თბილისში „ხრუშჩოვკების“ ჩანაცვლების პროექტი, როგორც ჩანს, ქარვთარაძის ქუჩიდან დაიწყება. მიუხედავად იმისა, რომ ვარკეთილში მდებარე კორპუსები უფრო ძველიცაა და უფრო ავარიულიც, აქცენტი კომერციულად მიმზიდველ ტერიტორიაზე კეთდება. უნდა ითქვას ისიც, რომ 5-სართულიან კორპუსებში ბინების შეძენის მსურველთა რაოდენობამ ბოლო პერიოდში დაიკლო.
ორგანიზაცია myclient.ge-ს დირექტორის გვანცა გუჯელაშვილის ინფორმაციით, თბილისში ამჟამად 500-ზე მეტი „ხრუშჩოვკის ტიპის“ კორპუსია და მათი მთლიანი საცხოვრებელი ფართი დაახლოებით 1 066 800 კვ/მ-ს შეადგენს. ორგანიზაცია რამდენიმე თვეა აკვირდება, საცხოვრებელი ბინის რა ტიპის პროექტზეა ყველაზე დიდი მოთხოვნა დედაქალაქში. კვლევის მიხედვით, გამოიკვეთა, რომ ყველაზე ნაკლები მოთხოვნა სწორედ „ხრუშჩოვკებზეა“.
„ფაქტობრივად აღარ არის ინტერესი ამ ტიპის ბინების მიმართ, რაც სხვადასხვა ფაქტორით არის განპირობებული. მთავარი ისაა, რომ ადამიანებს აღარ უნდათ იცხოვრონ იმ ტიპის სახლში, როგორიც „ხრუშჩოვკაა“. დღეს უკვე შეიცვალა ადამიანების მოთხოვნა, შესაბამისად, ურჩევნიათ ძველი, მოშლილი კომუნიკაციის მქონე სახლის ნაცვლად, უკეთესი ინფრასტრუქტურის ბინა შეიძინონ“, - აცხადებს გუჯელაშვილი.
„ხრუშჩოვკის“ პროექტის ბინებში კვადრატული მეტრის ფასები უბნების მიხედვით განსხვავებულია. საბურთალოზე 1 კვ/მ-ის ფასი 688 აშშ დოლარის ეკქვივალენტია ლარში, დიდუბის რ-ში 1 კვ/მ-ის ფასი 654 დოლარია, ვარკეთილში კი - 474 დოლარი. ვარკეთილის შემდეგ მოდის თემქის, სამგორისა და გლდანულას დასახლებაში არსებული „ხრუშჩოვკის“ პროექტის ბინები, სადაც 1 კვ/მ-ის საშუალო ფასი 454 აშშ დოლარია.
დედაქალაქის მერიაში რამდენიმე დღის წინა დაადასტურეს, რომ ძველი 5-სართულიანი კორპუსების ჩანაცვლებასთან დაკავშირებით იყო რამდენიმე წინადადება. თბილისის ვიცე-მერის ინფორმაციით, ამ საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს, მაია ბითაძეს კომპანია არ დაუკონკრეტებია.
„ხრუშჩოვკების“ ჩანაცვლებასთან დაკავშირებით იყო რამდენიმე წინადადება, რაც მერმაც გაახმოვანა, შემდეგ იყო კომპანიების შემოთავაზება. მიმდინარეობს მუშაობა. ვფიქრობთ, გარკვეული მექანიზმების შეცვლას, რომ ეტაპობრივად გადაწყდეს ეს საკითხი ისე, როგორც ყველა სხვა ქვეყანაში ხდება ძველი, ამორტიზაციის პერიოდში შესული შენობების ეტაპობრივი ჩანაცვლება“, - აღნიშნა მაია ბითაძემ.
ამასობაში გაირკვა ერთ-ერთი ის სამშენებლო კომპანია, რომელიც მასშტაბური პროექტის განხორციელებით არის დაინტერესებული. ეს „საქართველოს ბანკთან“ ასოცირებული დეველოპერული ჯგუფი „მ2“-ია. იგი ქავთარაძის ქუჩაზე „ხრუშჩოვკების“ ჩანაცვლების პროექტს ამზადებს და უახლოეს პერიოდში მას მერიაში ნებართვის მისაღებად შეიტანს. საუბარია დაახლოებით 300 საცხოვრებელ ბინაზე.
სამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელი ირაკლი ბურდილაძე ამბობს, რომ „ხრუშჩოვკების“ მცხოვრებლებს „მ2“-ის სხვა ახალ საცხოვრებელ სახლში გადასვლას შესთავაზებენ, თავად კი ადგილზე ახალ კორპუსებს ააშენებენ.
„ბიემის“ ინფორმაციით, მოსახლეობასთან მოალაპარაკებები ჯერ არ დაწყებულა. სამშენებლო კომპანია დაალოებით 2 თვეში ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯებს გადადგამს.
„ჩვენ გვაქვს საპილოტე პროექტი საბურთალოს რაიონში, ვმუშაობთ მის დასრულებაზე. გვინდა, „ხრუშჩოვკების“ მცხოვრებლებს შევთავაზოთ არსებულ პროექტში ბინების გადაცვლა. ეს იქნება პირველი ნაბიჯი იმისკენ, რომ ეს ძველი კორპუსები ჩანაცვლდეს თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი სახლებით.
საპილოტე პროექტი მოიცავს ქავთარაძის ქუჩაზე მდებარე ობიექტებს. საუბარია 300 ბინაზე. რა თქმა უნდა, 300-ვე ჩვენ ვერ გავცვლით „ხრუშჩოვკებზე“. საუბარია დაახლოებით 1/3-ის გაცვლაზე. ეს პროცესი ჯაჭვური რეაქციით გაგრძელდება და ახალაშენებულ ბინებს შევთავაზებთ სხვა „ხრუშჩოვკების“ მცხოვრებლებს“, - განაცხადა ირაკლი ბურდილაძემ.
თბილისში ყველაზე მეტი 5-სართულიანი კორპუსი დიღმისა და ვარკეთილის მასივებში და ვაჟა-ფშაველას კვარტლებშია თავმოყრილი.