომელშიც ინვესტიციები არ არის დომინანტი), უკვე ცუდი ინდიკატორია. თუკი ბანკები არ დაუბრუნდებიან თავის რეალურ ფუნქციას, მაშინ ყველანი ერთად დიდი პრობლემის წინაშე დავდგებით“, - განაცხადა კაკულიამ.

ფინანსთა მინისტრის მკვეთრ განცხადებას აფასებენ ეკონომისტებიც. მიხეილ დუნდუა მიიჩნევს, რომ ბახტაძის მხრიდან სწორი აქცენტები გაკეთდა.

„საბანკო სექტორი უნდა იყოს ეკონომიკური განვითარების სამსახურში და არ უნდა ამუხრუჭებდეს მას. რა თქმა უნდა, ეს ასეა და ასეც უნდა იყოს. სამწუხაროდ, საქართველოს კომერციული ბანკები და საქართველოს საბანკო სისტემა მომგებიანობით არის პირველ ადგილზე ევრაზიის კონტინენტზე და ამავე დროს, მიზერულად არის განვითარებული კერძო ბიზნესი, რომელმაც უნდა განავითაროს ეკონომიკა.

ჭარბვალიანობის ზრდაზე ორიენტირებული სისტემა უნდა შეიცვალოს და ეკონომიკურ ზრდაზე ორიენტირებულ სისტემად ჩამოყალიბდეს, უნდა შეიქმნას პროცესი, როცა დანაზოგები გარდაიქმნება არა ჭარბვალიანობად, არამედ კრედიტად ბიზნესის განვითარების სამსახურში.

სწორედ ამიტომ მამუკა ბახტაძის ინიციატივა სასტარტო კაპიტალთან დაკავშირებით არის ძალიან დროული, სწორი და ხელს შეუწყობს იმას, რომ გაიზრდება მცირე და საშუალო მეწარმეობის დაკრედიტება საბანკო სექტორის მხრიდან. ეს არის დარგის გაჯანსაღების მცდელობა და რა თქმა უნდა, სახელმწიფოს მხარდაჭერა“, - განაცხადა დუნდუამ.

ბახტაძეს მოწინააღმდგეებიც გამოუჩნდნენ. არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ ხელძღვანელი გიორგი კეპულაძე მიიჩნევს, რომ ფინანსთა მინისტრის საბანკო სექტორის შესახებ გაკეთებული განცხადება გარკვეულწილად პოპულისტურია. პოლიტიკოსების მხრიდან წინასაარჩევნო პერიოდში ბანკებისა და ბიზნესის კრიტიკა ერთგვარი მოდაა, ხოლო შემდეგ უკვე მთავრობა და ბიზნესი შეხმატკბილებულები არიან. მისი თქმით, ბანკებზე იერიში უკვე მიიტანა ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, ახლა კი ამას „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი მაღალჩინოსანი აკეთებს.

„როგორც ჩანს, ეს არის ამომრჩევლის გულის მოსაგებადაც გაკეთებული განცხადებები. თუმცა, კვამლი უცეცხლოდ არ ჩნდება. ალბათ, გარკვეული საფუძველი ამ განცხადებებსაც აქვთ, თუმცა ბიზნესის კრიტიკა პოლიტიკოსების მხრიდან ხშირად მოდაშია წინასაარჩევნოდ. არჩევნების შემდეგ ვხედავთ, შეხმატკბილებულად მომუშავე ბიზნესს და მთავრობას. მაგრამ, არჩევნების წინ პოპულიზმს გარკვეული ასპარეზი აქვს“, - განაცხადა კეპულაძემ.

საბანკო ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი გიორგი ცუცქირიძე მინისტრის განცხადებას ნაწილობრივ ეთანხმება. საბანკო სექტორი ბიზნესს მარტივად უნდა აკრედიტერბდეს.

„რაც შეეხება ფინანსთა მინისტრის განხადებას, რა თქმა უნდა, სურვილი იმისა, რომ ბანკებმა უფრო მარტივად დაიწყონ ბიზნესის დაკრედიტება ეს ძალიან კარგია, თუმცა როდესაც საბანკო სექტორის მიერ ბიზნესის დაკრედიტება ხდება არსებობს ფაქტორები, რომელიც ამას ხელს უშლის.

რეფორმა, რომელსაც მთავრობა იწყებს და რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად საგადასახადო რეჟიმის შემდგომ ლიბერალიზაციასთანაა დაკავშირებული, ძალიან კარგია. რაც შეეხება იმას, რომ ბანკებში საპროცენო განაკვეთი მაღალია ამისათვის გარკვეული ობიექტური ფაქტორები არსებობს.

2013 წელთან შედარებით დღეს ბიზნეს სესხებზე საპროცენტო განაკვეთი დაახლოებით 5%-ითაა შემცირებული. საგარეო შოკების ზეგავლენა, რომელიც 2015-16 წლებში ჩვენ ეკონომიკაზე იყო, ბუნებრივია, საპროცენტო განაკვეთების ზრდაზეც აისახა“, - განაცხადა ცუცქირიძემ.