ავერსი, პე-ეს-პე, ჯიპისი - შარლატანები თუ ფარმაცევტული კომპანიები

ავერსი, პე-ეს-პე, ჯიპისი - შარლატანები თუ ფარმაცევტული კომპანიები

[ნანა მაისაშვილი]

ტაბუდადებული ბიზნესი! დუმილი, რომელიც მილიონები ღირს და აქედან დამკვიდრებული მთავარი სლოგანი – "ყველა ჩვენი პარტნიორია", საზოგადოების გარდა! ეს რეალობაა, რეალობა, რომელიც მოსახლეობას სიცოცხლის ფასად უჯდება... 

ფარმაცევტული ბაზარი და ამ ბაზარზე არსებული განუკითხაობა -  ქართული ფარმაცევტული ბიზნესი, სადაც სამად სამი კომპანია - ავერსი, პე-ეს-პე და ჯი-პი-სი დომინირებს... მათი მოქმედების ზონა საქართველოს 70%-ს მოიცავს, დანარჩენი 30% იმ უბრალო მიზეზით ვერ აითვისეს, რომ ეს ტერიტორიები სახელმწიფოს დაკარგული აქვს. 

გაუკონტროლებელი მონოპოლია და ათასობით დაზარალებული ადამიანი, ფაქტები, რომლის გადამოწმება სავალდებულო არ არის! ფაქტები, რომლის არსებობასაც ადასტურებენ, როგორც ქართველი ექსპერტები, ისე - საერთაშორისო სექტორის წარმომადგენლები. ფაქტები, რომლებზედაც რეაგირებას ხელისუფლება არ ახდენს! რა ხდებს სინამდვილეში ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე?

ყველაზე ხშირად ავერსი-ფარმას და პე-ეს-პეს უწევს თავის მართლება, რომ ისინი მონოპოლისტები არ არიან. ავერსის პიარსამსახურის წარმომადგენელმა არაერთხელ განაცხადა ოფიციალურად: „არა მაქვს იმის შესახებ ინფორმაცია თუ ბაზრის რა პროცენტს ვფლობთ ჩვენ. მოსაზრებას, რომ ავერსი მონოპოლისტი კომპანიაა ნამდვილად არ ვეთანხმები.“ 

დაახლოებით იგივეს აცხადებს პე-ეს-პეს პიარი: „ჩვენ ბაზრის 22%-ს ვფლობთ, აქედან გამომდინარე, როგორ შეიძლება მონოპოლისტები ვიყოთ? შეიქმნას ანტიმონოპოლიური სამსახური და დაარეგულირებს ვითარებას“.  

სხვა თემაა, თუ რატომ არ იცის ავერსის პიარმა ავერსის დაფარვის ზონა (სხვა რა ევალება?) და სხვა თემაა პიარმა თუ არ იცის რამდენ პროცენტს ფლობს ფირმა, მაშინ როგორ, საიდან ასკვნის, რომ ავერსი მონოპოლისტი კომპანია არაა. 

საქართველოში ყველამ იცის, რომ ანტიმონოპიური სამსახური, სწორედ მსხვილი კომპანიების ინტერესთა გათვალისწინებით გააუქმა ხელისუფლებამ კახა ბენდუქიძის ხელისუფლებაში მოსვლისთანავე და მისივე ინიციატივით,  მარეგულირებლები მხოლოდ ენერგეტიკის, კომუნიკაციებისა და ფინანსურ სექტორში დარჩა. მეტიც ფარმაციის ბაზარზე არსებულ სრულ უკონტროლობას, უხარისხო, ხშირად ჯანმრთელობისთვის საშიში წამლების რეალიზაციასა და ქაოსს ექსპერტები სწორედ ხელისუფლებასა და კომპანიებს შორის არსებულ გარიგებას უკავშირებენ.

თუ ხელი ხელს ბანს და ორივე ერთად - პირს, გამოდის, რომ საზოგადოება, რომელიც ფარმაცევტულ კომპანიებსაა მიბმული, ცალხელაა! მას არც პირის დაბანა შეუძლია და ცალი ფეხიც სამარეში უდგას.

პრობლემა პირველისაკანონმდებლო ბაზა

მსოფლიოს ყველა სახელმწიფოში, იშვიათი გამონაკლისის გარდა, ფუნქციონირებენ სპეციალური სამსახურები, რომლებიც ზედამხედველობას უწევენ ფარმაციულ საქმიანობას. 2004 წელს, ვარდების რევოლუციიდან რამდენიმე თვეში,  ფარმაცევტული დეპარტამენტის, ფარმაცევტული საქმიანობის ინსპექციის, ფარმაკოპეისა ფარმაკოკოლოგიის კომიტეტების, ნარკოტიკების რეგალური ბრუნვის ინსპექციის გაერთიანება მოხდა და შეიქმნა ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება „წამლის სააგენტო“, რომელმაც ისე იმუშავა, რომ ფარმაცევტული კომპანიები  აშკარად გააღიზიანა. შედეგად 2008 წელს„წამლის სააგენტო“ სანაგვეში მოისროლეს. 

ქვეყანაში ძლიერი წამლის სააგენტო და მყარი პროფესიული საკანონმდებლო ბაზის არსებობა ხელს არ აძლევდათ მონოპოლისტებს, მათ დაინახეს საფრთხე იმისა რომ ვიღაცას შეეძლო მათი საქმიანობა შეემოწმებინა. საქართველოს კანონმდებლობით, სახელმწიფო არ ერევა ფარმაცევტულ ბაზარზე სამკურნალო საშუალებების ფასთა წარმოქმნისა და რეგულირების პოლიტიკაში, რაც არის მედიკამენტებზე არსებული კატასტროფული ფასის მიზეზი. 

დაუდგენელია იმპორტის შემდეგ რამდენი პროცენტის მომატების უფლება აქვს საბითუმო რეალიზაციისას და რამდენი პროცენტის - საბითუმოდან საცალოდ რეალიზაციისას. თითქმის, ყველა ქვეყანაში დიფერენცირებულია საბითუმო და საცალო ფასები, საქართველოს გარდა.   

ფარმაცევტული საქმიანობის მაკონტროლებელი ორგანო არ არის უფლებამოსილი დაადგინოს მედიკამენტების თვითღირებულება. კანონი მხოლოდ საბითუმო რეალიზაციას ეხება და ერთი სიტყვითაც არ ეხება საცალო რეალიზაციას.  ექსპერტები ვარაუდობენ რომ სწორედ ეს ხარვეზი გახდა ფარმაცევტული ბაზრის მონოპოლიზაციის, უფრო სწორად ტრიპოლიზაციის (ავერსი, პე-ეს-პე, ჯი-პი-სი) მიზეზი. 

ქართულ სინამდვილეში დამკვიდრდდა ტერმინი წვრილ-საბითუმო ვაჭრობა (როგორც წესი, ვაჭრობა არის საბითუმო და საცალო) მონოპოლისტებს მიეცათ საშუალება შთაენთქათ წვრილი მეწარმეები - მსხვილმა კომპანიებმა საცალო მომხმარებელზე (პაციენტებზე) დაიწყეს სამკურნალო საშუალებების იმ ფასად გაცემა, რა ფასადაც გასცემდნენ აფთიაქებზე.

წვრილი აფთიაქები გაკოტრდნენ, ისინი ფინანსურად სრულ დამოკიდებულებაში აღმოჩნდნენ ამ კომპანიებთან და იძულებულნი გახდნენ თავისი ქსელები უკვე გიგანტი კომპანიებისათვის გადაეცათ . 

„ამჟამად ბაზარზე დარჩენილი აფთიაქების უმრავლესობა იძულებულია საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მოაგვაროს თავისი ფინანსური პრობლემები. კერძოდ: კონტრაბანდული გზით სამკურნალო საშუალებების საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანა, ფსიქორტოპული მედიკამენტების ურეცეპტოდ გაცემა, არარეგისრტირებული სამკურნალო საშუალებების ბრუნვა და ასე შემდეგ”, - აცხადებს პრესაგე.ტვ-სთან საუბრისას ასოციაცია „გვახსოვდეს ჰიპოკრატეს“ ხელმძღვანელი მარინა ბერაძე.

ამ ფონზე ბავშვიც კი მიხვდება, რომ დამნაშავეები არიან არა წვრილი მეწარმეები, არამედ მსხვილი კომპანიები, რომლებიც ფარმაციას უყურებენ არა როგორც მეცნიერებას, არამედ როგორც ვაჭრობისა და ფულის შოვნის ერთ-ერთ კარგ საშუალებას. 

პრაქტიკამ ცხადყო, რომ დასავლეთში საცალო ქსელის გახსნის უფლება არ აქვთ საბითუმო ქსელის მეპატრონეებს. საქართველოში კი პირიქითაა - საბითუმო და საცალო ქსელები ჯი-პი-სის, ავერსისა და პე-ეს-პეს მფლობელობაშია, მათივე კუთვნილებაა ფარმაციული წარმოებები, სამკურნალო დაწესებულებები და სადაზღვევო კომპანიები. 

„ასეთ პირობებში ჯანსაღ კონკურენციაზე კი არა, საერთოდ კონკურენციის არსებობაზეც კი ზედმეტია ლაპარაკი“, - აცხადებს ბერაძე. 

ფარმაციაში არსებული მონოპოლიის მსგავსად ექსპერტები სადაზღვევო სექტორში მონოპოლიზაციის საფრთხეზე საუბრობენ.

„გამოდის რომ თვითონ იხდის, თვითონ მკურნალობს, თვითონვე ამოწმებს, წამალსაც თვითონ ამზადებს და ბოლოს, ყველაფერ ამას თვითონვე ამოწმებს? დაუშვებელია ერთი და იმავე ბიზნესჯგუფის ხელში მოექცეს წამლის წარმოება, მისი დანიშვნა, მკურნალობა, ანაზღაურება და ბენეფიციარის მკურნალობის ხარისხის კონტროლიც“, - ეს განცხადება ექსპერტმა თინა ტურძელაძემ რამდენიმე თვის წინ გააკეთა.

„ხშირად ავერსის ხელმძღვანელობა საზოგადოებას უმტკიცებს, რომ კომპანია ზრუნავს ხალხზე ხარისხისა და ხელმისაწვდომი ფასების თვალსაზრისით, მაშინ როდესაც „ავერსი რაციონალის“ მიერ წარმოებული სამკურნალო საშუალებები გაცილებით იაფი ღირს სომხეთის ფარმაცევტულ ბაზარზე, ვიდრე საქართველოში. საქართველოს ბაზარზე კი გაცილებით ძვირი ღირს იმპორტირებული სამკურნალო საშუალებები, ვიდრე ევროპის ბევრ ქვეყანაში“, - აცხადებს ჩვენთან საუბრისას მარინა ბერაძე.

უფრო ნათელი რომ იყოს, პრესაგე.ტვ შესადარებლად გთავაზობთ რამდენიმე მედიკამენტის ფასებს:

ავერსი რაციონალში წარმოებული:

„მელონის“ სიროფი საქართველოში ცოტა ხნის წინ ღირდა დაახლოებით 5,80 ლარი, სომხეთში - 1000 დრამი, ანუ 2,70 ლარი.

„მელონი“ 30 აბი, საქართველოში - 5,40 ლარი, სომხეთში - 1037 დრამი, ანუ 2,76 ლარი. „ეფექტი ფლუ“ 10 კაფსულა, საქართველოში - 3,81 ლარი, სომხეთში - 725 დრამი, ანუ 1,93 ლარი.

ჯი-პი-სის სააფთიაქო ქსელში:

„სანდოსტატინი“ მწარმოებელი „NOVARTIS PHARMA“ - საბერძნეთში 1 მლ/გრ. 5 ამპულა ღირდა დაახლოებით 104 ლარი, საქართველოში იგივე დოზით იგივე პრეპარატი  - 214,90 ლარი.

„დუფაატონი“ 10 მლ/გრ 20 აბი, მწარმოებელი „SOVLAY PHARMA“, მწარმოებლის ფასია 2,37 ევრო, ქსელში გასაყიდი ფასია 3,49 ევრო, რაც დაახლოებით 11,58 ლარია. ეს პრეპარატი საქართველოში ღირს 31,72 ლარი ანუ, გასაყიდ ფასზე სამჯერ მეტი. „სირდალუდი“ 2 მლ/გრ 30 აბი, მწარმოებელი „NOVARTIS PHARMA“, ევროპაში წამლის ფასია 2,56 ევრო, ქსელში გასაყიდი 3,73 ევრო ანუ, დაახლოებით 8,6 ლარი. საქართველოში ეს პრეპარატი ღირს გასაყიდ ფასზე სამჯერ მეტი - 16,50ლარი.

იმპორტირებულ წამლებზე კოლოსალურ ფასნამატებს კომპანიები საგადასახადო ხარჯებსა და ვალუტის კურსის ცვლილებას აბრალებენ. ამის პასუხად ორგანიზაცია „გვახსოვდეს ჰიპოკრატე“-მ 2010 წლის მაისის თვითმმართველობის არჩევნების წინ ჩაატარა ე.წ. საკონტროლო შესყიდვები და თბილისის სხვადასხვა უბანში შეიძინა წამლები: 

„მივიღეთ უცნაური სურათი. ავერსის ხელმძღვანელობა, როგორც ჩანს, ძალიან ზრუნავს გლდანის და ვარკეთილის მოსახლეობაზე. ამ უბნებში სამკურნალო საშუალებები 22%-ით იაფი ღირდა, ვიდრე ვაკე-საბურთალოს რაიონში. ამასთანავე, ავერსი თვითნებურად ცვლიდა ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ვალუტის კურსს საცხოვრებელი უბნების მიხედვით, რითაც აღწევდა მისთვის სასურველ, ასე ვთქვათ „კანონიერ“ ფასებს. 

სხვათა შორის, ფასდაკლება არ აისახებოდა მედიკამენტების ჩამონათვალში. ჩვენ ხელთ გვაქვს ავერსის ღირებულების ფურცლების რამდენიმე ამონაბეჭდი: 16.04.2010 წელი, ავერსის გლდანის აფთიაქში დოლარის კურსი იყო 1.635, საბურთალოზე - 1,75, ვარკეთილში - 1,635. ავერისის რუსულენოვან ღირებულების ფურცელზე, სომხებისთვის, დოლარის კურსი ნაჩვენებია 1,65. ამ მონაცემების საფუძველზე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რამდენად დიდ რესურსს ფლობს ავერსი მედიკამენტებზე ფასთწარმოქმნაში... ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით „ავერსი რაციონალის“ ფარმაცევტულ წარმოებაში არ ჩატარებულა არანაირი შემოწმება, ასევე გრძელდება დღესაც რეგულირების სააგენტოს მიერ. 

ავერსი აღნიშნავს, რომ მათ კომპანიაში ბევრი ადამიანია დასაქმებული. ვსვამ კითხვას - რა ვუყოთ წვრილი და საშუალო აფთიაქების დაძირვით უმუშევრად დარჩენილ ათეულობით ოჯახს? ამაზე უფიქრია ვინმეს?“ - აცხადებს პრესაგე.ტვ-სთან საუბრისას მარინა ბერაძე.

P.S. უახლოეს დღეებში  პრესაგე.ტვ ამ თემაზე  კვლავაც შემოგთავაზებთ პუბლიკაციებს