კომერციული ბანკებიდან, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიდან თუ სხვა საფინანსო დაწესებულებებიდან სესხს ყოველწლიურად სულ უფრო მეტი ადამიანი იღებს. ხშირია შემთხვევა, როდესაც ერთი ადამიანი ორი ან მეტი კრედიტით სარგებლობს. ჯერჯერობით ყოველგვარი მცდელობა ჭარბვალიანობის საკითხის მოგვარებისა, უშედეგოა. ხალხი ჯერ ეფლობა საკრედიტო ჭაობში, ხოლო შემდეგ კარგავს ყველაფერს, რაც კი გააჩნია.
მოსახლეობის ჭარბვალიანობაზე მიუთითებს „კრედიტ-ინფოში“ არსებული ჩანაწერების რაოდენობაც, რომელიც ყოველწლიურად იზრდება. ამ ეტაპისთვის ბაზაში სულ 24 687 694 ჩანაწერია, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4 მილიონით არის გაზრდილი.
მართალია, 24,6 მილიონიდან ზოგი სესხი უკვე დაფარულია, თუმცა ფაქტია, რომ ზრდა დიდია. დღეის მდგომარეობით, სულ აქტიური 5 880 113 სესხია.
ამ ეტაპზე „კრედიტ-ინფოს“ ბაზაში ჩანაწერი სულ 2 537 374 ფიზიკურ პირსა და 94 193 იურიდიულ პირზე არსებობს. „ბიპიენის“ინფორმაციით, ამა თუ იმ ტიპის საკრედიტო ვალდებულება სწორედ ამდენ ადამიანს და კომპანიას გააჩნია.
ბოლო აღწერით საქართველოში სულ 3 718 200 ადამიანი ცხოვრობს, შესაბამისად, გამოდის, რომ სესხით მთლიანი მოსახლეობის დაახლოებით 68,2% სარგებლობს.
დღეს ქვეყანაში 287 ათასი იპოთეკით დატვირთული ქონებაა რეგისტრირებული და აქედან დაახლოებით 70% პრობლემურია, ანუ ადამიანები ვერ იხდიან აღებულ ფინანსურ ვალდებულებას და ემუქრებათ საფრთხე, რომ გარანტიად ჩადებული ქონება დაკარგონ. ეს კი ნიშნავს, რომ მოსახლეობის დაახლოებით 25%-ია დღეს მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში.
საქართველოს მოსახლეობა უკვე არის მონაწილე იმ სასესხო პირამიდისა, რომელიც მუდმივად მაღლა მიიწევს. ფინანსისტ ირაკლი ბერძენაძის აზრით, ერთადერთი გამოსავალი რჩება თავად ბანკების მხრიდან, სესხებზე რეგულაციის დაწესების ნაცვლად, მსესხებლის ასაკის განსაზღვრაა, რაც არსებულ პრობლემას მეტ-ნაკლებად დაარეგულირებს.
„მსესხებლის ასაკი უნდა განისაზღვროს მკაცრად. მაგალითად, 23 წლამდე არ უნდა გაიცემოდეს არც ერთ პირზე კრედიტი, როგორი სახით უზრუნველყოფილიც არ უნდა იყოს ის. ეს მდგომარეობას შედარებით გამოასწორებს“, - აღნიშნა ბერძენაძემ.
2006 წელს სამოქალაქო კოდექსში შეტანილი ცვლილებების შედეგად, კრედიტორსა და მოვალეს შორის არსებული საკანონმდებლო ბალანსი მნიშვნელოვნად გადაიხარა კრედიტორების სასარგებლოდ და დღეს მოვალე, ფაქტობრივად, დაუცველია. კანონი შესაძლებლობას აძლევს კრედიტორს, რაც შეიძლება მარტივად ჩაიგდოს ხელში მოვალის ქონება.
იპოთეკით დაზარალებულთა ასოციაციის თავმჯდომარე მამისა ჯაფარაშვილი ამბობს, რომ ხელისუფლება ვირტუალურ სამყაროში ცხოვრობს, ხოლო ხალხი, რომელიც რეალურად ბანკის ვალებქვეშ გმინავს – სხვა სამყაროში.
„მაშინ, როცა მოსახლეობა აბსოლუტურად გადახდისუუნაროა და ვალში იხრჩობა, ბანკები ყოველდღიურად ისაკუთრებენ უძრავ ქონებას. ისინი არა მხოლოდ ჩვენ, სახელმწიფოსაც ყიდიან და სახელმწიფო საკუთრება უცხო ქვეყნის მოქალაქეების ხელში გადადის. ამის უშუალო მაგალითები არსებობს. დღეს, მარტო დედოფლისწყაროში 750 000 ჰექტარი მიწა „საქართველოს ბანკის“ საკუთრებაში გადავიდა“, – განაცხადა მამისა ჯაფარაშვილმა. მისი თქმით ეკონომიკასა და განვითარებაზე სახელმწიფო როდესაც სტატისტიკას აქვეყნებს, იგი აბსოლუტურად მოწყვეტილია ყოველგვარ რეალობას.