სეპარატისტებისთვის რუსეთის ბაზარი დაიკეტა

სეპარატისტებისთვის რუსეთის ბაზარი დაიკეტა

2 აპრილიდან სეპარატისტული აფხაზეთიდან რუსეთში ხილი და ბოსტნეული ვეღარ შევა. გადაწყვეტილება რუსეთის სოფლის მეურნეობის ზედამხედველობის სამსახურმა მიიღო. აკრძალვის მთავარი მიზეზი აზიური ფაროსანაა, რომელმაც პირწმინდად გადაურა აფხაზეთს.

ზედამხედველობის სამსახურში ფიქრობენ, რომ აკრძალვის ზომა რუსეთის ტერიტორიაზე ფაროსანას გავრცელებას საფრთხეს აღმოფხვრის. აიკრძალება ასევე ხის ყუთები და სხვა შესაფუთი საშუალებების შეტანაც. ზედამხედველობის სამსახურმა ოკუპირებულ ტერიტორიაზე ინსპექციის შემდეგ დაადგინა, რომ ფაროსანამ პროდუქციის დიდი ნაწილი დააზიანა.

ამის შემდეგ ჩრდილოელი მეზობლები შეთქმულების თეორიის შექმნას შეუდგნენ და მივიდნენ დასკვნამდე, რომ შესაძლოა აფხაზეთში გავრცელებული აზიური ფაროსანა ბიოლოგიური დივერსიის ფარგლებში საქართველოში ხელოვნურად იყოს გამოყვანილი.

„ჯერჯერობით აფხაზური მხარე ვერ იძლევა გარანტიას, რომ ამ პრობლემას უმოკლეს ვადაში გადაწყვეტს. გამორიცხული არ არის, რომ საქმე ბიოლოგიური იარაღის გამოყენებასთან გვქონდეს. საქართველოში მოქმედებს რამდენიმე ამერიკული ბიოლაბორატორია და უცნობია, რით არის ის დაკავებული“, - აღნიშნა „როსსელხოზნადზორის“ ფიტოსანიტარული ზედამხედველობის ფედერალური სამსახურის პრესმდივანმა იულია მელანომ.

საქართველოში მსწრაფლ გამოეხმაურნენ რუსების უცნაურ მოსაზრებას. სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის უფროსი ნიკა მესხიძე აცხადებს, რომ ფიტოსანიტარიული სამსახურის წარმომადგენლის მიერ გამოთქმული ვარაუდი საღ აზრს მოკლებულია. აზიური ფაროსანას პრობლემა მრავალ ქვეყანაშია.

„რუსულ პრესაში „როსსელხოზნადზორის“ ფიტოსანიტარიული სამსახურის წარმომადგენლის მიერ გამოთქმული ვარაუდი საღ აზრს არის მოკლებული. აზიური ფაროსანას პრობლემა არსებობს მრავალ ქვეყანაში, მათ შორის, შვეიცარიაში, იტალიაში, ავსტრიაში, რუსეთში და ა.შ. ეს კარგადაა ცნობილი იმ სპეციალისტებისთვის, რომლებიც ამ საკითხს სწავლობენ. უნდა აღინიშნოს, რომ ფაროსანას თემაზე ქართველი ექსპერტები მზად არიან იქონიონ ურთიერთობა მეზობელი სახელმწიფოს, მათ შორის, რუს სპეციალისტებთან“, - განაცხადა მესხიძემ.

ამასობაში აფხაზეთში ახალი ბიზნესს უყრიან საფუძველს. რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებმა აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ერთ-ერთ კომპონენტად, აფხაზ მოსახლეობას ხოჭოს შეგროვება და ფულის სანაცვლოდ ჩაბარება შეთავაზეს.

როგორც რუსმა სპეციალისტებმა განაცხადეს, სწორი მიდგომით და კომპლექსური მოქმდებებით, წლის განმავლობაში ფაროსანას რიცხვის არსებითად შემცირება შეიძლება. სხვა შემთხვევაში რუსეთის ბაზარი აფხაზური სოფლის მეურნეობის პროდუქციისთვის დიდი ხნით დაიხურება.

1000 რუბლს (დაახლოებით 18 აშშ დოლარი) გადაუხდიან 1 კილოგრამი ფაროსანასთვის ყოველ ადამიანს. შეგროვებული ფაროსანა მათ ბრძოლის შტაბში უნდა ჩააბარონ.

აფხაზი ჩინოსანი ხრიპს ჯოპუა ამტკიცებს, რომ ამის შემდეგ ოკუპირებული ქალაქ ოჩამჩირეში 300 კილოგრამამდე ფაროსანა შეაგროვეს. „პირადად ვნახე 300 კილოგრამამდე ფაროსანა, რომელიც ქალაქსა და სოფლებში შეაგროვეს. სავარაუდოდ, მწერი კიდევ არის, მაგრამ ზუსტად ვერ გეტყვით“, - აღნიშნა მან.

მისი თქმით, ადგილობრივები ფაროსანას შესაგროვებლად სხვადასხვა მეთოდს იყენებენ. „მოსახლეობა აცხადებს, რომ ფაროსანას ფულადი ანაზღაურების სანაცვლოდ არ ჩააბარებს. ისინი მავნებელს ანადგურებენ, წვავენ“, - აღნიშნა ჯოპუამ.

როგორც რუსეთის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ჯამბულათ ხატუოვმა სოხუმში აზიურ ფაროსანასთან დაკავშირებით გამართულ თათბირზე განაცხადა, მეცნიერებს მწერები ფერომონების დამზადებისას დასჭირდებათ, რათა მავნებლის გენეტიკა და მასზე ქიმიური პრეპარატების ზეგავლენა შეისწავლონ.