ბევრი ხორბალი, ცოტა სიმინდი

ბევრი ხორბალი, ცოტა სიმინდი

[გიორგი ბექაური]

წლევანდელი მარცვლეულის მოსავლის შესახებ აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში მკვეთრად განსხვავებული ვითარებაა. თუკი აღმოსავლეთში ხორბალმა და ქერმა მეტად იხეირა და სარეკორდო მოსავალსაც იწევენ, დასავლეთში სიმინდის საქმე, შარშანდელის მსგავსად, კვლავაც რთულადაა.

ბოლო ინფორმაციით, კახეთში მეტად უხვი ალოობაა. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში კახეთში მარცვლეული კულტურების უპრეცედენტო მოსავალი მოვიდა. „წინა წლებში ერთ ჰექტარზე ქერის მოსავალი 2,5 ტონა თუ გამოვიდოდა, ეს დიდ მიღწევად ითვლებოდა.  წელს, ვინც ყანებს მოუარა, გაცილებით მეტი მოსავალი გამოდის.  სიღნაღში ქერის მოსავალი 4-5 ტონამდე ავიდა. ზოგან 6 ტონაც კი აიღეს ჰექტარზე“, - აცხადებს პრეზიდენტის რწმუნებული კახეთში გიორგი ღვინიაშვილმა.

მისი აზრით, მარცვლეული კულტურების უხვი მოსავალი სოფლის მეურნეობის დარგში სათანადოდ მომზადებული კადრების დამსახურებაა.

„ჩვენ აგრონომების შტატები დავამატეთ მუნიციპალიტეტების გამგეობებში, რომლებიც ფერმერებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს ასწავლიან მოსავლის მოყვანას. გარდა ამისა, ამინდმაც ხელი შეგვიწყო“, - აღნიშნა გუბერნატორმა.

კახეთის საინფორმაციო ცენტრის ცნობით, ხორბლის ყველაზე დიდი მოსავალი გურჯაანში მოვიდა. საშუალო საჰექტარო მოსავლიანობა 5-6 ტონაა.

„ვინც აგროვადები დაიცვა, ჰექტარზე 6,1 ტონა მოსავალი აიღო.  ოფელ ჩუმლაყში, ერთ-ერთ ნაკვეთში ჰექტარზე 6,8 ტონა ხორბალიც მიიღეს. კომბაინს უჭირდა სიარული, ისეთი ხშირი ყანა იყო“, - აღნიშნა გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ სოფლის მეურნეობის დარგში ვალერი გორგიშელმა.

აგრონომები ხორბლის უხვმოსავლიანობას სამი ფაქტორით ხსნიან:  აგროვადების დაცვა, საკვები მინერალებით მდიდარი ნიადაგი და ამინდი. წინასწარი მონაცემებით, გურჯაანის რაიონში 2 500 ჰექტარი ხორბლის ნათესებიდან 20 000 ტონამდე მოსავალს აიღებენ. 800 ჰექტარი ქერის ნათესებიდან კი ჰექტარზე, საშუალოდ, 4-5 ტონას ელოდებიან.

მუნიციპალიტეტების გამგებლები ირწმუნებიან, რომ წლეულს მარცვლეული კულტურების ასაღებად კომბაინი არც ერთ რაიონს არ უჭირს. სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებლის ნოდარ კოჭლამაზაშვილის თქმით, კომბაინის გამოწერა და მოსავლის აღება ჰექტარზე, დაახლოებით, 85-დან 100 ლარამდე ჯდება.

„ამ ფასში შედის საწვავის ფასი და მომსახურეობა. ხორბლის გადასატანად მანქანის მომსახურეობის ფასიც მანძილის მიხედვით არის განსაზღვრული“, - აღნიშნავს გამგებელი.

სტატისტიკური მონაცემებით, კახეთში ხორბალი სულ 37 100 ჰექტარზეა დათესილი. მათ შორის, 8 340 ჰექტარი ჯაგერის ჯიშისაა, დანარჩენი სხვადასხვა ჯიშებია. ქერის ნათესები კი 3 553 ჰექტარს შეადგენს. რეგიონში 1 კილოგრამი ხორბლის გასაყიდი ფასი ამ დროისთვის 55 თეთრია, ქერის კი 60-დან 70 თეთრამდე მერყეობს.

მარცვლეულის მოსავლიანობასთან დაკავშირების ჯერჯერობით, გაურკვეველი ვითარებაა დასავლეთ საქართველოში. აქ სიმინდის აღებამდე დიდი დროა დარჩენილი და მაინც და მაინც საუკეთესო მოსავალს არავინ ელის. საქმე ისაა, რომ უამინდობის გამო, გაზაფხულზე სიმნიდის თესვა დაგვიანდა. ვინც მაინც გარისკა და დათესა, ბევრს ვერაფერს გამორჩა, რადგან იმერეთში, გურიასა და სამეგრელოში ამ დრომდე ნათესებისთვის ხელსაყრელი ამინდი არ გამოსულა. დაგვიანებულმა აგროვადებმა კი სიმინდის მოსავლის პერსპექტივება მეტად გააუარესა.

ამასობაში რეგიონებში მარცვლეული მკვეთრად გაძვირდა. ძველი მარაგი თითქმის ამოწურულია, ახალ მოსავალს კი წელს, როგორც ქართველი გლეხები ამბობენ, დააგვიანდება.

ამ ეტაპზე 1 კგ სიმინდის ფქვილი 2,50 ლარად იყიდება. 1 ფუთი (16 კგ) მარცვლეულის ფასი 30 ლარს აღწევს. კერძო წისქვილებსა და ზოგიერთ სავაჭრო ობიექტში 1 კგ სიმინდის ფქვილი 3 ლარადაც იყიდება. გლეხები ამბობენ, რომ ახალი მოსავლის მიღებამდე ფასი კიდევ მოიმატებს.

2009 წელს სიმინდის თვითუზრუნველყოფის მაჩვენებელმა 98 პროცენტი შეადგინა, მაგრამ სოფლის მეურნეობის სფეროს ექსპერტების გათვლით, შარშან ეს მაჩვენებელი 40-45 პროცენტამდე შემცირდა. სიმინდის დიდი ნაწილი გვალვებისა და მავნებლებისგან განადგურდა.

სიმინდს განსაკუთრებით გაუჭირდა დასავლეთ საქართველოში, კერძოდ, გურიასა და სამეგრელოში, სადაც მავნებლები მომრავლდა.  მოუსავლიანობის გამო, ყველაზე მძიმე მდგომარეობაში გურია აღმოჩნდა, სადაც სიმინდი და ლობიო მოსახლეობის ძირითადი საკვებია. გურული გლეხები შიშობენ, რომ ახალი მოსავლის მიღებამდე სიმინდის დეფიციტი უფრო მწვავე იქნება.