ახალქალაქისა და ახალციხის კარტოფილი თურქულ ბაზრებს ამარაგებს, ქართულსას - თურქული კიბოიანი კარტოფილი

ახალქალაქისა და ახალციხის კარტოფილი თურქულ ბაზრებს ამარაგებს, ქართულსას - თურქული კიბოიანი კარტოფილი

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სამი თვის განმავლობაში თურქეთიდან საქართველოში კარტოფილის შემოტანა აიკრძალა. სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, ამის მიზეზი კარტოფილის კიბოს გავრცელების საშიშროებაა. აღნიშნულ განკარგულებას ხელი გიორგი კვირიკაშვილმა მოაწერა.

ეს დროებითი ღონისძიებაა და მსგავსი შეზღუდვის გატარებას ფიტოსანიტარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის წესის მე-17 მუხლი ითვალისწინებს, რაც თავისუფალ ტერიტორიებზე დაავადებული პროდუქტის გავრცელების თავიდან აცილებას გულისხმობს.

საკარანტინო მავნე ორგანიზმები წელს თურქეთიდან შემოტანილი კარტოფილის 20 პარტიაში აღმოჩნდა. 18 შემთხვევაში, ეს იყო კარტოფილის კიბო, რომელიც კარტოფილის ყველაზე სერიოზულ დაავადებად ითვლება. ლაბორატორიული კვლევით, ასევე, დადასტურდა ოქროსფერი ნემატოდას და მურა სიდამპლის არსებობა.

აღსანიშნავია, რომ ყველაზე მეტი კარტოფილი საქართველოში თურქეთიდან შემოვიდა. 2017 წლის 1-ლი იანვრიდან დღემდე იმპორტის მოცულობამ 21 615 ტონა შეადგინა. სამაგიეროდ, თურქეთში ძალზე პოპულარულია საქართველოდან გატანილი ჯანსაღი კარტოფილი. ახალქალაქსა და ახალციხეში მოყვანილი კარტოფილი თურქულ ბაზრებს ამარაგებს.

საკარანტინო პერიოდის გასვლის შემდეგ ქართველი მომხმარებელი ისევ დაუცველი აღმოჩნდება და კვლავაც თურქული უხარისხო კარტოფილის შეძენა მოუწევს. ამდენად, საინტერესოა, თურქი მომხმარებლისგან განსხვავებით, ქართველ მომხმარებელს წლის განმავლობაში რატომ ახვევენ თავს თურქულ უვარგის კარტოფილს? რომელი სამსახურია ამ საკითხზე პასუხისმგებელი?

მომხმარებელთა უფლებების დაცვის ასოციაცია „ეტიკის“ ხელმძღვანელი ამირან შენგელია For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ სხვებს ნუ დავაბრალებთ, თუკი ჩვენ თვითონვე, ქართველებს შემოგვაქვს თურქული ცუდი კარტოფილი და ჩვენვე ვყიდულობთ ამ კარტოფილს. ეს სწორედ იმ სტრუქტურების ბრალია, რომლებმაც საქართველოში შემოტანის ნება დართეს უვარგისი კარტოფილის გამყიდველებს, რადგან, როგორც წესი, კარტოფილი საზღვარზე უნდა შემოწმებულიყო. მით უმეტეს, რომ კარტოფილი სულაც არ არის შეფუთული ისე, რომ ადამიანმა ვერ ნახოს, შიგნით რა შემადგენლობაა. ამის დამალვა არ გამოვა.

„თურქული კარტოფილის უვარგისობა რომ დაფარონ, საქართველოში შემოტანის შემდეგ მას შავ მიწას მიაცხებენ და გასაყიდად ამზადებენ. უბრალო მყიდველი შეუიარაღებელი თვალითაც თავისუფლად დაინახავს, რომ თურქული კარტოფილი გაფუჭებულია. ეს ზედაპირულადაც ემჩნევა, დასეტყვილივით აქვს, გარდა ამისა, შავი წერტილები მოუჩანს. თანაც, გამყიდველი ლარად რომ ყიდის ამ კარტოფილს, უცებ გეტყვის, 70 თეთრად მოგყიდიო. დაავადებულ კერას თუ ამოჭრით, ის კარტოფილი იჭმევა და დაავადების კერა აღარ ვრცელდება კარტოფილის დანარჩენ ნაწილზე, მაგრამ 1 კილოს რომ იყიდით და უვარგის კერებს ამოაჭრით, იქიდან 300-400 გრამიღა დაგრჩებათ. ანუ ვითომ იაფად იყიდეთ, მაგრამ ერთი კილო კარტოფილიდან 400 გრამამდე მიიღეთ. ეს მყიდველის მოტყუებაა“, - აცხადებს ამირან შენგელია.

მისივე განმარტებით, თურქეთში ყველანაირი ხარისხის კარტოფილი იყიდება, მაგრამ ყველაფერს განსხვავებული ფასი აქვს. თურქეთში გადასარევი კარტოფილიც აქვთ, ისეთი, როგორც ამბობენ, უმად შეჭამს ადამიანი, მაგრამ არის უვარგისი კარტოფილიც, რომელიც საქართველოში შემოდის. ამირან შენგელია 6-7 წლის წინ თურქეთში ყოფნის ფაქტს იხსენებს, როცა პომიდვრის ყიდვა გადაწყვიტა. თურქმა გამყიდველმა რომ გაიგო, იგი ქართველი იყო, დაინტერესდა, რისთვის უნდოდა პომიდორი, ახლავე რომ მიერთვა, თუ თბილისში წასაღებად? ეს ნიშნავს, რომ ადგილზე მოსახმარად კარგ პროდუქციას გთავაზობენ, საქართველოში კი უვარგისს გატანენ. მით უმეტეს, პომიდორს გემოვნური თვისება სხვადასხვა აქვს და, სანამ არ მიირთმევთ, ვერ გაიგებთ. ამიტომ მომხმარებელთა უფლებების დაცვის ასოციაცია „ეტიკის“ ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ საქართველოში შემოტანილი პროდუქცია საბაჟოზე უნდა მოწმდებოდეს.

„როდესაც კარტოფილს ვყიდულობთ, შეიძლება პატარა გაფუჭებული კერა ვერ ვნახოთ, მაგრამ, როცა დიდი მანქანებით შემოდის თურქული გაფუჭებული კარტოფილი, დავიჯეროთ, საბაჟოზე ბრმები ჰყავთ? თუ შეგნებულად გამოუშვეს, ვითომც გამოეპარათ? სინამდვილეში, როგორ უნდა გამოეპაროთ? ვთქვათ, გამოეპაროთ 10 კილო, 100 კილო, მაგრამ 10 ტონა როგორ უნდა გამოეპაროთ? კარტოფილის კიბოს რასაც ეძახიან, ეს არის დაავადებული კარტოფილი. ჯერ ერთი, შესახედავადაა ცუდი და იმ კარტოფილს ისედაც არ შევჭამთ. მკვეთრად ემჩნევა დაავადება და გათლისას მოვაშორებთ, მაგრამ ხომ შეიძლება, სისწრაფეში ვინმეს გამორჩეს და ბოლომდე არ გაასუფთაოს კარტოფილი? ცხადია, ასეთი კარტოფილის მირთმევა მარგებელი არ არის, მაგრამ არც ისეთია, რომ მივირთვათ და მოგვკლას. უბრალოდ, თერმული დამუშავების შემდეგ შეიძლება ადამიანს კუჭი აეშალოს. თუმცა რატომ უნდა მივირთვათ ცუდი კარტოფილი იმ ფასად, რა ფასადაც შეიძლება გვეყიდა კარგი კარტოფილი? სხვისმა შვილებმა რატომ უნდა გაიხარონ ჩემი შვილების ჯანმრთელობის ხარჯზე? ჩვენი ხელისუფლება ამაყობს, რომ ექსპორტზე გაიტანა ამდენი და ამდენი მილიონი ლარის ღირებულების პროდუქცია. კარტოფილიც გაიტანეს თუ არა, ჩამონათვალში არ ჩანს. ცხადია, რომ აღნიშნონ, საქართველოდან გავიტანეთ 10 მილიონი ლარის კარგი კარტოფილი და შემოვიტანეთ 20 მილიონი ლარის დამპალი კარტოფილიო, ამის თქმა არავის აწყობს“.

თსუ-ის პროფესორი, სურსათის ექსპერტი ეთერ სარჯველაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ თურქეთიდან საქართველოში კარტოფილის შემოტანის 3 თვით აკრძალვა სწორი ნაბიჯია, რადგან თესვის პერიოდში ეს უვარგისი მასალა სათესლედ არ იქნას გამოყენებული. ნიადაგში ჩადებული ასეთი კარტოფილი მაინც იწყებს განვითარებას და გარემოს დაჭუჭყიანებას. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დროს კონტროლი გახშირდა, ეთერ სარჯველაძე ადასტურებს, რომ მაინც შემოჰქონდათ ხოლმე საქართველოში კიბოიანი კარტოფილი, რადგან ყველა ჩანთა და ტომარა არ კონტროლდებოდა.

„კიბოიან კარტოფილს აქვს განმასხვავებელი ნიშნები, ეს არის შავი ლაქები შიგნით. მართალია, შიგნით აქვს ეს ლაქები, მაგრამ ზოგჯერ გარედანაც ეტყობა. ამ დროს კი ჩვენი კარტოფილი ეკოლოგიურად სუფთაა“, - აღნიშნა ეთერ სარჯველაძემ.