კახეთში მთავრობა სარკინიგზო და საჰაერო კომუნიკაციების განვითარებას გეგმავს, თუმცა კონკრეტულად როდის დაიწყება მსხვილმასშტაბიანი პროექტები ჯერჯერობით უცნობია. შედარებით ოილადაა საქმე სარკინიგზო მაგისტრალთან დაკავშირებით, რომელიც ჯერ კიდევ შენარჩუნებულია. კახეთში საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობა კი გაცილებით პრობლემურია.
„ვფიქრობ, რკინიგზა, რომელიც გვაქვს, არის უდიდესი სიმდიდრე. ახალი რკინიგზის გაყვანას უზარმაზარი თანხები სჭრიდება. კახეთის მიმართულებით ჩვენ გვაქვს რკინიგზა, რომელიც ჯერ არ არის ბოლომდე განადგურებული და სახელმწიფომ აუცილებლად უნდა იფიქროს, რომ ეს რკინიგზა აღდგეს. ტურიზმი რკინიგზის გარეშე წარმოუდგენელია“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
კახეთის რკინიგზის აღდგენის პროექტი მზად 2019 წელს იქნება. რეგიონის რწმუნებულ-გუბერნატორის ირაკლი ქადაგიშვილის ინფორმაციით, საუბარია რკინიგზაზე, რომელიც არა მარტო ადგილობრივი მცხოვრებლების ტრანსპორტირებისთვის იქნება განკუთვნილი, არამედ ტურისტებსაც მოემსახურება.
„რკინიგზის ნაწილი გადის მევენახეობის ზონაში, რაც ამ კუთხით ძალიან საინტერესოა და საერთაშორისო გამოცდილებაც არსებობს - „ტურიზმი რკინიგზასთან მიბმული“. კახეთისთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია სამეურნეო კუთხითაც რკინიგზის განვითარება, მაგალითად, ცხვრის გადაყვანა ზაფხულის საძოვრებიდან ზამთრის საძოვრებზე.
აქტიურად ვმუშაობთ აზიის განვითარების ბანკთან. მათ რკინიგზის შესახებ ხედვა ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად აქვთ გამოტანილი. ვფიქრობ, ერთ-ერთი დიდი კონტრიბუტორი სწორედ აზიის განვითარების ბანკი იქნება.
2019 წლიდან კონკრეტული მიმართულებები უკვე პროექტის სახეს მიიღებს, რომელიც საქართველოს მთავრობასთან ერთად დამტკიცდება“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.
დაახლოებით 25 წელია, რაც კახეთში სამგზავრო მატარებლის მოძრაობა შეჩერდა. სატვირთო მატარებლის ფუნქცია შენარჩუნდა და ამ დანიშნულებით რეისები კანტიკუნტად სრულდება, უმეტესწილად ჯართი გადააქვთ. კახეთის რკინიგზაზე პირველმა მატარებელმა 1914 წლის 22 სექტემბერს გაიარა, 1915 წლიდან კი ინტენსიურად მოძრაობდა როგორც სატვირთო, ისე სამგზავრო მატარებელი. რკინიგზის გაყვანა ილია ჭავჭავაძის დისშვილის - კოტე აფხაზისა და თავადაზნაურთა თაოსნობით მოხერხდა. გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან კახეთში სამგზავრო მატარებელი აღარ ჩასულა.
სხვათა შორის, კახეთის რკინიგზის რეაბილიტაცია ერთ-ერთი იყო იმ დაპირებებს შორის, რომელთა განხორციელებასაც 2012 წლის წინასაარჩევნო პერიოდში ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი კახეთის მოსახლეობას დაჰპირდა. ბოლო წლებში არც ხელისუფლებას და არც „საქართველოს რკინიგზას“ ამ კუთხით არაფერი გაუკეთებია და საკითხი მხოლოდ ახლა „გააცოცხლა“ კვირიკაშვილმა.
გარდა ამისა, კახეთი საჰაერო მიმოსვლის კუთხითაც მასშტაბური პროექტისთვის ემზადება. საუბარია რეგიონში საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობაზე, თუმცა აქ მთავარი ხელისშემშლელი ფაქტორი თბილისის აეროპორტის თუქული ოპერატორი „ტავ ურბანია“. საქმე ისაა, რომ „ტავთან“ გაფორმებული კონტრაქტი პირდაპირ გვიკრძალავს საერთაშორისო აეროპორტის მშენებელობას თბილისიდან 150 კმ რადიუსში.
„კონკრეტულ ტერიტორიაზე საუბარი ჯერ ნაადრევია, მიმდინარეობს შესწავლა, თუ სად შეიძლება იყოს ოპტიმალური აეროპორტის განთავსება. რამდენიმე ფაქტორია გასათვალისწინებელი, გარდა ტურისტული დისლოკაციისა, საანავიგაციო პირობები უნდა იყოს შესატყვისი, გარემო უნდა იძლეოდეს საერთაშორისო რეისების განხორციელების საშუალებას. ჩვენ განვიხილავთ ტერიტორიას თელავიდან წნორის ჩათვლით“, - განუცხადა „საქმის კურსს“ ირაკლი ქადაგიშვილმა.
როგორც კახეთის გუბერნატორი განმარტავს, საუბარია იმაზე, რომ კერძო ინვესტორი იყოს ჩართული ამ პროექტში, რაზეც ინტერესი უკვე არსებობს კერძო სექტორიდან.