ადგილობრივი თვითმმართველობისა და ასამბლეის არჩევნები ჩრდილოეთ ირლანდიაში

ადგილობრივი თვითმმართველობისა და ასამბლეის არჩევნები ჩრდილოეთ ირლანდიაში

2011 წლის 5 მაისს ერთდროულად ჩატარდა ჩრდილოეთ ირლანდიის 26 ადგილობრივი საბჭოსა და ასამბლეის არჩევნები.

არჩევნები ჩრდილოეთ ირლანდიაში ტარდება The Single Transferable Vote (STV) სისტემით, რომელიც პროპორციული საარჩევნო სისტემის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს და საშუალება აძლევს ამომრჩევლებს, ხმა მისცენ ინდივიდუალურ კანდიდატებს (განსხვავებით, პარტიული სიისგან). ჩრდილოეთ ირლანდიაში ეს სისტემა გამოიყენება ადგილობრივი თვითმმართველობის და ასამბლეის არჩევნებზე.

მას შემდეგ, რაც 1998 საკანონმდებლო უფლებამოსილება მიენიჭა, ჩრდილოეთ ირლანდიის ასამბლეა მოსახლეობამ მეოთხედ აირჩია. ასამბლეა შედგება 108 წევრისგან და მისი არჩევა ხდება ოთხ წელიწადში ერთხელ. კანდიდატები 14-მა პარტიამ წარადგინა. უკანასკნელი წლების განმავლობაში ასამბლეაში ორ უმსხვილეს პარტიად დემოკრატიული იუნიონისტები (DUP) და პარტია „შინ ფეინი“ გვევლინებოდა.

2011 წლის არჩევნებზე ხმის მისაცემად 1.210.009 ამომრჩეველი დარეგისტრირდა (მათი რაოდენობა 2007 წელთან შედარებით 9.2%-ით გაიზარდა). ამომრჩევლის აქტივობამ 54.5% შეადგინა.

რაც შეეხება შედეგებს, ამომრჩეველმა უპირატესობა კვლავ დემოკრატიულ იუნიონისტებს (DUP) და „შინ ფეინს“ მიანიჭა. ისინი ასამბლეაში, შესაბამისად, 38 და 29 ადგილით იქნებიან წარმოდგენილები.  საბოლოო შედეგები ასე გამოიყურება:

დემოკრატიული იუნიონისტების პარტია - 38 (2011), 36 (2007)

ოლსტერის იუნიონისტური პარტია - 16 (2011), 18 (2007)

ალიანსი - 8 (2011), 7 (2007)

სხვები - 3 (2011), 3 (2007)

სოც. დემოკრატიული და ლეიბორისტული პარტია - 14 (2011), 16 (2007)

შინ ფეინი - 29 (2011), 28 (2007)

შედეგების მიხედვით, პირველ მინისტრად და მის მოადგილედ (წარმომადგენლად) დემოკრატიული იუნიონისტების პარტიიდან - პიტერ რობინსონი და „შინ ფეინიდან“ - მარტინ მაკგინესი დასახელდნენ.

უნდა აღინიშნოს, რომ 2007 და 2011 წლის საკანონმდებლო ასამბლეის არჩევნების შედეგებში მნიშვნელოვანი განსხვავება არ ყოფილა. პირველ ორ ადგილზე გასულმა პარტიებმა ადგილების რაოდენობა ასამბლეაში მცირედით გაზარდეს: მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში დემოკრატიულ იუნიონისტურ პარტიას - ორი, შინ ფეინს კი - ერთი წარმომადგენლით მეტი ეყოლებათ.

რაც შეეხება ადგილობრივი საბჭოების არჩევნებს, აქ ყველაზე დიდ ინტერესს იწვევდა, მოახერხებდა თუ არა „შინ ფეინი“ დემოკრატიული იუნიონისტების პარტიის დამარცხებას.

ჩრდილოეთ ირლანდიაში პარტიები 26 ადგილობრივ საბჭოში 582 ადგილისთვის იბრძოდნენ. არჩევნების შედეგები ასე გამოიყურება:

დემოკრატიული იუნიონისტების პარტია - 175 (2011), 182 (2007)

ოლსტერის იუნიონისტური პარტია - 99 (2011), 115 (2007)

ალიანსი - 44 (2011), 30 (2007)

სხვები - 39 (2011), 28 (2007)

სოც. დემოკრატიული და ლეიბორისტული პარტია - 87 (2011), 101 (2007)

შინ ფეინი - 138 (2011), 126 (2007)  

როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, ასეთი შედეგი დემოკრატიული იუნიონისტების პარტიასა და „შინ ფეინს“ შორის მეტად უჩვეულო ალიანსს ჩაეყრისა საფუძველს. ორივე პარტიას და, შესაბამისად, მათ ლიდერებს, რადიკალურად განსხვავებული პოზიციები და იდეოლოგია აქვთ. რადიკალურ-პროტესტანტული დემოკრატიული იუნიონისტების პარტიის ლიდერი ემხრობა ბრიტანეთთან კავშირს, ხოლო მემარცხენე-კათოლიკური პარტიის, „შინ ფეინის“ ლიდერი, მარტინ მაკგინესი გაერთიანებული ირლანდიის მომხრეა და ერთ დროს ირლანდიის რევოლუციურ შტაბსაც კი ედგა სათავეში. მიუხედავად ამისა, უკანასკნელ წლებში რეგიონის სოციალურ-ეკონომიკურ საკითხების გადაწყვეტისას ეს ორი პარტია საკმაოდ ეფექტურად ახერხებდა თანამშრომლობას. 2011 წელს, წინასაარჩევნო კამპანიის დროსაც კი ისინი ცდილოდნენ თვიდან აეცილებინათ სერიოზული კონფრონტაცია. გავრცელებული მოსაზრებით, ამ ორი, განსხვავებული პარტიის დაახლოება მათი ლიდერების მეგობრობამ განაპირობა.