საქართველოს დედაქალაქი თავს იწონებს მრავალფეროვანი და პოპულარული რესტორნებით, თუმცა აღმოჩნდა, რომ საწარმოო პროცესი ბევრ ცნობილ კვების ობიექტში იმდენად დარღვეულია, რომ საფრთხეს ექმნება ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. რესტორნების მომსახურება ძალიან ძვირია. საინტერესოა რაში ახდევინებენ კლიენტებს ამხელა თანხას, თუკი მათი მომსახურების დონე არ შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს?
სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა საზოგადოებრივი კვების ობიექტები შეამოწმეს და მნიშვნელოვანი დარღვევებიც აღმოაჩინეს. კონტროლის ფარგლებში, დოკუმენტური შემოწმება და ინსპექტირება ჩატარდა 19 რესტორანსა და კაფე-ბარში. მათ შორის, 7 მათგანს კრიტიკული შეუსაბამობების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერდა. გამოვლინდა ისეთი შემთხვევები, რომელიც საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას და მისი აღმოფხვრა კონკრეტული საწარმოო პროცესის დროებით შეჩერების გარეშე შეუძლებელია.
„სხვადასხვა დარღვევის, მათ შორის, ჯანმრთელობის ნიშანდების გარეშე ხორცის რეალიზაციის, ეტიკეტირების წესისა და მიკვლევადობის დარღვევის, ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის უქონლობის გამო დაჯარიმდა 9 ბიზნესოპერატორი, დადებითი მდგომარეობა დაფიქსირდა 3 რესტორანში. შემოწმების პროცესი კვლავ გრძელდება“, - განმარტავენ სურსათის ეროვნულ სააგენტოში.
აღსანინავია, რომ კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა ძალიან ცნობილ რესტორნებში: „თაღლაურა“; „ძველი ქალაქი“; კაფე „კალა“; „პლაზა ჰოლი“; „კრუიზი“; „ოქროს კათხა“ და „მუხამბაზი“. ამ ობიექტებს საწარმოო პროცესი შეუჩერდათ და 1000 ლარით დაჯარიმდნენ. თითქმის ყველა მათგანი დიღმის მასივში მდებარეობს.
მიუხედავად ამისა, ზოგიერთი რესტორანი არ დაემორჩილა სურსათის სააგენტოს გადაწყვეტილებას. მაგალითად, შემოწმების პროცესთან დაკავშირებით კაფე „კალაში“ აცხადებენ, რომ ეს ინფორმაცია შეცდომაა და ისინი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ. „კალაში“ ამბობენ, რომ აღნიშული ფაქტი სურსათის ეროვნული სამსახურის შეცდომაა.
რაც შეეხება რესტორან „კრუიზს“, იქაც აცხადებენ, რომ ობიექტი ამ ეტაპზე უკვე ფუნქცირებს და სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შემოწმების დროს საწარმოს გაფრთხილება მხოლოდ გამწოვის ტექნიკურ გაუმართაობასთან დაკავშირებით მისცა.
რესტორან „კერიაში“ ადასტურებენ, რომ ისინი სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ჯანმრთელობის ნიშანდების გარეშე ხორცის რეალიზაციიის გამო 1000 ლარით მართლაც დააჯარიმა. მათი ინფორმაციით, ობიექტი შემოწმებული ხორცით მარაგდება, თუმცა ამ შემთხვევაში რესტორნის მხრიდან უნებლიე გადაცდომას ადგილი ნამდვილად ჰქონდა.
„სურსათის უვნებლობის სამსახურმა ის ხორცი აღმოაჩინა, რომელზეც შემოწმების ნიშანი (ბეჭედი) მოჭრილი იყო. ამ ხორცზე შემოწმების სერთიფიკატი არსებობს, თუმცა ფაქტი სხვა იყო“, - განუცხადეს „კომერსანტს“ „კერიაში“.
გარდა ამისა, სურსათის სააგენტომ საზოგადოებრივი კვების ობიექტები „ფაიტონი“ და „ლაკადა“ ეტიკეტირების წესის განმეორებითი დარღვევისთვის 1200 ლარით დააჯარიმა. „მწვადიაური“ მიკვლევადობის დარღვევის გამო 200 ლარით დაჯარიმდა; 100 ლარით - „ტეხასი“ ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის უქონლობის გამო და 500 ლარით კი - „ბაბილო“ ასვე ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის არქონის გამო.