თბილისის მერიამ კომპანია „სითი პარკთან“ ხელშეკრულება ოფიციალურად შეწყვიტა. 10 აპრილიდან, პარკირების ახალი სისტემის ჩამოყალიბებამდე, ფუნქციებს თბილისის სატრანსპორტო კომპანია შეითავსებს. პირველ ეტაპზე მერიამ „სითი პარკიდან“ 102 თანამშრომელი გადმოიბირა, რომლებიც უკვე მერიის სატრანსპორტო კომპანიაში დასაქმდნენ. ამასობაში კი პარკირების კომპანიამ სასამართლოში სარჩელი შეიტანა, სამომავლოდ კი საერთაშორისო დონეზე ჩივილსაც აპირებს.
„როგორც ადრე ვთქვი, დედაქალაქის პარკირების სისტემის მენეჯმენტს თბილისის სატრანსპორტო კომპანია განახორციელებს და ამისთვის იგი სრულ მზადყოფნაშია. შეიქმნა პარკირების სისტემის ვებ-გვერდი, რომლის მეშვეობით მოქალქეები შეძლებენ, როგორც ჯარიმების ისე საფასურის გადახდას, ასევე გაეცნობიან წესებს და სხვა ინფორმაციას“, - აღნიშნა კალაძემ.
თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში როგორც მატერიალური ბაზის, ისე ფიზიკური ძალის მიმართულებით სრულად არიან მზად, მოვალეობა შეასრულონ.
„ჩვენ გვყავს მონიტორინგის სამსახურის წარმომადგენლები, რომლებიც მუნიციპალურ ტრანსპორტში ახორციელებენ ბილეთების შეძენის კონტროლს და სწორედ ისინი შეითავსებენ აღნიშნულ მოვალეობას პირველ ეტაპზე. რესურსი გადანაწილდება თანაბრად და შესაბამისად, არც ერთი საქმე არ დაზარალდება. ჩვენი კომპანია აღნიშნულ მოვალეობას იქამდე შეასრულებს, ვიდრე საჭირო იქნება, სავარაუდოდ წლის ბოლომდე“, - აცხადებენ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში.
მათივე თქმით, შესაბამისი ტექნიკა აქვთ. რაც შეეხება ევაკუატორებს, დროებით იქირავებენ, ხოლო მომავალში გამოცხადდება ტენდერი და თბილისის სატრანსპორტო კომპანია მათ შეიძენს. ამ ეტაპზე ხორციელდება პარკირების ზონების მოწესრიგება, რომ მძღოლებს მაქსიმალური კომფორტი შეექმნათ.
თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელის, მამუკა კობახიძის განცხადებით, „სითი პარკიდან“ სამუშაოდ 102 თანამშრომელი გადავიდა, რომლებთანაც ხელშეკრულებები გაფორმდება. საერთო ჯამში კი, პარკირების სისტემის ადმინისტრირებაში 140-მდე თანამშრომელი იქნება ჩართული.
„სითი პარკის“ 145 თანამშრომლიდან 102-მა გამოხატა სურვილი, რომ ჩვენთან გადმოსულიყო. დღეს მიმდინარეობს ტრენინგი და უფორმდებათ შესაბამისი ხელშეკრულებები. 102 ადამიანიდან 72 კონტროლიორია, 10 ევაკუატორის მძღოლი, 10 დამხმარე და ასევე ოფისის თანამშრომლები“, - განაცხადა კობახიძემ.
პირველ ეტაპზე საპარკინგე სადგურები დედაქალაქში იგივე რაოდენობით და იგივე ადგილზე იქნება განთავსებული. კონტროლიორ-ინსპექტორები აღჭურვილნი იქნებიან შესაბამისი უნიფორმით და ტექნიკური საშუალებებით და ყურადღებას მიაქცევენ, თუ რამდენად სწორად არის განთავსებული მანქანა პარკირების ადგილზე, ექვემდებარება დაჯარიმებას თუ გადაყვანას საჯარიმო სადგურზე.
კობახიძის თქმით, პარალელურად მიმდინარეობს საინფორმაციო აბრების შეცვლა, სადაც განთავსებული იქნება ცხელი ხაზის ნომერი, ასევე თბილისის პარკინგის ინტერნეტ მისამართი - TP.ge.
„ამ მისამართზე ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს შეუძლია მოიძიოს ინფორმაცია როდის აქვს გადახდილი პარკირების საფასური ან როგორ უნდა გადაიხადოს. რაც შეეხება საჯარიმო სანქციებს, აქ არანაირი ცვლილება არ ხდება. ჩვენი პირველი დავალებაა, მაქსიმუმ ერთი თვის ვადაში მოეწყოს საპარკინგე ადგილები და შესაბამისობაში მოვიდეს სტანდარტებთან, პარალელურად მიდის მუშაობა, რომ თბილისში საპარკინგე ადგილები გაიზარდოს.
რაც შეეხება პარკირების საფასურის გადახდას, ნებისმიერ მსურველს ჩვენს ვებ-გვერდზე შეუძლიათ მოიძიონ ეს ინფორმაცია. ჯარიმები და პარკირების საფასური გადაიხადონ ნებისმიერი ბანკის ან სწრაფი გადახდის აპარატების მეშვეობით. ჯარიმების რაოდენობა არც იზრდება და არც მცირდება“, - განაცხადა კობახიძემ.
„სითი პარკი“ რასაკვირველია ასე ადვილად არ ეგუება მარცხს. კომპანიამ თბილისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით რამდენიმე დღის წინათ მიმართა და მერიის იმ გადაწყვეტილების უკანონოდ გამოცხადება მოითხოვა, რომლის მიხედვითაც, კალაძის უწყებამ „სითი პარკთან“ გაფორმებული კონტრაქტი ვადაზე ადრე გაწყვიტა. კომპანიაში აცხადებენ, რომ სამართლებრივ ბრძოლას ისინი საერთაშორისო სასამართლოშიც გააგრძელებენ.
ამასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა თბილისის მერმაც. კახა კალაძის თქმით, „სითი პარკისა“ თემა მათთვის აღარ არის საინტერესო. „ამაზე უკვე ვისაუბრეთ, გავაკეთეთ განცხადებები. თუ ისინი წავლენ სასამართლოში, ჩვენც შესაბამისად დავიცავთ ჩვენს პოზიციას“, - აღნიშნა კალაძემ.