„მიწათსარგებლობის ახალი გეგმა დედაქალაქის ბირთვს, დედაქალაქის იდენტობას არ მიესადაგება“

„მიწათსარგებლობის ახალი გეგმა დედაქალაქის ბირთვს, დედაქალაქის იდენტობას არ მიესადაგება“

„პატარა ბავშვებივით დასვეს ძალიან მხცოვანი, გამოცდილი არქიტექტორები და თითი უქნიეს“, - უკმაყოფილებას ვერ ფარავდა „სითი ინსტიტუტი-საქართველოს“ გენერალური დირექტორი მამუკა სალუქვაძე მის მიერ განხორციელებული და დედაქალაქის მერიისგან დაწუნებული გენგეგმის გამო. თავად კახა კალაძე არ გამორიცხავდა, რომ თბილისის გენგეგმის დოკუმენტის მომზადებაში „სითი ინსტიტუტი“ სხვა ჯგუფს ჩაენაცვლებინა.

ასეთი ურთიერთსაწინააღმდეგო განწყობა იგრძნობოდა ამ რამდენიმე დღის წინ, თუმცა სულ ახლახანს მამუკა სალუქვაძე უფრო მეტი ოპტიმიზმით აცხადებდა, რომ ისეთი შთაბეჭდილება დარჩა, თითქოს მერია მის გენგეგმას მიიღებდა.

თავად არქიტექტორები და ქალაქდაგეგმარების სპეციალისტები აცხადებენ, რომ თავის დროზე „სითი ინსტიტუტი-საქართველოს“ შერჩევა ტენდენციურად მოხდა. ფაქტობრივად, ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ცუდი ნამუშევარი, თუმცა გარკვეულ მიზეზთა გამო „სითი ინსტიტუტმა“ ტენდენციურად გაიმარჯვა და დედაქალაქის ბიუჯეტიდან, ანუ ხალხის ჯიბიდან 2 მილიონ 800 ათასიც აითვისა.

რას ფიქრობენ „სითი ინსტიტუტის“ მიერ განხორციელებული მიწათსარგებლობის გეგმის თაობაზე პროფესიონალები? ამის შესახებ For.ge ქალაქდაგეგმარების სპეციალისტს ზურაბ ბაქრაძეს ესაუბრა.

ზურაბ ბაქრაძე: მიწათსარგებლობის გეგმის ხარისხი დამაკმაყოფილებელი არ არის. თავიდანვე ვამბობდი, რომ ეს ჯგუფი თანამედროვეობისა და თბილისის შესაფერის მიწათსარგებლობის გეგმას ვერ გააკეთებდა. არქიტექტურის სამსახურში ერთ-ერთ შეხვედრაზე როცა მიმიწვიეს, რათა გადამებარებინა მიწათსარგებლობის გეგმის მონიტორინგის ჯგუფი, მაშინვე ვუთხარი, რომ ისინი ამის გამკეთებლები არ არიან და დიდი აზრი მონიტორინგს არ ექნებოდა. ჩემი აზრით, ეს ჯგუფი თანამედროვე გამოწვევების შესაფერისი დოკუმენტის გამკეთებელი არც იყო. ამიტომაც უარი ვთქვი მონიტორინგის ჯგუფში მონაწილეობის მიღებაზე. მიწათსარგებლობის გეგმის აღნიშნულ დოკუმენტს არსებითად ვიცნობ. თუმცა მთელი 1000 გვერდი არ წამიკითხავს, არც არის წაკითხვა საჭირო იმისთვის, რომ არსებითი დაინახოს ადამიანმა. თავიდანვე, როცა კონკურსი ჩატარდა, წაკითხული მქონდა მათი შეთავაზება, შემდეგ გამოფენაზე ვიყავი, როდესაც წარუდგინეს საზოგადოებას ეს პროექტი, ვიცნობ გასული წლის ნოემბრის სტადიას და დღევანდელ ზონირების სქემას. აქედან გამომდინარე, ვამბობ, რომ ეს არ არის ის გეგმა, რომელიც თბილისს სჭირდება. ეს გეგმა თანამედროვე გამოწვევებს არ პასუხობს.

რატომ, პროფესიონალიზმის ნაკლებობაა ამ ჯგუფში, თუ ზედმეტად მოდერნისტულად უყურებენ ამ პროცესს, რაც ზოგჯერ მიუღებელია, მით უმეტეს, ძველი ქალაქისთვის? ალბათ, მიწათსარგებლობის გეგმა ქალაქის ტრადიციებსაც უნდა ითვალისწინებდეს და ძველის უგულებელყოფა ერთი ხელის მოსმით არ უნდა ხდებოდეს.

- ეს გეგმა არ მიესადაგება ქალაქის სპეციფიკას, ქალაქის ბირთვს, ქალაქის იდენტობას არ უთმობს ისეთ ყურადღებას, როგორც საჭიროა. იქ არსებული დაგეგმვის ღონისძიებებით თბილისის ბირთვი, მისი იდენტობა შენარჩუნებული ვერ იქნება. ცხადია, თბილისის ბირთვს მარტო დაცვა არ სჭირდება, განვითარებაც სჭირდება, მაგრამ ამ გეგმით სწორად ვერ განვითარდება. რაც შეეხება ზონირების საკითხს, აღნიშნული მიწათსარგებლობის გეგმა ისეთივე შეცდომებს უშვებს, რომელიც დაუშვა მიწათსარგებლობის წინა გეგმამ. ეს შეცდომები ხშირად საპირისპირო მიმართულებისაა. საუბარია იმაზე, რომ ახლადშემოთავაზებული მიწათსარგებლობის გეგმა ხშირად ფუნქციურ ზონებს ნიშნავს ცალმხრივად მიწის ნაკვეთების რენტაბელობიდან გამომდინარე, რაც არასწორია. ახლანდელ საყვედურთა ნაწილი კი სწორედ საწინააღმდეგო მიმართულებითაა - მოითხოვენ, რომ რენტაბელობიდან გამომდინარე უნდა დაინიშნოდ ფუნქციური ზონები. ცხადია, ამ სიტყვებით არ ამბობენ, მაგრამ ამბობენ, რომ ნაკვეთები ბევრგან პრივატიზებულია და იმ ადგილებზე რეკრეაციული ზონა არ უნდა დაენიშნათ. არადა, ეს მაშინ, როცა ბევრ ასეთ ადგილას მშენებლობა მართლაც არ შეიძლება. ამ თვალსაზრისით, მე საწინააღმდეგო შემთხვევებსაც ვხედავ, თუნდაც ვერეს ხეობაში.

გულისხმობთ იმას, რომ შესაძლოა, ვერეს ხეობაში 13 ივნისის ტრაგედია განმეორდეს?

- შეიძლება, ეს ტრაგედია მართლაც განმეორდეს, მაგრამ მე სხვა რამეს ვამბობ - ვერეს ხეობა თავისი ბუნებით სარეკრეაციო არეალია. აქ მდინარე მოედინება, არის დიდი ხნის ნარგავები და ამიტომაც აქ პარკი უნდა გაშენდეს. ამ დროს კი მიწათსარგებლობის ახლანდელი გეგმა იქ ერთ ადგილას ნიშნავს საზოგადოებრივ საქმიან ზონას. ამის დანიშვნის არავითარი წინაპირობა იქ არ არსებობს. ერთადერთი, იმიტომ ნიშნავს, რომ იქ მომგებიანი მშენებლობა შეიძლება და ეს ინვესტორებს ხელს აძლევს.

როგორ ფიქრობთ, ასეთ კონკრეტულ არეალებში გარკვეულ ჯგუფთა ბიზნესინტერესები და ამ ბიზნესჯგუფთა მიმართ ლოიალობა იკვეთება მაშინ, როცა სხვა ბიზნესჯგუფები ჩრდილში არიან? პირადი დაინტერესების კვალს ხედავთ ამ მიწათსარგებლობის გეგმის შედგენისას?

- ამას მე ვერ ვიტყვი, რადგან, თუ ეს ასეა, მაშინ ეს არის კორუფცია, რასაც მე ვერ გამოვიკვლევ, მაგრამ ის, რაც მე ვთქვი, დამახასიათებელია მიწათსარგებლობის ახლანდელი გეგმის დაგეგმისთვის და, ასევე, დამახასიათებელია 2009 წელს მიღებული მიწათსარგებლობის გეგმისთვისაც. ის გეგმაც სწორედ ასე მიუდგა ზონირების საკითხს, ანუ ცალმხრივად რენტაბელობის მიხედვით ნიშნავდა ზონებს, რაც პრინციპულად არასწორია. ამ თვალსაზრისით, ამ მიწათსარგებლობის გეგმით გაუმჯობესება არ ჩანს. თუმცა, თუ ვინმე იტყვის, რომ მიწათსარგებლობის ეს გეგმა მხოლოდ იმიტომ არ მოსწონს, რომ იგი რენტაბელობას უმცირებს მიწის ნაკვეთებს, მაშინ ეს მთლად გასაგები არ იქნება, რადგან, ერთი მხრივ, მე ისეთი შემთხვევებიც ვიცი, სადაც, პირიქით, მიწათსარგებლობის ეს გეგმა რენტაბელობას უსაფუძვლოდ უმაღლებს ცალკეულ ნაკვეთებს და ეს ნამდვილი შინაარსის დაკნინების ხარჯზე ხდება. მეორე მხრივ, ეს გეგმა ზოგ ადგილას ასეთ ნაბიჯებს სწორად დგამს. პირველის მაგალითი ვერეს ხეობაა, სადაც უნდა იყოს პარკი, ესენი კი ნიშნავენ ისეთ ზონას, რაც კოშკურა სახლების აშენების შესაძლებლობას იძლევა. მეორის მაგალითი კი მთაწმინდის ფერდია, ყოფილ გერგეთის ქუჩაზე, სადაც ეს გეგმა სამართლიანად ნიშნავს ლანდშაფტურ ზონას, მიუხედავად იმისა, რომ იქ კერძო ნაკვეთებია და ამით იცავს მთაწმინდას, როგორც თბილისის უმნიშვნელოვანეს ფასეულობას. რეალურად, მიწათსარგებლობის, როგორც ინტეგრირებული გეგმის მოვალეობაა ზონირების მრავალმხრივი თვალსაზრისით დანიშვნა. მას შესაძლებლობათა ძალიან ფართო პალიტრა აქვს და შეუძლია, ბევრი რამ დანიშნოს გამიზნულად ქალაქის სპეციფიკიდან გამომდინარე.

ეს არის ძალიან დიდი, ზოგადი დოკუმენტი, რომელიც პრინციპულად აწესრიგებს ქალაქში მშენებლობის რეჟიმებს და ის დაკონკრეტების ისეთ დონეზე ვერ დავა, რომ მის საფუძველზე მშენებლობის უფლებების გაცემა შეიძლებოდეს. არადა, მას იმასაც საყვედურობენ, რომ ის საკმარისად დაკონკრეტებული არ არის მოქმედ მიწათსარგებლობის გეგმასთან შედარებით. ასეთი კონკრეტულობა, რასაც ჰქვია მშენებლობის უფლებების გაცემის წინაპირობების შექმნა, ამ გეგმას არც მოეთხოვება. ამისთვის არსებობს ქალაქმშენებლური დაგეგმვის შემდეგი ეტაპი, განაშენიანების დაგეგმვა, ხოლო დაუგეგმავ არეალებში, იქ, სადაც განაშენიანების გეგმები არ მოქმედებენ, მშენებლობის უფლების გაცემისთვის უნდა იხელმძღვანელონ არსებული კანონმდებლობით.

ზონირების თვალსაზრისით, ვერეს ხეობის გარდა კიდევ სად შენიშნეთ გადაცდომები?

- კიდევ ასეთი ადგილია ყოფილი სტადიონის ტერიტორია, ნინოშვილისა და ჩუბინაშვილის ქუჩებს შორის, სადაც სრულიად უგუნურად იყო დანიშნული საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა. კიდევ კარგი, ეს ზონა შეცვალეს. ეს გახლდათ ყოფილი სტადიონის ტერიტორია, პლეხანოვზე, 35-ე სკოლის გვერდით. ეს ადგილი ტრადიციული სარეკრეაციო ზონა, სპორტული ადგილი იყო, სადაც ხალხი ვარჯიშობდა და დღეს ის გაუქმებულია. ამავე დროს, ეს უბანი რეკრეაციული სივრცეების მწვავე ნაკლებობას განიცდის და ამ კვარტალს მოარგეს მთლიანად საზოგადოებრივ-საქმიანი ზონის სტატუსი, რაც სრულიად გაუმართლებელი იყო.

ანუ ვერეს ხეობის მსგავსად, იქაც კორპუსები უნდა აშენებულიყო?

- რა თქმა უნდა, ეს სტატუსი იმიტომაც მიანიჭეს, რომ დიდი სარგებელი ჰქონოდა დამკვეთს, დიდი რენტაბელობით შეძლებოდა მუშაობა, მაგრამ შემდეგ ეს შეიცვალა. ასეთი სხვა ადგილების მონახვაც შეიძლება, მაგალითად, თბილისის ზღვის მიმდებარედ, „ჩინური ქალაქის“ ჩრდილოეთით.

ყოველ ეპოქას თავისი დროის დაკვეთის ამსახველი გენგეგმა სჭირდება. თბილისს საბჭოთა პერიოდშიც ჰქონდა იმ პერიოდისთვის შესატყვისი გენგეგმა, მაგრამ, ზოგადად, იდეალური გენგეგმა თბილისს ჰქონია?

- იდეალური გენგეგმა თბილისს არასდროს ჰქონია. სამივე გენგეგმა ნაკლოვანი იყო. პირველი გენგეგმა თბილისს 1936 წელს ჰქონდა, მეორე -1951-ში, მესამე კი დამტკიცდა 1971-ში. მეოთხე, ოღონდ ამჯერად მიწათსარგებლობის გეგმა 2009 წელს მიიღეს და მასშიც ნაკლოვანებები ჩანდა. ამიტომ გადაწყვიტეს, ხელახლა გაეკეთებინათ. ასე რომ, ახლანდელი მიწათსარგებლობის გეგმა მეხუთე მცდელობაა, რათა თბილისისთვის შესაფერი მიწათსარგებლობის გეგმა გვქონდეს. თუმცა ქალაქის მმართველობამ უნდა გაიაზროს, რომ ძირითადი საყვედური, რაც დედაქალაქში 2009 წლის შემდგომი მშენებლობის გამო შეიძლება გამოითქვას, ეს არის საყვედური კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებების მიმართ.

„ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებამ კანონმდებლობაში ისეთი ცვლილებები შეიტანა, რამაც, ფაქტობრივად, გააუქმა მიწათსარგებლობის გეგმა. ეს გეგმა თითქმის აღარც არსებობს, ამიტომ მიწათსარგებლობის 2009 წლის გეგმისთვის ყველაფრის დაბრალება არ შეიძლება. ქალაქში რომ სამშენებლო ქაოსია, ეს მიწათსარგებლობის გეგმის ბრალი გაცილებით ნაკლებადაა, ვიდრე კანონმდებლობაში შეტანილი იმ ცვლილებებისა, რომელიც „ნაცმოძრაობამ“ გამიზნულად გააკეთა. მათ ყველაფერი იღონეს, რომ მიწათსარგებლობის გეგმას ყოველგვარი აზრი დაეკარგა და მან მართლაც დაკარგა ეს აზრი.

კახა კალაძე ამბობს, რომ შესაძლოა, სრულიად სხვა ჯგუფმა ჩაანაცვლოსსითი ინსტიტუტი“. რა გარანტიაა, რომ ახალი ჯგუფი პროფესიონალებისგან დაკომპლექტდება? ღირს კი ახალი ჯგუფის ლოდინი, თუ როდის დადებს ის მიწათსარგებლობის ახალ გეგმას?

- რა თქმა უნდა, ღირს ლოდინი, თუკი ახალი ჯგუფი კომპეტენტური იქნება. აუცილებელი იქნება უცხოელი სპეციალისტების მოწვევაც. „სითი ინსტიტუტ-საქართველოს“ კი ჰყავს უცხოელები მიწერილი, მაგრამ ყველაფრიდან ჩანს, რომ კომპეტენტურ ბიუროს იქ არ უმუშავია. თუ ახალ გეგმას გააკეთებენ, აუცილებლად უნდა მოიწვიონ არა უბრალოდ უცხოელები, არამედ გერმანელი სპეციალისტები, რადგან ქართული კანონმდებლობა აგებულია გერმანულ მოდელზე. ეს უკანასკნელი აუცილებლად უნდა შენარჩუნდეს, ამ სისტემის მთლიანად შეცვლა დამღუპველი იქნება.

ახალი ჯგუფის მიერ განახლებული მიწათსარგებლობის გეგმის ლოდინი რამდენ წელს მოგვიწევს?

- წელიწადნახევარი, რომელიც ამ ჯგუფს ჰქონდა მიცემული, პრინციპულად ახალი გეგმის შესაქმნელად საკმარისი არ იყო. ეს შედეგმაც დაადასტურა, განსაკუთრებით, იმის გათვალისწინებით, რომ არ არსებობს სტატისტიკურ მონაცემთა ბაზა, რომელიც ასეთი დაგეგმვის დროს აუცილებელია. ყოველ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით დამგეგმავმა ათას სხვადასხვა ორგანიზაციაში უნდა ეძებოს მონაცემები და შეიძლება ვერც მიაგნოს, რაც დიდი ნაკლია დაგეგმვის წინაპირობისა. მცირე ხანში ბევრის გაკეთება არ შეიძლება. თუ ჩვენ მომავალზე ვისაუბრებთ, მაშინ უნდა გაირკვეს, როგორი აზრები შეგროვდა თავდაპირველად ჩატარებული კონკურსის დროს. იქაც ხომ გარკვეული ხედვები დაიდო?! იმ პერიოდში 11 მონაწილე იყო, ეს მონაცემები ახლა მერიის საკუთრებაა და ყველაფერს უნდა გადახედონ.

გადახედონ „სითი ინსტიტუტის“ ნამუშევარსაც, რომელიც სულ ახლახანს განხორციელდა, ამოიღონ იქიდან, რაც ახალი სამუშაოსთვის ვარგისია, განსაკუთრებით, კვლევების სფეროში და მერე პრინციპულად ახალი, თბილისისთვის სპეციფიკური ხედვით შეასრულონ სამუშაო. რა დრო დასჭირდება ამას, მხოლოდ ამ ნამუშევართა განხილვა და შესწავლა დაგვანახებს. მანამდე ამის თქმა ძალიან ძნელია. ის, რომ ხელახალი მიწათსარგებლობის გეგმის განხორციელებას კიდევ დიდი დრო დასჭირდება, სულაც არ არის იმის გამართლება, რომ ცუდი გეგმა მივიღოთ. ხომ ვნახეთ, რაც მოხდა 2009 წლის მიღებული გეგმის შემთხვევაში?

საკმარისია ის კონკურსანტები, რომლებიც თავის დროზე მერიის მიერ გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობდნენ, რათა მათ ბაზისზე გამოვლინდეს ახალი ჯგუფი? რამდენადაც ვიცი, თქვენი ჯგუფიც მონაწილეობდა მაშინდელ კონკურსში და გაუგებარ მიზეზთა გამო უარი გეთქვათ.

- მიჭირს ამაზე საუბარი, რადგან 11 მონაწილეს შორის მეც ვიყავი. ჩვენ გერმანელებთან ერთად ვიმუშავეთ, რაც არც ერთ სხვა ჯგუფში არ მომხდარა და, რომ გაგვემარჯვა, მიწათსარგებლობის გეგმასაც გერმანელებთან ერთად დავამუშავებდით. ეს იქნებოდა დიდი სარგებელი, რადგან ამ დამგეგმავებს ძალიან დიდი საერთაშორისო გამოცდილება აქვთ. რაც მთავარია, ჩვენს პარტნიორებს აქვს დაგეგმვის პროცესის ისეთნაირად წარმართვის გამოცდილება, რომ მასში მონაწილეობდეს ქალაქისა და ცენტრალური ხელისუფლების ყველა დაინტერესებული უწყება მოსახლეობასთან ერთად. ამის ცოდნა და გამოცდილება ჩვენში არავის აქვს.