„საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“ „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ ყიდულობს. გარიგების ღირებულება 40 მილიონი დოლარია. ინფორმაცია ჯერ ყაზახურმა „ფორბსმა“ გაავრცელა, ხოლო შემდეგ ქართულმა წყაროებმა. გადაწყვეტილება „ყაზტრანსგაზის“ დირექტორთა საბჭომ უკვე მიიღო. ქართულ კომპანიაში დეტალების გახმაურებისაგან ჯერჯერობით თავს იკავებენ, თუმცა შეთანხმებას ადასტურებენ.
„ყაზტრანსგაზი“ თბილისში 2005 წელს გამოჩნდა და 2009 წელს პირველად გამოთქვა კომპანიის გაყიდვის სურვილი, მას შემდეგ, რაც საქართველოს წინაშე არსებულმა დავალიანებამ 48 მილიონ დოლარს მიაღწია. „ყაზტრანსგაზის“ ინფორმაციით, 2009 წლამდე კომპანიამ „ყაზტრანსგაზ-თბილისში“ 100 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა.
„საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფსა“ და „ყაზმუნაიგაზს“ შორის პრინციპული თანხმობა უკვე მიღწეულია. ქართულ კომპანიაში ადასტურებენ, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში აწარმოებდნენ მოლაპარაკებას ყაზახურ მხარესთან შპს „ყასტრანგაზ-თბილისის“ საწესდებო კაპიტალში მათ საკუთრებაში არსებული წილის 100% გამოსყიდვის შესახებ.
„გარიგების მასშტაბურობიდან გამომდინარე, აუცილებელია, საბოლოო იურიდიული დეტალების დაზუსტება, რაც გარიგების გასაფორმებლად გარკვეულ დამატებით დროს მოითხოვს. „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“ ითვალისწინებს რა ამ საკითხის გარშემო არსებულ ფართო საჯარო ინტერესს, გამოთქვამს მზადყოფნას აღნიშნული საბოლოო სამართლებრივი პროცესის დასრულების შემდეგ გაავრცელოს ოფიციალური ინფორმაცია გარიგების შესახებ“, - აცხადებენ კომპანიაში.
საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის გენერალური დირექტორის მრჩეველი სტრატეგიულ საკითხებში ლევან ვეფხვაძე ამბობს, რომ დასაზუსტებელია გარკვეული იურიდიული დეტალები, რაც დროს მოითხოვს. ამის შემდეგ „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ წილის შესყიდვის შესახებ ინფორმაცია საჯაროდ გავრცელდება.
„საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი გამოისყიდის მათ საკუთრებაში არსებულ წილს „ყაზტრანსგაზ-თბილისში“. ჯერ გარკვეული იურიდიული პროცედურებია დასასრულებელი, რაც გარკვეულ დროს მოითხოვს, რომლის შემდეგაც ჩვენ უკვე საჯაროდ განვაცხადებთ ინფორმაციას გარიგების შესახებ. სხვა დეტალებზე, როგორიცაა ფასი, ღირებულება და ა.შ. ამ ეტაპზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. ვერც აქამდე დასახელებულ ციფრს დავადასტურებ და ვერც უარვყოფ. მხოლოდ და მხოლოდ შემიძლია გითხრათ, რომ ყველაფერი გარიგების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი“, - განაცხადა ვეფხვაძემ.
საქართველოს ხელისუფლებასა და ყაზახურ კომპანიას შორის დავალინებასთან დაკავშირებული დავა წლებია გრძელდება. 2017 წელს „ყაზტრანსგაზმა“ საქართველოს მთავრობას საერთაშორისო სასამართლოშიც უჩივლა. როგორც ყაზახური მედია წერდა, კომპანიამ ვერ შეძლო საქართველოში შვილობილის გაყიდვა და მის დასაბრუნებლად ბრძოლა წამოიწყო. სადავო თანხა 180 მილიონი დოლარდ შეადგენდა.
ამჟამად „ყაზტრანსგაზ-თბილისს“ სემეკის მიერ დანიშნული სპეციალური მმართველი მართავს. გიგლა თამაზაშვილი კომპანიის მმართველის პოსტს პირველ აპრილამდე იკავებს. რამდენად გაგრძელდება მისი ყოფნა გაზგამანაწილებელ კომპანიაში ან შეწყვეტენ თუ არა ყაზახები სასამართლოში ჩივილს, ეს მალე გაირკვევა. ყველაფერი დამოკიდებული იქნება გარიგების დროულად დასრულებაზე.