რამდენად ეფექტურია „ჩექ ინ ჯორჯიას“ პროექტი, რა სარგებლობა მოაქვს მას ქვეყნისთვის? როგორც აღმოჩნდა, დახარჯული ათეულობით მილიონი ლარიდან მიღებული სარგებელი, გაწეული ხარჯის შესაბამისი არ არის. მართალია, წელს მთარობამ „ჩექ ინ ჯორჯიას“ დაფინანსება ცოტათი შეამცირდა, მაგრამ მაინც სოლიდურად გამოიყურება.
პროექტის ბიუჯეტი წელს 20 მილიონი ლარი იქნება. ღონისძიებები აპრილში დაიწყება და წლის ბოლომდე გასტანს. პროექტი თბილისის გარდა, საქართველოს სხვა ქალაქებსა და რეგიონებს მოიცავს. წელს „ჩექ ინ ჯორჯიას“ ქოლგის ქვეშ გაერთიანდა თითქმის ყველა მასშტაბური ფესტივალი, მათ შორის ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი, თბილისის საერთაშორისო თეატრალური და ფოტო ფესტივალები, საერთაშორისო სარეკლამო ფესტივალი Ad Black Sea და სხვა.
ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის გიორგი ჩოგოვაძის თქმით, პროექტის მიზანი საქართველოში ჩამოსული ტურისტის საკუთარ ქვეყანაში კარგი შთაბეჭდილებებით დაბრუნებაა. 2018 წლიის „ჩექ ინ ჯორჯიას“ ფარგლებში დაახლეობით 300 ღონისძიება ჩატარდება საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.
„ჩექ ინ ჯორჯიას“ ვიყენებთ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის იმიჯი ავამაღლოთ მსოფლიოს მასშტაბით. რამეთუ ვამბობთ, რომ ეს არის დინამიური ქვეყანა, სადაც მრავალფეროვანი კულტურული ცხოვრება ხვდება ტურისტებს, ეს არის უსაფრთხო ქვეყანა, სადაც მსოფლიო დონის ვარსკვლავები ჩამოდიან, რაც კიდევ ერთხელ გამოგვაჩენს მსოფლიო რუკაზე“, - განაცხადა ჩოგოვაძემ.
მისი თქმით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიზანია სუბსიდირება გაუწიონ კერძო სექტორს, რათა მათ ტურისტებს დიდი შთაბეჭდილება შეუქმნან საქართველოს შესახებ.
ეკონომიკის მინისტრიც ადასტურებს, რომ „ჩექ ინ ჯორჯია“ უაღრესად მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც წინა წლებთან შედარებით, წელს ბევრად უფრო დაიხვეწა და მრავალფეროვანი გახდა. იგი გამიზნულია იმისთვის, რომ „მოვიზიდოთ მეტი ტურისტი მთელი მსოფლიოდან და ასევე მოვახდინოთ შიდა ტურიზმის წახალისება, ვინაიდან შიდა ტურიზმს ჩვენ ეკონომიკაში მოაქვს არანაკლები შემოსავლები და ქმნის არანაკლებ სამუშაო ადგილს“.
ერთი სიტყვით მთავრობის წევრები ირწმუნებიან, რომ „ჩექ ინ ჯორჯიას“ დიდი მისი აკისრია ქვეყნის წინაშე. საინტერესოა, როგორია ამ პროექტის ეფექტურობა, რომელიც წელს ათულობით მილიონი ლარით ფინანსდება. აუდიტის დასკვნის მიხედვით, 2016 წელს „ჩექ ინ ჯორჯიას“ ფარგლებში განხორციელებულ კონცერტებზე ბიუჯეტიდან 28 მილიონი ლარი დაიხარჯა, ხოლო გაყიდული ბილეთებიდან იმავე წელს მთვარობამ 3 044 030 ლარი მიიღო.
აღნიშნული პროექტი ითვალისწინებდა სხვადასხვა ღონისძიების განხორციელებას: მსოფლიო კლასის არენა შოუ – 4 აქტივობა; კონცერტი ქვეყნის 17 ქალაქში – 46 აქტივობა; ქუჩის წარმოდგენები – 40 აქტივობა; ბათუმის კოლონადებთან და კორტებზე გამართული კონცერტები.
ამ ღონისძიებებიდან სამი კონცერტი იყო ფასიანი: ეროს რამაზოტის, რობი უილიამსის და MAROON 5-ის, დანარჩენ კონცერტებზე დასწრება უფასო იყო.
აუდიტის სამსახურის ცნობით, 3 კონცერტის ფარგლებში ბილეთების რეალიზაციიდან მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა სულ – 3 044 030 ლარი.
„საინვესტიციო ფონდი არ ახდენდა ჩატარებული კონცერტების მიხედვით გაყიდული ბილეთების შესახებ TKT.GE-ს მონაცემთა ბაზიდან დეტალური ინფორმაციების რეპორტირებას და დოკუმენტირებას. შემოსავლის აღიარება ხორციელდებოდა პროგრამიდან გენერირებული სტატისტიკური ანგარიშების საფუძველზე გაფორმებული მიღება- ჩაბარების აქტების შესაბამისად“, - აღნიშნულია აუდიტის დასკვნაში.
ამ სტატისტიკური ანგარიშების მიხედვით გაუყიდავი ბილეთების რაოდენობა 3 719 ერთეული იყო, რომლის ღირებულება 141 840 ლარი იყო.
კულტურის სამინისტრო იმასაც აცხადებდა, რომ „ჩექ ინ ჯორჯიამ“ ქვეყანაში ტურისტების შემოდინებას შეუწყო ხელი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ კი ჩაატარა კვლევა, რომლის მიხედვითაც სხვა სურათი გამოვლინდა.
საია–ს კვლევის მიხედვით, 2016 წელს პროექტ „ჩექ ინ ჯორჯიას“ ფარგლებში ჩატარებულ სამ დიდ ღონისძიებაზე დასასწრებად 49 ქვეყნიდან ჩამოვიდნენ, თუმცა ეს გაყიდული ბილეთების დაახლოებით 5%-ს შეადგენდა, ხოლო ჯამურად – ამავე 49 ქვეყნიდან შემოსული ვიზიტორების მხოლოდ 0.05% ეწვია პროექტის ფარგლებში გამართულ კონცერტებისათვის საქართველოს.