ბინიდან გამოსახლებაზე, შესაძლოა, რამდენიმეთვიანი მორატორიუმი გამოცხადდეს. ამასთან დაკავშირებით სპეციალისტებს შორის აზრთა სხვადასხვაობაა. ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს სასესხო განაკვეთებს შემცირებს, ხოლო ნაწილის აზრით კი კრედიტებზე ხელმისაწვდომობას გაართულებს.
პარლამენტში იპოთეკით დატვირთულ ქონებასთან დაკავშირებით ახალ საკანონმდებლო ინიციატივაზე იმსჯელებენ. კანონპროექტის თანახმად, შემოდის ახალი ცნება „ბოლო საცხოვრისი“, ანუ უძრავი ნივთი, რომელიც მოვალისა და მისი ოჯახის წევრზე საჯარო რეესტრში რეგისტრირებული ერთადერთი უძრავ ქონებაა. იმ შემთხვევაში, თუ, მაგალითად, ფიზიკურ პირს ერთადერთი სახლი აქვს ბანკში ჩადებული ან კერძო მევახშესთან იპოთეკის ხელშეკრულება აქვს გაფორმებული და თანხას ვერ დაფარავს, ბანკი ან მევახშე ამ ქონებას 3 წლის განმავლობაში ვერ გაყიდის.
საკანონმდებლო ინიციატივა „პატრიოტთა ალიანსს“ ეკუთვნის. როგორც მათი იურისტი ბექა ფერიძე აღნიშნავს, პირთა გამოსახლებაზე, შესაძლოა, რამდენიმე თვით მორატორიუმი გამოცხადდეს და ეს ინიციატივა პარლამენტში უკვე შეტანილია.
„კანონპროექტის განხილვის ფარგლებში საპარლამენტო უმრავლესობასთან იმაზეც გვქონდა საუბარი რამდენად იქნება შესაძლებელი, გამოსახლებაზე მორატორიუმი გამოცხადდეს. უმრავლესობის პოზიცია იყო, რომ ნახავდნენ და გააანალიზებდნენ, რა შესაძლებლობა აქვთ ამ მიმართულებებით.
მას შემდეგ, რაც 2014 წელს საპოლიციო გამოსახლება შეიცვალა, ამ ყველაფერმა სასამართლოში გადაინაცვლა. დავები დღემდე „იწელებოდა“, თუმცა უკვე თითქმის ყველა დავა დასრულებულია და შესაძლოა, გამოსახლება მასობრივად დაიწყოს. ჩვენ კი ვითხოვთ, ვისთვისაც ეს უძრავი ქონება ბოლო საცხოვრისია, მორატორიუმი გამოცხადდეს“, - აღნიშნავს ფერიძე.
სხვაგვარი ხედვა აქვთ ამ საკითხთან დაკავშირებით სამართლის სფეროს სპეციალისტებს. მაგალითად, ლევან ალაფიშვილი მიიჩნევს, რომ ე.წ. „ბოლო საცხოვრისის“ კანონპროექტი სესხებზე ხელმისაწვდომობას შეზღუდავს, იპოთეკარებს კი საბოლოოდ უფრო მეტის გადახდა მოუწევთ.
„მივიღებთ სიტუაციას, როცა ნებისმიერი სესხის გამცემი იზრუნებს, დამატებითი უზრუნველყოფა მოითხოვოს და თუ მოქალაქეს ორი საცხოვრებელი სახლი არ ექნება სესხს უბრალოდ არ მისცემს. ეს კანონპროექტი პრობლემას, რაც ვალის გადაუხდელობისას დგება, ვერ მოაგვარებს, მხოლოდ გადავადდება, რითიც ისევ მესაკუთრე დაზარალდება“, -აღნიშნავს ალაფიშვილი.
იურისტი ბექა ფერიძე კი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განმარტავს, კანონპროექტის ფარგლებში საპროცენტო განაკვეთების კუთხითაც იგეგმება ცვლილებება, რის შედეგადაც შესაძლოა, წლიური საპროცენტო განაკვეთი იპოთეკურ სესხზე 8-9%-მდე შემცირდეს.
„კანონპროექტის თანახმად, სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლში, რომელიც საპროცენტო განაკვეთებს არეგულირებს, ორი ცვლილება შედის. ერთ-ერთი ცვლილების თანახმად, თუ პირს გადახდილი აქვს ჯარიმა, პროცენტი და ა.შ. რაც მთლიანად ძირი თანხის ორმაგი ოდენობაა, ვალდებულება გადახდილად ჩაეთვლება.
მე-2 ცვლილების თანახმად, კი აღებულ სესხზე დასაბრუნებელი თანხა ძირი თანხის ერთმაგ ოდენობას არ უნდა აღემატებოდეს ანუ 1000 ლარიან კრედიტზე 2 ათასზე მეტს ვერ მოგთხოვენ.
მოქმედი კანონმდებლობით იპოთეკურ სესხთან მიმართებაში „ჭერი “ დაახლოებით, საშუალოდ, 2.4-2.5%-მდე მერყეობს. იპოთეკური სესხების შემთხვევაში საშუალო წლიური საპროცენტო განაკვეთი არის 10%-11%-ის ფარგლებშია. თუმცა, იმ კრიტერიუმების, რაც ცვლილებათა პაკეტში გვაქვს ჩადებული, ასე ვეღარ იქნება და თუ სესხი 8-9%-იანი არ იქნება, კანონის მოთხოვნებს ვერ დააკმაყოფილებს“, - აღნიშნა ფერიძემ.
ცნობისთვის, 2018 წლის იანვრის მდგომარეობით, წლიური საბაზრო საპროცენტო განაკვეთი ეროვნულ ვალუტაში გაცემულ სესხებზე 17.2%; ხოლო უცხოურ ვალუტაში გაცემულ 8.2% იყო.