თამბაქოსა და ალკოჰოლური სასმელების კონტრაბანდა განუხრელად იზრდება. ამის მიზეზი ისაა, რომ საქართველოში აქციზის მკვეთრი მატების გამო, პროდუქცია ერთბაშად გაძვირდა, ხოლო მეზობელ ქვეყნებში არაფერი შეცვლილა. შესაბამისად, ფასთა სხვაობა საკმაოდ დიდია საიმისოდ, რომ კონტრაბანდისტებს რისკი უღირდეთ.
ოფიციალური ინფორმაციით, 2016 წელს საქართველოში სიგარეტის 2 მილიონამდე ღერი შემოვიდა, 2017 წელს კი ამ მაჩვენებელმა 4,5 მილიონ ღერს მიაღწია. გაზრდილია საბაჟოზე საკუთარი სურვილით პროდუქტის ჩაბარების შემთხვევებიც. თუ 2016 წელს 300 ათასამდე ღერი არადეკლარირებული სიგარეტი საკუთარი ნებით ჩააბარეს სახელმწიფოს, 2017 წელს ეს მაჩვენებელი 2 მილიონამდეა.
მსგავსი მდგომარეობა გვაქვს ალკოჰოლური სასმელების მიმართულებითაც. 2016 წელს საქართველოში 3 400 მდე ლიტრი არადეკლარირებული ალკოჰოლური სასმელი აღმოაჩინეს, 2017 წელს კი ეს მაჩვენებელი 6 300 ლიტრამდე გაიზარდა. საკუთარი სურვილით საბაჟოზე ალკოჰოლური სასმელების ჩაბარების ფაქტები, ამ შემთხვევაშიც მომატებულია.
თამბაქოს უკანონოდ შემოტანის ზრდას შემოსავლების სამსახური აქციზის მატებას უკავშირებს. უწყებაში აცხადებენ, რომ არადეკლარირებული პროდუქციის შემოტანის ზრდის მთავარი მიზეზი სწორედ აქციზის გადასახადის ზრდაა. თუმცა, შემოსავლების სამსახურში აღნიშნავენ, რომ ამ რისკების შესახებ უწყებამ პრევენციული ღონისძიებები ჩაატარა და საბაჟოზე კონტროლი გაამკაცრა.
პრობლემის არსებობას ადასტურებს ეკონომიკისა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილიც, მაგრამ იგი საკითხის მოგვარებას სხვა ქვეყნების დაყოლიებით ცდილობს და არა საკუთარი საგადასახასო რეჟიმის მოწესრგებით.
„ბოლო წერილი, რაც ევროკავშირს მივწერეთ, იყო ის, რომ აქციზის ზრდის პროცედურა 2025 წლამდე გაიწეროს. წელს თამბაქოზე განაკვეთი არ გაზრდილა, შემდეგ წელს კი მოიმატებს. როდესაც აქციზი იზრდება, არის ერთი საშიშროება. ჩვენ ვართ გარშემორტყმული ქვეყნებით, სადაც ბევრი თამბაქოს ნაწარმია. თუ შენი აქციზი არის ძალიან მაღალი, შემდეგ იწყება კონტრაბანდა.
ამიტომ ჩვენ ვესაუბრებით ჩვენი მეზობელი ქვეყნების მთავრობებს, რომ ერთად ავწიოთ ეს აქციზი იმისთვის, რომ ერთმანეთთან არ დაიწყოს კონტრაბანდული საქონლის გატანა. ჩვენ გვაქვს ძალიან აქტიური მოლაპარაკება სომხეთთან, სადაც ყველაზე დაბალი განაკვეთია, დანაჩენებთან მეტ-ნაკლებად გავსწორდით. სომხეთი დაგვიპირდა, რომ წელს აქციზს გაზრდიან და ვნახოთ, ამის მიხედვით რა იქნება“, - განაცხადა ქუმსიშვილმა.
თამბაქოსთან ერთად მომატებულია ალკოჰოლის კონტრაბანდაც, მაგრამ ამ მიმართულებით შემოსავლების სამსახური პრობლემას ვერ ხედავს.
„ალკოჰოლთან დაკავშირებით წლების განმავლობაში სურათი მეტ-ნაკლებად იდენტურია. რაც შეეხება თამბაქოს, ამას აქვს თავის მიზეზი და ეს დაკავშირებულია თამბაქოს ნაწარმზე აქციზის ზრდასთან დაკავშირებით. შემოსავლების სამსახურმა ჩაატარა წინასწარი პრევენციული ღონისძიებები აქციზის ზრდასთან დაკავშირებით, მოხდა საბაჟო გამშვები პუნქტების შესაბამისი უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვა. გადავამზადეთ კადრები. ამასთან, მოხდა მაღალი რისკის მქონე საბაჟო გამშვები პუნქტების იდენტიფიცირება, საიდანაც მეტი ალბათობა იყო კონტრაბანდული ტვირთების შემოდინების და ყველაფერი გავაკეთეთ, რომ საქართველოს ეკონომიკური საზღვრები სრულად ყოფილიყო დაცული კონტრაბანდისგან.
ალკოჰოლთან დაკავშირებით არ გვაქვს მაღალი რისკი, მაგრამ იგივეს ვერ ვიტყვით თამბაქოსთან მიმართებაში. ვიცით, რომ აქციზი არ არის გაზრდილი მეზობელ ქვეყნებში და ეს არის პრობლემა“, - განუცხადა „ბიზნეს მედიას“ შემოსავლების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ხატია მოისწრაფიშვილმა.