დიდი საზღვაო პროტესტი ბათუმში

დიდი საზღვაო პროტესტი ბათუმში

ბათუმის საზღვაო პორტის თანამშრომლებმა შიმშილობის აქცია დაიწყეს, რომელშიც წინასწარი ინფორმაციით, 5 ადამიანი მონაწილეობდა, მაგრამ შემდეგ მათი რიცხვი 10-მდე გაიზარდა. პროტესტის მიზეზია საზღვაო ნავსადგურში დაწყებული რეორგანიზაცია, რომლის გამოც, რამდენიმე ხნის წინ სამსახურიდან დაითხოვეს საპენსიო ასაკს მიღწეული თანამშრომლები.

აქციის მონაწილეები შიშობენ, რომ უსამსახუროდ დარჩენა ემუქრება არასაპენსიო ასაკის თანამშრომლებსაც. ამიტომ ბათუმის პორტის დირექტორის გადადგომას მოითხოვენ. პორტის მუშაობა პარალიზებულია.

„ვითხოვთ დირექტორის უპირობო გადადგომას, მანამდე ვიშიმშილებთ. მიზეზია თანამშრომლების შემცირება, რეორგანიზაციის პროცესი და სამედიცინო დაზღვევის გაუარესება“, - განაცხადა პორტის თანამშრომელმა თენგიზ სურმანიძემ.

„დირექტორს გეგმები ჰქონდა რომ გაეშვა ეს ხალხი, პროცესი დაიწყო პენსიონერებიდან. თანაც არ გაგვაფრთხილეს. ზეწოლა იყო პენსიონერებზე. ორი კვირის განმავლობაში 26 კაცი გაუშვა, მერე ხელწერილებით 50 ადამიანის გაშვება შევაჩერებინეთ. ახლა დირექტორის გადადგომას ვითხოვთ. ამ დროისთვის არვინ მუშაობს“, - აღნიშნა ნავსადგურში დასაქმებულმა გელა ლორიამ.

ბათუმის პორტის თანამშრომლების განცხადებით, დირექტორი მათზე ზეწოლას ახორციელებს და აიძულებს სამსახური პირადი განცხადების საფუძველზე დატოვონ. გავრცელებული ინფორმაციით, რეორგანიზაციის პროცესი, ძირითადად, საპენსიო ასაკის თანამშრომლებს შეეხება. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, რეორგანიზაციის პროცესი ფარულად მიმდინარეობს და დაახლოებით 100 ადამიანის გათავისუფლება იგეგმება.

„შემცირებას აპირებენ იმის საფუძველზე, რომ თითქოს საწარმო ასე უფრო წარმატებული იქნებაო. სანამ დირექტორი არ წავა, შიმშილობას არ შევწყვეტთ, ის ჩვენთვის დირექტორი აღარ არის. მოლაპარაკების მცდელობა გვქონდა, წერილითაც მივმართეთ, მაგრამ პასუხი არ მიგვიღია“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

თავის მხრივ, ბათუმის პორტის ადმინისტრაცია რეორგანიზაციას გარდაუვალს უწოდებს და თანამშრომლებს პირობებზე მოლაპარაკებას სთავაზობს. პორტის დირექტორი ადასტურებს, რომ რეორგანიზაცია იგეგმება. მუამედ რაიმ დანიარ ნურლანოვიჩის დასაქმებულებს მოლაპარაკების პროცესში ჩართვას სთავაზობს.

„ჩვენ ვთავაზობთ სასაუბროდ დავსხდეთ, თუმცა ისინი აგრესიაზე გადმოდიან და თანამშრომლობაზე უარს აცხადებენ. რეორგანიზაცია იგეგმება ამიტომ უმჯობესია მოლაპარაკება შედგეს“, - აცხადებდა დირექტორი.

მისივე განმარტებით, პორტში მუშაობენ საპენსიო ასაკს მიღწეული მოქალაქეები, რომლებსაც სხვადასხვა სახის პრობლემები აქვთ. არ არის გამორიცხული, სამსახურის გარეშე სხვა თანამშრომლებიც დარჩნენ.

თუმცა, პროტესმ შედეგი გამოიღო და ბათუმის პორტის ხელმძღვანელობამ დაგეგმილი რეორგანიზაცია შეაჩერა. გადაწყვეტილების შესახებ, პორტის გენერალურმა დირექტორმა დანიარ მუჰამედ-რაქიმმა გააკეთა განცხადება:

„ბათუმის პორტში შექმნილ კრიზისულ სიტუაციასთან დაკავშირებით აჭარის ავტონომიური მთავრობის მომართვისა და მათთან გამართული კონსულტაციების შემდეგ, სააქციო საზოგადოება „ყაზტრანსოილმა“ გადაწყვეტილება მიიღო შეჩერდეს რეორგანიზაციის პროცესი, მანამდე, ვიდრე პორტისთვის მაქსიმალურად ხელსაყრელი გადაწყვეტილება არ მოიძებნება“, - განაცხადა ჟურნალისტებთან გენერალურმა დირექტორმა.

თუმცა, პორტის თანამშრომლები ისევ გაფიცულები არიან და ამბობენ, რომ გენერალური დირექტორის განცხადება არ აკმაყოფილებთ და მისი გადადგომის მოთხოვნა ძალაში რჩება.

ბათუმის საზღვაო ნავსადგურს მართავს ბათუმის ნავთობტერმინალი, რომლის მფლობელი 2008 წელს გახდა ყაზახეთის ნაციონალური კომპანიის, „ყაზმუნაიგაზ“-ის შვილობილი კომპანია „ყაზტრანსოილი.“