[ნატო გოგელია]
ალბათ, მკითხველი არ შემედავება, რომ მედიაში ფავორიტიზმს ღრმად აქვს ფესვები გადგმული. ამაში კიდევ ერთხელ 26 მაისს, მაშინ დავრწმუნდი, როცა „რუსთავი 2“-ის და „იმედის“ ჟურნალისტებს სპეცრაზმელები კორიდორებს უკეთებდნენ. იმ დღეს ბევრმა მედიასაშუალებამ კარგად იმუშავა. თუმცა, უნდა ითქვას, რომ მედია პალიტრის და მაესტროს კადრები ბევრად მეტს ამბობდა. აღსანიშნავია „ტელეკომპანია 25“-ის მუშაობაც, რომლის მიერ გავრცელებულ კადრებს, ტელეკომპანიის საკაბელო ქსელიდან გათიშვა მოჰყვა.
ბეჭდურ მედიას განსხვავებულ ფორმატში უწევდა მუშაობა, მათ ტოლი არავის დაუდეს და საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად მოიპოვეს თითეული კომენტარი თუ ფოტო... აღარაფერს ვამბობ იმ კოლეგებზე, რომელთა სხეულებს დღემდე ატყვიათ რეზინის ტყვიის და ძლიერი ფსიქოლოგიური სტრესის კვალი. ერთი სიტყვით 26 მაისის მოვლენების გაშუქებაში ქართული მედიის ნაწილმა დიდი როლი ითამაშა და სწორედ მათი დამსახურებით გაიგო მსოფლიომ სიმართლე.
თუმცა, ასე არ უფიქრია მედია–ექსპერტ ნინო დანელიას, რომელმაც 26 მაისს, ტელეკომპანია მაესტროს ეთერში აღნიშნა: „რომ არა „ნეტგაზეთი“, მსოფლიო ვერ გაიგებდა რა მოხდა 26 მაისს“.
დანელიას ეს განცხადება ბევრმა ჟურნალისტმა შეურაცხყოფად მიიღო. ამ კომენტარის შემდეგ, კიდევ ერთხელ გავიგონე ბოლო დროს დამკვიდრებული ფრაზა – მედიაში ფავორიტიზმია და ეს მარტო ხელისუფლების დანაშაული არ არის.
„ნეტგაზეთმა“ რომ კარგად იმუშავა, ამაზე მგონი არავინ შემედავება, თუმცა, დანელიას ეს განცხადება რომ გადაჭარბებული იყო ბევრმა ჩემმა კოლეგამ აღნიშნა. უმრავლესობამ პირად საუბრებში, რადგან ვიღაცის თუ ვიღაცეების განაწყენების(?!) მიზნით საჯარო კომენტარის გაკეთება არ ისურვეს.
თავად დანელია, ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ მისი ეს განცხადება არ ნიშნავს, რომ მედიაში ფავორიტები ჰყავს. მისი განცხადებით განაწყენებული მედიასაშუალებების მისამართით კი ამბობს, რომ „ძალიან წუხს“.
საპირისპიროს ამტკიცებენ მედიის წარმომადგენლები. მათი თქმით, მედიაექსპერტებს საკუთარი ფავორიტები ჰყავთ.
მედიაექსპერტი ზვიად ქორიძე მიიჩნევს, რომ დანელიას გამონათქვამი მეტაფორა გახლდათ.
„თავად ფრაზა - „რომ არა „ნეტგაზეთი“, მსოფლიო ვერ გაიგებდა რა მოხდა 26 მაისს“, პერიფრაზს წარმოადგენს. რამდენადაც მახსოვს, ნინო დანელია საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომაზე კოლეგებს ამ პათოსით უხსნიდა, თუ რამდენად უვარგისი იყო თავად საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკა 25-26 მაისის მოვლენების გაშუქებისას. ჩემი აზრით, ეს უფრო მეტაფორული ფრაზაა. „ნეტგაზეთის“ ნაცვლად რომ ყოფილიყო „მედიაპალიტრა“ ან „მაესტრო“, სათქმელი იგივე დარჩებოდა. ფაქტია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო პოლიტიკა ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებდა. სხვა კერძო საერთო-ეროვნულ არხებზე არაფერს ვამბობ“.
როგორ ფიქრობთ, რატომ ირჩევენ მედიაექსპერტები ერთ ან ორ კონკრეტულ მედიასაშუალებას, რომელსაც ყველგან და ყოველთვის აპიარებენ?
– არ ვიცი, კონკრეტულად რომელ მედიაექსპერტს ჰყავს ერთი ან ორი მედიასაშუალება გაპიროვნებული, რომელსაც ყველგან და ყოველთვის „აპიარებს“. იქნებ, სულ მცირე, კონტენტ-ანალიზის მეთოდით შევისწავლოთ ეს საკითხი, კონკრეტულად დავასახელოთ და შეფასებაც გავაიოლოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ მოვახდენთ ჩვენივე წარმოდგენების განზოგადებას. მე კი ასე მსჯელობა არ მიყვარს.
ჩემი კოლეგები ამბობენ, რომ კონკრეტული მედიასაშუალებების გაპიარება მიზანმიმართულად ხდება, რაც შემდგომში მათთვის გრანტის მიღების გარანტია ხდება...
– საკმაოდ ბევრი დონორი ორგანიზაციის შესარჩევ კომისიაში მომიწია მუშაობა, რომელთაც უნდა გადაეწყვიტა სხვადასხვა ტიპის, შინაარსისა და მოცულობის გრანტის გაცემის საკითხი მედიასაშუალებებისთვის. გრანტის გაცემის პირობა ყოველთვის იყო პროექტის აქტუალობა, თავად მედიაორგანიზაციის მდგრადობის მაჩვენებლები და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რამდენად ერთგულია მედიასაშუალება სამოქალაქო ღირებულებებისადმი.
თუ გადავავლებთ თვალს გრანტის მფლობელი მედიასაშუალებების სიას, დავინახავთ, რომ მათი რაოდენობა საკმაოდ დიდია. არ შეიძლება ყველა მათგანი ყველა ჩვენგანს მოეწონოს, მაგრამ თუ ამ სიის სრულ მრავალფეროვნებას დავინახავთ, დავრწმუნდებით, რომ დონორთა მთავარი ინტერესი მედიის პლურალისტური გარემოს შექმნაა. გრანტის მიღების გარანტია მხოლოდ საკუთარ საქმიანობასა და საკუთარ ღირებულებებშია.
რეგიონული მედია ასოციაციის თავმჯდომარე და გაზეთ „გურია ნიუსის“ გამომცემელი ია მამალაძე ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ რახან ეს შეკითხვა დაისვა, ე.ი. მედიაში ფავორიტიზმი არსებობს. „და არა მარტო ხელისუფლების მხრიდან“, – ამბობს ია მამალაძე.
მედიაში ფავორიტიზმის არსებობას მედიაექსპერტი ია ანთაძეც ადასტურებს: „დავიწყოთ იმით, რომ „ფავორიტიზმის“ დანერგვა შეუძლია იმას, ვისაც აქვს საშუალება, ესა თუ ის ჟურნალისტი ან მედიაორგანიზაცია უპირატეს პოზიციაში ჩააყენოს, ვიდრე დანარჩენები. ეს შეუძლია ხელისუფლებას და აკეთებს კიდეც. ეს შეულიათ დონორ ორგანიზაციებსაც, მაგრამ არ აკეთებენ ერთი მარტივი მიზეზის გამო – დონორების თანხების განკარგვა ხდება არა ერთპიროვნულად ან ვიწრო წრის მიერ, არამედ, – კომისიების მხრიდან, რომლებიც მუდმივ როტაციას განიცდიან. ასე რომ, თქვენი კითხვის პასუხად ვიტყვი: ქართულ მედიაში ფავორიტიზმი არსებობს, მაგრამ არასოდეს ეხება პატიოსან, კეთილსინდისიერ, სტანდარტების ერთგულ მედიასაშუალებას.
ხელისუფლების მოტივაცია ის არის, რომ ფავორიტებს ექსკლუზიურ ინფორმაციას აწვდიან, მათ მიმართ ლოიალურობის სანაცვლოდ. შესაძლოა, ფავორიტიზმი მხოლოდ ინფორმაციის მიწოდებაში კი არ გამოიხატოს, არამედ, ჟურნალისტების წაყვანაში საზღვარგარეთ, მათ მიწვევაში სხვადასხვა ღონისძიებაზე, მათ დასაჩუქრებაში და ასე შემდეგ. მოტივი ყოველთვის მორჩილება და ლოიალობაა. დონორ ორგანიზაციებს კი არ გააჩნიათ მოტივი, რის გამოც შეიძლება უპირატესობა მიანიჭონ ამა თუ იმ ორგანიზაციას – გარდა ერთადერთი არგუმენტისა: კონკურსში გამარჯვებულ ორგანიზაციების, როგორც წესი, აქვთ უნარი და გამოცდილება, რომ ეფექტიანად განკარგონ მათთვის განკუთვნილი რესურსი“, – ამბობს პრესაგე.ტვ-სთან საუბრისას ანთაძე.
ხელისუფლების მიერ გაფავორიტებულ მედიასაშუალებეზე საუბრობს გაზეთ „თავისუფალი სიტყვის“ რედაქტორი ელისო ჯანაშია.
„რა თქმა უნდა, არის ფავორიტიზმი მედიაში, ამის დასტურია თუნდაც ის ფაქტები, რომ ის მედიასაშუალებები, რომლებიც მთავრობის მიერ მართულები არიან, ყველა შეხვედრაზე უპრობლემოდ ხვდებიან, ყველა მაღალჩინოსანთან ინტერვიუს უპრობლემოდ იღებენ. პრეზიდენტთან შეხვედრისას თუ ჩვენ ათას ბარიერს გვიქმნიან-აკრედიტაციებისა და ნებართვების სახით, საკმარისია ნაციონალური არხების მიკროფონების გამოჩენა და მათთვის ბარიერი მოხსნილია. ხელისუფლება გაურბის მწვავე კითხვებს და არ უნდა მის მიერ გაფუჭებული საქმეების გამომზეურობა. ამიტომაც ცდილობს ყველა სტრუქტურა დახუროს და საჯარო ინფორმაციების გაცემა მაქსიმალურად შეზღუდოს. ხელისუფლების ფავორიტი მედიასაშუალებები მოსახლეობისთვის არაზუსტი და არაობიექტური მიწოდებით, ხელისუფლებას დათვურ სამსახურს უწევენ. მე პირადად მათ მედიასაშუალებებადაც ვერ განვიხილავ, ისინი არიან ხელისუფლების პროპაგანდის საშუალებები, რომლებიც განსაკუთრებულ ზიანს აყენებენ დემოკრატიულ ღირებულებების დამკვიდრებასა და ზოგადად, სახელმწიფოებრობას“.
„ტელეკომპანია 25“-ის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, მაია მერკვილაძე ამბობს, რომ მედიაექსპერტების მიერ გაკეთებული განცხადებების გამო გული მასაც სტკენია:
„რა თქმა უნდა არ ვეთანხმები ნინო დანელიას, თუკი მართლაც თქვა, რომ რომ არა ნეტგაზეთი მსოფლი ვერ გაიგებდა რა მოხდა 26 მაისს, სამწუხაროდ მე არ მომისმენია. ფავორიტიზმს რაც შეეხება, მე ვფიქრობ, კარგ შემთხვევაში საკუთარი გემოვნების დემონსტრირებისთვის კეთდება ამგვარი განცხადებები, ცუდ შემთხვევაში, მიზანმიმართული პიარისთვის. მედიაექსპერტის სტატუსის მქონე პირის მიერ ნათქვამი კი ორივე შემთხვევაში, ამა თუ იმ მედიასაშუალების წისქვილზე ასხამს წყალს. რატომ, ვერ გეტყვი.
ხშირად მეც მწყენია მსგავსი შემთხვევის გამო. მაგალითად, „მაესტროს“ ეთერში ერთ-ერთმა მედიაექსპერტმა განაცხადა, სამოქალაქო საზოგადოება ბათუმში „გაზეთ ბათუმელების“ დამსახურებით გააქტიურდაო. მე მაგ გაზეთის მკითხველი და გულშემატკივარი ვარ, მაგრამ მიმაჩნია, რომ სამოქალაქო საზოგადოებას 3 წლის მანძილზე თოქ-შოუ დიალოგი უფრო წაადგა, ვიდრე გაზეთი, რომელსაც აუდიტორია ბევრად ნაკლები ჰყავს“.
გაზეთ „ბათუმელების“ რედაქტორი, ეთერ თურაძე ფიქრობს, რომ საქართველოში მედიას მხარდაჭერა მანამ დასჭირდება, სანამ ბიზნესი თავისუფალი არ გახდება.
ხშირია შემთხვევა, როცა მედიაექსპერტი, კონკრეტულ მედიასაშუალებას აპიარებს და ეს ძალიან თვალშისაცემია... მაგალითად გეტყვით, რომ ნინო დანელიას გამოსვლა და იმის განცხადება რომ, ნეტგაზეთის გარეშე მსოფლიო ვერ გაიგებდა რა მოხდა 26 მაისს, ბევრისთვის შეურაცხმყოფელი აღმოჩნდა, რადგან იმ ღამეს ბევრმა მედიასაშუალებამ კარგად იმუშავა. როგორ ფიქრობ, ამ ყველაფრის გათვალისწინებით არის თუ არა ფავორიტიზმი მედიაში და კონკრეტული ექსპერტები მიზანმიმართულად ხომ არ აპიარებენ კონკრეტულ მედიასაშუალებებს, რაც შემდგომში მათთვის გრანტის მოგების გარანტია ხდება?
– 26 მაისის აქციის დარბევის შემდეგ მე როცა ორჯერ მოვამზადე სტატია ნაცემი ჟურნალისტების შესახებ და შენც, ანუ ნატო გოგელიაც ორჯერ ჩაგწერე (და ამ საკითხზე კიდევ ბევრი სტატიის მომზადებას ვაპირებ), არ მიფიქრია, რომ ეს შეიძლება შენ ან ვინმე სხვას მიეღო, როგორც დონორებთან ურთიერთობის საშუალება. ეს იყო ჩემთვის ფაქტის ასახვა და სოლიდარობაც.
როცა მედიასაშუალება წლების მანზილზე გრანტებით არსებობს და ორი-სამი თვეც კი არ შეუძლია თავის რჩენა, უნდა იყოს თუ არა დონორებისთვის საყრდენი ძალა?.. ამით იმის თქმა მსურს, რომ სანამდე შეიძლება გრანტებით იარსებობს მედიამ, რომელსაც აქვს პრეტენზია იყოს ძლიერი და დამოუკიდებელი. ეს რისი ნიშანია?
– კვლევების მიხედვით, რომელსაც მეც ვიზიარებ, საქართველოში დამოუკიდებელ მედიას მანამ დასჭირდება მხარდაჭერა, სანამ ბიზნესი არ გახდება თავისუფალი.
ტელეკომპანია მაესტროს დამფუძნებელი მამუკა ღლონტიც მიიჩნევს, რომ ქართული მედიის პრობლემა სარეკლამო ბაზრის არარსებობაა.
„ნინო დანელიას საერთოდ არ ვთვლი მედიაექსპერტად, ამიტომ კონკრეტულად რა თქვა დანელიამ ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს. რაც შეეხება ფავორიტიზმს მედიაში, მიზეზი ყოველივე ნაკლოვანებისა არის სარეკლამო ბაზრის არარსებობა. ამიტომაც, ზოგი გრანტზე ოცნებობს და ზოგიც მიშაზე“.