გარევაჭრობასთან დაკავშირებით დედაქალაქის მერია რეგულაციების გამკაცრებას გეგმავს. ჯერჯერობით მოვაჭრეებთან ბრძოლამ სასურველი შედეგი ვერ გამოიღო. მართალია, გარევაჭრობის მასშტაბები შემცირდა, მაგრამ მისი აღმოფხვრა ვერაფრით ხერხდება. მერიაში იმედოვნებენ, რომ ჯარიმების გაზრდით საკითხი გადაიჭრდება.
უნებართვო გარევაჭრობა 20 ლარის ნაცვლად, 50 ლარით დაჯარიმდება. განმეორებით შემთხვევაში, პირს 100 ლარის ნაცვლად, 300 ლარი დაეკისრება. კახა კალაძემ კანონპროექტი პარლამენტს უკვე გადაუგზავნა.
თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურში აცხადებენ, რომ კანონმდებლობის შეცვლა მოსახლეობის მოთხოვნიდან გამომდინარეობდა. გიორგი ბაგრატიონის თქმით, გარევაჭრობის შედეგად გამოწვეულ პრობლემებზე ზედამხედველობის სამსახურის ცხელ ხაზზე უამრავი ზარი ხორციელდება.
„ერთწლიანმა პრაქტიკამ გვანახა ის, რომ ამ მიმართულებით საჭიროა სხვადასხვა სახის ცვლილებები. კანონმდებლობით გარევაჭრობა ერთი ჩანთის პრინციპით იყო დარეგულირებული. ახალ ჩვენ ეს დავყავით ორ ნაწილად. იმ შემთხევაში თუ სატრანსპორტო ან მასზე მისაბმელი საშუალების ან სხვა მექანიკურად მოძრავი საშუალების გამოყენებით მოხდება გარევაჭრობა, ჯარიმა დაახლოებით, 1000 ლარი იქნება. ამ მიმართულებით ჩვენ ძალიან მკაცრები ვიქნებით.
რაც შეეხება ერთი ჩანთის პრინციპს, ამ შენთხვევაში ჯარიმა 20 ლარის ნაცვლად 50 ლარით განისაზღვრება. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობდით არ დაგვეჯარიმებინა გარემოვაჭრეები, სიტყვიერად ვუხსნიდით და თუ არ დაგვემორჩილებოდნენ, მაშინ ხდებოდა კონფისკაცია. ეს ცვლილებები არის აუცილებელი და მნიშვნელოვანი ჩვენი ქალაქისთვის“, - განაცხადა გიორგი ბაგრატიონმა.
ადვოკატთა ასოციაციის ყოფილი თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი ამბობს, რომ ხელისუფლების დამოკიდებულება გარემოვაჭრეებთან ფეოდალურ სისტემას ჰგავს და მსგავსი დამოკიდებულება შესაცვლელია.
„როდესაც ადამიანებს სამსახური არ აქვთ, ვაჭრობისთვის მათი დაჯარიმება სამარცხვინოა. მთავრობის მიდგომა მაგონებს ფეოდალურ ეპოქას და მათი პოზიცია უნდა შეიცვალოს. თავად არ შეუძლიათ, ეკონომიკა გააუმჯობესონ და ადამიანების დაჯარიმებით უნდათ ბიუჯეტის შევსება.
მოსახლეობა იმდენად დაღლილია პრობლემებით, რომ პროტესტის გამოხატვის თავიც კი აღარ აქვს. არავის ეგონა და პირადად მეც გამიკვირდა, როდესაც „ბავშვთა სამყაროს“ გადაწვის ამბავი დადასტურდა და დაიდო ექსპერტის დასკვნა, საპროტესტო აქციაც კი არ გაუმართავთ. ხალხი იმდენად გადაღლილია, რომ არაფრის თავი აღარა აქვს, ხელისუფლებას კი მათი სატკივარი არ აინტერესებს“, - აღნიშნა ხატიაშვილმა.
„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შემავალ ცვლილებას სისულელეს უწოდებს თბილისის მერობის ყოფილი კანდიდატი ალეკო ელისაშვილი. როგორც მან „კომერსანტს“ განუცხადა, გასაკეთებელია ნომენკლატურა, რათა განისაზღვროს რითი და სად შეიძლება ვაჭრობა. ელისაშვილი აღნიშნავს, რომ გარევაჭრობა ურბანული ცხოვრების ჩვეულებრივი ნაწილია.
„გარევაჭრობას გამკაცრება და ბრძოლა კი არა, მოწესრიგება სჭირდება. გააჩნია სად, როგორ და რითი ვაჭრობ, ლურჯი ტენტით არ უნდა შემოღობოს რუსთაველის ძეგლი და იქ ახალდაკლული ხორცი არ უნდა გაყიდოს, ეს გასაგებია, მაგრამ არის სხვა სახეობის პროდუქტი, მაგალითად, ხილი რომლით ვაჭრობაც მისაღებია, მაგრამ კონკრეტულ ადგილას და კონკრეტული არქიტექტურული ფორმები უნდა ჰქონდეს ამ ყველაფერს. ხელისუფლებაში რატომ ვერ ხვდებიან ამას, ეს ჩემთვის გაუგებარია. ახალი რეგულაციები ამაო ცდა იქნება, დატანჯავენ ცალკე ზედამხედველობის სამსახურს და ცალკე გარემოვაჭრეებს“, - განაცხადა ელისაშვილმა.