რუსეთს ფინანსურ მარწუხებში აქცევენ

რუსეთს ფინანსურ მარწუხებში აქცევენ

თეთრმა სახლმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები იანვრის შემდეგ მეორედ დააწესა, რამაც მოსკოვი ფინანსური კრიზისის წინაშე დააყენა. 6 აპრილს გამოქვეყნებული სანქციები შვიდ რუს ოლიგარქს, რუსეთის ხელისუფლების ჩვიდმეტ მაღალჩინოსანს, იარაღის სახელმწიფო ინდუსტიას და 12 კერძო კომპანიას შეეხება. დარტყმა პირდაპირ პრეზიდენტ პუტინის და მისი გარემოცვის კერძო აქტივებს მიაყენეს, რომელთა გლობალური აქტივები, დაახლოებით, 1.3 ტრილიონ დოლარს შეადგენს.

რუსული რუბლი უფასურდება, აქციები ეცემა, უმდიდრესმა ადამიანებმა ჯამში უკვე 17 მილიარდი დოლარი დაკარგეს. ანალიტიკოსების შეფასებით, აშშ-ის სანქციებით შეშინებული ინვესტორები კონტრაქტებს წყვეტენ რუსულ კომპანიებთან, რის გამოც მათი ფასიანი ქაღალდები უფასურდება.

„ბლუმბერგის“ ინფორმაციით, აშშ-ის მიერ სანქციების შემოღების შემდეგ რუსი მილიარდერების ზარალმა 17 მლრდ დოლარს გადააჭარბა. ყველაზე დიდი ზარალი „ნორნიკელის“ პრეზიდენტ ვლადიმერ პოტანინს მიადგა. მისი ქონება 2,28 მილიარდი დოლარით შემცირდა. „რენოვას“ კომპანიათა ჯგუფის ძირითადმა მფლობელმა ვიქტორ ვექსელბერგმა 1,28 მილიარდი დოლარი, ხოლო „ლუკოილის“ ხელმძღვანელმა და თანამმართველმა ვაგიტ ალეკპეროვმა 1,37 მილიარდი დოლარი დაკარგა.

დიდად დაზარალდა ბიზნესმენი ოლეგ დერიპასკა. „რუსალისა“ და „ენ გრუპის“ ქაღალდების მკვეთრი გაუფასურების ფონზე ოლიგარქის ქონება თითქმის მეოთხედით, ანუ 1.3 მილიარდი დოლარით შემცირდა - 6.7 მილიარდიდან 4 მილიარდ დოლარამდე.

როგორც ცნობილია, აშშ ითხოვს, რომ 5 ივნისამდე ყველა ინვესტორმა ყველანაირი კავშირი გაწყვიტოს 12 რუსულ კომპანიასთან, რომლებსაც რუსი ოლიგარქები - დერიპასკა, ვექსელბერგი, როტენბერგი და შამალოვი აკონტროლებენ.

ეს გაფრთხილება ეხება არა მარტო აშშ-ის მოქალაქეებსა და ამერიკულ კომპანიებს, არამედ ყველა პარტნიორსა და ინვესტორს მესამე ქვეყნიდან. წინააღმდეგ შემთხვევაში, აშშ იმუქრება, რომ სანქციები გავრცელდება მათზეც.

როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, ეს პირველი შემთხვევაა, როცა ამერიკამ რუსეთის ყველაზე მდიდარ ადამიანებზე პირადად მიიტანა იერიში. ამ თვალსაზრისით, აშშ-ის სანქციები რუსეთისთვის ყველაზე მტკივნეული აღმოჩნდა.

„ვფიქრობ, უკვე სანქცირებული ადამიანების აქტივები უნდა გაიყინოს. ეს არ არის სახელმწიფო რეზერვები ან ზოგადად რუსული აქტივები. მე ვსაუბრობ ძმებზე არკადი და ბორის როტენბერგებზე, პუტინის ბანკირ იური კავალჩუკზე, გენადი ტიმჩენკოზე. ეს არიან ადამიანები, რომლებიც პერსონალურად აწარმოებენ ბიზნესს პუტინთან. ამერიკამ მათ სანქციები 2014 წლის გაზაფხულის შემდეგ დაუწესა, მაგრამ მათი აქტივები არ გაუყინავს. ამ ადამიანებს ამერიკაში, ალბათ, ათობით მილიარდი დოლარი აქვთ დაბანდებული.

სანქციებს სამი მიზანი აქვს, ამ ადამიანებს ამერიკაში შემოსვლის უფლება არ მისცეს, გაყინოს მათი აქტივები შეერთებულ შტატებში და ბიზნესის წარმოებაში ყველანაირად შეუშალოს ხელი“, - აცხადებს ამერიკელი ეკონომისტი ანდერს ასლუნდი.

ამასობაში, აშშ-ის კონგრესში რუსეთის სახელმწიფო ვალისა და სახელმწიფო ბანკების წინააღმდეგ სანქციების პაკეტი მომზადდა. კანონპროექტი ამერიკელ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს რუსული სახელმწიფო ვალის ოპერაციებში მონაწილეობას უკრძალავს.

სანქციების ქვეშ მოხვდება 14 დღეს გადაცილებული ამოქმედებული დოკუმენტი, რომელიც რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა ან ფინანსთა სამინისტრომ გამოსცა. აკრძალვა ასევე შეეხება „სბერბანკის“, „ვნეშტორგბანკის“, „გაზპრომბანკის“, „მოსკოვის ბანკის“, „როსსელხოზბანკის“, „პრომსვიაზბანკისა“ და „ვნეშეკონომბანკის“ ობლიგაციებსაც. ჩამოთვლილ ბანკებთან დაიბლოეკება ნებისმიერი ოპერაცია და მათ აქტივებთან შეთანხმებები აიკრძალება.

პარალელურად მიმდინარეობს რუსული რუბლის დევალვაცია. დოლართან მიმართებით 1 რუბლმა უკვე 64-ის ნიშნულს გადააბიჯა, ხოლო 1 ევრო უკვე 79 რუბლი ღირს. როგორც რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი განმარტავს, ბირჟაზე ნეგატიური მოვლენების არსებობა გამოწვეულია ნაწილობრივ კონიუნქტურით, ნაწილობრივ - ემოციური რეაქციით.

„ყველამ ვიცით, რომ ასეთი რამ ხშირად ხდება. ცოტა ხანში იქნება გარკვეული კორექტირება. ახლა, ალბათ, ძნელია იმის თქმა, თუ როგორი, მაგრამ სიტუაცია მკაცრად კონტროლდება“, - განაცხადა პესკოვმა.

ამერიკისთვის მხარის დაჭერას აპირებს უკრაინაც. ქვეყნის პრეზიდენტის პერტო პოროშენკოს განცხადებით, აშშ-ის შემდეგ რუს ოლიგარქებს სანქციებს უკრაინაც დაუწესებს და ამ ოლიგარქებს შორის იქნება ოლეგ დერიპასკაც.