ენერგეტიკული პროექტები გამუდმებული პროტესტის გამო ჩიხში შევიდა

ენერგეტიკული პროექტები გამუდმებული პროტესტის გამო ჩიხში შევიდა

მოსახლეობას, მთავრობასა და ინვესტორებს ენერგეტიკულ საკითხებში ერთმანეთთან დიდი დაპირისპირება აქვთ. ხალხი უკვე ყველაფერს აპროტესტებს. არ აქვს მნიშვნელობა მშენებარე ჰესი უქმნის თუ არა გარემოს ან მათ საცხოვრისს პრობლემას. ვითარება უკვე ჩიხშია შესული. გამოსავალი მოსახლეობასა და ინვესტორებს შორის საერთო ენის გამონახვა და ურთიერთსასარგებლო პირობებზე შეთანხმებაა.

განახლებადი ენერგიების ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორი გიორგი აბრამიშვილი აცხადებს, რომ მისთვის მოსახლეობის ეჭვები, უნდობლობა და პრობლემები საფუძვლიანია. ამიტომ უნდა შეიქმნას პროფესიული გუნდი, რომელიც საუბარს პროფესიულ ჭრილში გადაიტანს. უნდა მოხდეს აქტიური მოლაპარაკებები თვითმართველობებთან, ადგილობრივ თემებთან.

„გასაგებია მოსახლოების პრობლემები, იმის გათვალისწინებით, რომ 90-იანი წლებიდან მოვდივართ, უამრავი შეცდომები გვაქვს დაშვებული ინფრასტრუქტურულ პროექტებში და უამრავი პროექტების უკეთესად განხორციელება შეიძლებოდა“, - ამბობს ასოციაციის თავმჯდომარე.

მისი თქმით, ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით, გარემოს დაცვის კუთხით კანონში ხარვეზები არ არის. უფრო მეტიც იანვარიდან გარემოს დაცვის კუთხით კიდევ უფრო გამკაცრდა და დეველოპერებს, ვინც ჰესის მშენებლობას ახორციელებს 2 ეტაპიანი გზშ-ს ანგარიშის წარდგენას ავალდებულებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ 2-ჯერ მოხდება საჯარო განხილვა და ასევე კიდევ უფრო მეტჯერ მოხდება პრობლემებზე დატალურად საუბრები.

გიორგი აბრამიშვილი თვლის, რომ ჰესის მშენებლობის დაწყებამდე დეველოპერმა მოსახლეობასთან დაამყაროს კომუნიკაცია.

„ახალ პროექტებში დეველოპერები ცდილობენ მოსახლეობასთან კომუნიკაციის დამყარებას. შეიძლება კიდევ უფრო მეტი უნდა გაკეთდეს, რადგან უნდობლობის პრობლემა დგას სერიოზულად“, - განუცხადა „საქმის კურსს“ ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა.

ენერგეტიკაში პრობლემები სულ უფრო მატულობს. ბოლო 2-3 წელია, ელექტროენერგიის იმპორტი მუდმივად იზრდება. ქვეყანა ნეგატიურ ტენდენციას რეალურად ვერაფერს უპირისპირებს. რიგი მიზეზების გამო, ელექტროსადგურების მშენებლობაც ვერ ხერხდება და სახელმწიფოს მიერ დაანონსებული პროექტების უმეტესობა განუხორციელებელია.

ენერგეტიკოსები ერთხმად აღიარებენ, რომ მთავარი გამოწვევა ქვეყნისთვის ჰესების მშენებლობაა და ეს საკითხი როგორმე უნდა დაიძრას. ეს შექმნილ სიტუაციაში ერთადერთი გამოსავალია.

„ელექტროსადგურების მშენებლობა არ არის მარტივი საქმე. საშუალო და მსხვილი ჰესების აშენებას 5-6 წელი სჭირდება, ამიტომ პროექტირებაც და მშენებლობის დაწყებაც დროულად უნდა მოხდეს. მსოფლიოში ყველგან მიღებულია, რომ ენერგეტიკის განვითარება წინ უნდა უსწრებდეს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას, მაგრამ ჩვენთან, გარკვეული მიზეზების გამო, ჰესების მშენებლობა ვერ ხერხდება“, - განაცხადა ენერგეტიკოსმა გია არაბიძემ.

ამ ფონზე მოსახლეობის პროტესტი სულ უფრო მძლავრობს. განსაკუთრებით დიდი დაპირისპირებაა სვანეთში. მოსახლეობა რეგიონში ჰესის მშენებლობას მუდმივად ეწინააღმდეგება. მათი თქმით, სვანეთში 50-მდე ჰესის აშენება იგეგმება.

„ჩვენი მთავარი მოთხოვნა არის, რომ სახელმწიფომ უფრო შორსმიმავალი ხედვით შეხედოს ყოველივეს... ჩვენ ვეთანხმებით იმას, რომ ენერგია გვჭირდება, მაგრამ რის ფასად უნდა განვითარდეს და საბოლოო ჯამში, რა უნდა დავთმოთ, სადღაც უნდა მოვნახოთ შუალედი“, - ამბობს სვანეთის მკვიდრი მანანა საღლიანი და დასძენს, რომ გარემოზე ზიანის მიყენებასთან დაკავშირებით კვლევა არ ჩატარებულა.

„ჩვენ ვართ წინააღმდეგი, არ შეიძლება, ეს ისე გაკეთდეს, როგორც ესენი აკეთებენ. ეს არის პირდაპირ მავნებლობა. ჭალადის მყინვარი არის სავიზიტო ბარათი ჩვენი კუთხის და დღეს ჭალადის მისასვლელი არაფერი აღარ არსებობს. მყინვარამდე ავიდნენ მაღლა, გამოშიგნულია, გამოხრულია მთები“, - ამბობს მანანა საღლიანი.

ადგილობრივის თქმით, ჰესების მშენებლობის შემთხვევაში, საფლავები წყლის ქვეშ მოჰყვება. გარდა ამისა დაიტბორება სოფლები, გაუარესდება ეკოლოგიეური მდგომარეობა და მოსახლეობა კი სამუდადმოდ მოსწყდება მამა-პაპისეულ კარმიდამოს.