ტურისტების რაოდენობა სწრაფად იზრდება, ინფრასტრუქურა კი ნელა ვითარდება

ტურისტების რაოდენობა სწრაფად იზრდება, ინფრასტრუქურა კი ნელა ვითარდება

წელს საქართველოში 8 მილიონზე მეტ უცხოელ ვიზიტორს ელოდებიან. ტურისტების რიცხვი მუდმივად მზარდია, მაგრამ ინფრასტრუქტურის განვითარება მას სათანადოდ ვერ მიჰყვება. ამიტომ, პირველ რიგში, ყურადღება ამ კუთხით არის გასამახვილებებლი.

ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი ჩოგოვაძე წელს საქართველოში რეკორდულად დიდი ოდენობით ტურისტს ელოდება. ამიტომ სახელმწიფო ცდილობს, მათ კულტურულად დატვირთული პროგრამა დაახვედროს.

„როდესაც რომელიმე ქვეყანაში ვმოგზაურობთ გვაინტერესებს ადგილობრივი კულტურა. ტურისტების რაოდენობა საქართველოში წელს 8-მილიონიან ნიშნულს გადააჭარბებს, ვცდილობთ ტურისტებს კულტურულად დატვირთული პროგრამა დავახვედროთ. იმ რეგიონებში, სადაც ტურისტების დიდი ნაკადია, ქართულ ფოლკლორულ კონცერტებს სახელმწიფო დააფინანსებს. თუმცა, აქვე იქნება ჯაზი, ბლუზი, საკამერო, საოპერო, საგუნდო მუსიკის კონცერტები. ამ პროექტში იქნება ყველაფერი, რითიც ჩვენ ვამაყობთ და გვინდა რომ წარვდგეთ მსოფლისო წინაშე“, - განაცხადა ჩოგოვაძემ.

ტურისტების რაოდენობა რომ მოიმატებს, ამას სხვადასხვა ორგანიზაციის მონაცემებიც ადასტურებს. მაგალითად, „გალტ ენდ თაგარტის“ ექპერტი ევა ბოჭორიშვილი ფიქრობს, რომ ტურისტების ნაკადი 20%-ით გაიზრდება. ამის თქმის საფუძველს იძლევა ის შედეგები, რომელიც წლის დასაწყისში ჩანს.

„იანვარში ტურისტების რაოდენობა - 27%-ით, თებერვალში კი 23%-ით გაიზარდა. რაც შეეხება შემოსავლებს ტურიზმიდან, გვაქვს 15%-იანი ზრდის მოლოდინი და ვფიქრობთ, რომ ის 3 მილიარდ 100 მილიონ დოლარს მიაღწევს“, - განუცხადა „ბიემს“ ბოჭორიშვილმა.

ტურიზმის სფეროს სპეციალისტებს კი მიაჩნიათ, რომ დღეს საქართველოს ტურიზმი არ არის მზად, მიიღოს მაღალი დონის დამსვენებლები, რადგან ქვეყანას მათთვის საჭირო რესურსი არ გააჩნია.

„ქვეყანა რომ დღე-ღამეში 57 000 კაცზე მეტს ვერ დააძინებს, ის არ შეიძლება, იყოს მილიონობით ტურისტის მიმღები, ამის რესურსი დღეს ჩვენ არ გაგვაჩნია. 1988 წელს გვქონდა 152 000 საწოლი ადგილი და წლის განმავლობაში ვიღებდით 5 მლნ ტურისტს. ბოლო წლებში ამ ადგილების რაოდენობა მკვეთრად შემცირდა და როგორ ვიღებთ 8 მილიონ ტურისტს, გაურკვეველია.

პრაღაში, რომელიც თბილისზე პატარაა, შედის 10-ჯერ მეტი ტურისტი, ვიდრე საქართველოში, რადგან პრაღას აქვს 93 000 საწოლი ადგილი. როდესაც შედარებას ვაკეთებთ ტურისტების რაოდენობასა და შემოსავლებს შორის, უნდა გავითვალისწინოთ ჩვენი ტექნიკური ბაზა. ეს ყველაფერი კი არ იძლევა იმის საშუალებას, რომ ვილაპარაკოთ ტურისტების ამ რაოდენობაზე. ეს არის ვიზიტორი და 85% იმ ადამიანებისა, რომლებიც მეზობელ ქვეყნებში, ანუ სომხეთში, აზერბაიჯანში, თურქეთში, რუსეთი და უკრაინაში ცხოვრობენ“, - აცხადებს ტურიზმის სფეროს ექსპერტი ნიკა კვარაცხელია.

ამასობაში შარშანდელი დაზუსტებული მონაცემები გამოქვეყნდა, რითიც დასტურდება, რომ საქართველოში შემოსული უცხოელებიდან დაახლოებით ნახევარი ქვეყანაში 24 საათზე მეტი დროით რჩება. 2017 წლის მონაცემებით, საქართველოში შემოვიდა 7,5 მლნ უცხოელი, ხოლო მათი რაოდენობა, ვინც საქართველოში ერთ დღე-ღამეზე მეტი გაატარა 3 478 932 კაცს შეადგენს. საქართველოს ღია მონაცემების ლაბორატორიის ცნობით, შარშან ასეთი 2 720 970 ადამიანი იყო, 2015 წელს კი - 2 281 971.

მზარდია საქართველოში ტრანზიტით შემოსული პირების რაოდენობაც. 2017 წელს ეს მაჩვენებელი 1 687 289 პირს აღემატებოდა მაშინ, როცა 2016 წელს მათი რიცხვი 1 321 344 იყო, ხოლო 2015 წელს - 1 400 835.

ერთდღიანი ვიზიტით 2017 წელს საქართველოში 2 388 715 უცხოელი შემოვიდა. 2016-ში - 2 318 189, ხოლო 2015 წელს კი - 2 218 288.