მთავრობა ხუდონჰესის პროექტს მიუბრუნდა. გიგანტური ჰესის აშენება მნიშვნელოვანია კრიზისისკენ მიმავალი ენეგოსექტორისთვის. თუმცა, სულ სხვაგვარად ფიქრობს რეგიონის მოსახლეობა. სვანეთში არა მარტო ხუდონის, არამედ სხვა ჰესების წინააღმდეგაც დაირაზმნენ. ზოგადად კი მთელ ქვეყანაში აპროტესტებენ ახალი ჰესების მშენებლობას და რეალურად საინვესტიციო პროექტების განხორციელება ჩიხშია შესული.
დარჩება თუ არა კომპანია „ტრანს ელექტრიკა“ ხუდონჰესის პროექტში უახლოეს მომავალში გაირკვევა. ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, რომეო მიქაუტაძე ამბობს, რომ ამ საკითხზე ჯერჯერობით გადაწყვეტილება მიღებული არ არის. „მოლაპარაკების სტადიაზე ვიმყოფებით და უახლოეს მომავალში შედეგი ცნობილი გახდება“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
ხუდონჰესის პროექტი ამ ეტაპზე შეჩერებულია. ჰესის განმახორციელებელი კომპანია „ტრანს ელექტრიკა“ იყო, თუმცა არსებული ინფორმაციით, ჰესის მშენებლობას სახელმწიფო განახორციელებს. რამდენად მოახერხებს ხელისუფლება ადგილობრივი მოსახლეობის დაყოლიებას, ეს კიდევ ცალკე საკითხია. ამ მხრივ ვითარება არა მარტო სვანეთში გართულდა, არამედ საქართველოს დანარჩენ რეგიონებშიც. თითქმის ყველგან, სადაც კი ენერგეტიკული პროექტები ხორციელდება ან იგეგმება, პროტესტის მძლავრი ტალღაა აგორებული.
საქართველოს ბიზნესომბუდსმენის ირაკლი ლექვინაძის აზრით, ჰიდროელექტროსადგურების აშენების წინააღმდეგ გახშირებული საპროტესტო აქციები ქვეყნის საინვესტიციო კლიმატზე ნეგატიურად აისახება. სხვადასხვა რეგიონში ჰესების წინააღმდეგ არსებულ ნეგატიურ განწყობაში დიდია პოლიტიკური მომენტი.
„სამწუხაროდ, გახშირდა შემთხვევები, როცა კანონიერად მოქმედი საინვესტიციო პროექტების განხორციელებას ეშლება ხელი და ინვესტორები გარკვეულ წინააღმდეგობებს აწყდებიან. ამ პროცესში ძალიან დიდია პოლიტიკური მომენტი და ასევე გარკვეული ჯგუფები სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების სახით ცდილობენ ინვესტორების საქმიანობას ხელი შეუშალონ. ასეთი პრობლემა დგას სვანეთში, აჭარაში, ქვემო ქართლში, კახეთში და როცა ასეთი ტიპის მოქმედებებს აქვს ადგილი, ბუნებრივია, ეს არაა კარგი“, - განაცხადა ლექვინაძემ და ადგილობრივ ხელისუფლებას და მაჟორიტარ დეპუტატებს მოსახლეობასთან კომუნიკაციის გააქტიურებისკენ მოუწოდა.
„ასეთ დროს მნიშვნელოვანია ადგილობრივი ხელისუფლების როლი და ასევე იმ მაჟორიტარების როლი, რომლებიც ამა თუ იმ რეგიონს წარმოადგენენ. სწორედ მათი ნეიტრალური დამოკიდებულება ხელს უწყობს მსგავსი ტიპის ჯგუფების კიდევ უფრო გაძლიერებას. მაჟორიტარებმა და ადგილობრივმა ხელისუფლებამ კეთილი ინებონ და მეტი ესაუბრონ მოსახლეობას, თუ რატომ უნდა აშენდეს ახალი ჰესები საქართველოში“, - განუცხადა „საქმის კურსს“ ლექვინაძემ.
ვითარება ენერგოსექტორში მართლაც დამაფიქრებელია. ელექტროენერგიაზე მოთხოვნა იზრდება, ხოლო ახალი პროექტები ვერ ხორციელდება.
ეკონომისტი ემზარ ჯგერენაია ეთანხმება მოსაზრებას ახალი ენერგოპროექტის აუცილებლობის შესახებ. თუკი ჰესი ზიანს არ აყენებს გარემოსა და მოსახლეობას, იგი მისაღებია. ბოლო წლებში მოთხოვნა მუდმივად მზარდია როგორც საქართველოში, ასევე - რეგიონის ქვეყნებში. ამიტომ ყველა ვარიანტში უნდა აიგოს ელექტროენერგიის გენერაციის ახალი სადგურები.
„თუ გარემოზე ზემოქმედების დასკვნა მისაღებია, ჰესის აშენებას პრობლემა არ უნდა შეექმნას. ხალხი ყოველთვის აპროტესტებს მსხვილმასშტაბიან პროექტებს. მაგალითად, ისინი ეწინააღმდეგებოდნენ იმ ჰესების აშენებას, რომლებიც დღეს გამართულად მუშაობს.
ენერგობაზრის მოცულობა იზრდება, რაც მოთხოვნის მატებასაც უწყობს ხელს. იგივე შეიძლება ითქვას მთელ რეგიონზეც. მეზობელ ქვეყნებშიც მზარდია ელექტროენერგიაზე მოთხოვნა, ამიტომ ჩვენ ყველა ვარიანტში უნდა გვქონდეს ელექტროენერგიის გამომუშავების საკუთარი წყაროები, რომ არ აღმოვჩნდეთ მწვავე დეფიციტის წინაშე“, - აღნიშნა ჯგერენაიამ.