შარშანდელი წელი ინვესტიციების მხრივ რეკორდული აღმოჩნდა

შარშანდელი წელი ინვესტიციების მხრივ რეკორდული აღმოჩნდა

შარშანდელი საინვეტიციო მონაგარი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. ამ ოდენობის უცხოური კაპიტალი საქართველოში არასდროს შემოსულა. ხელისუფლებაში მიანჩიათ მიღწეული ტემპი შენარჩუნდება და ინვესტიციების კუთხით მიმდინარე წელიც ერთ-ერთი გამორჩეული იქნება.

„საქსტატის“ ცნობით, 2017 წლის მეოთხე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 497.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 89.1 პროცენტით (234.3 მლნ დოლარით) აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს. მნიშვნელოვნად (114 პროცენტით) გაიზარდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა მშენებლობის სექტორში და 294.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. საფინანსო სექტორში ინვესტიციები გაიზარდა 98 პროცენტით და 304.3 მლნ დოლარს მიაღწია. ენერგეტიკის სექტორში ინვესტიციების 61-პროცენტიანი ზრდა (71.5 მლნ აშშ დოლარით მეტი) აღინიშნა და 188.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, იზრდება ინვესტიციების მოცულობა ეკონომიკის რეალურ სექტორში (39.3%-ით) და უცხოური კაპიტალის მოცულობამ 615.5 მლნ დოლარს მიაღწია.

ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ამბობს, რომ რეალურ სექტორში ინვესტიციების ზრდა ხელს უწყობს ახალი ტექნოლოგიების შემოტანას ქვეყანაში, ზრდის პროდუქტიულობის დონეს და პოზიტიურად აისახება ექსპორტისა და დასაქმების ზრდაზე. მისი შეფასებით, ეკონომიკის რეალურ სექტორში ინვესტიციების ზრდა მიანიშნებს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ხარისხობრივ გაუმჯობესებაზეც.

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე ინვესტიციების ზრდას განხორციელებულ ეკონომიკურ რეფორმებს უკავშირებს.

„ინვესტიციების მაჩვენებელს გააჩნია არა მარტო რაოდენობრივი, არამედ ხარისხობრივი ასპექტიც. მნიშვნელოვნად იმატა ინვესტიციებმა რეალურ სექტორში - თითქმის 1.4-ჯერ, ხოლო რეინვესტირების წილი მთლიან ინვესტიციებში გაზრდილია თითქმის ორჯერ; მნიშვნელოვანია ისიც, რომ ინვესტიციებმა ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან, ასევე, თითქმის 2.5-ჯერაა გაზრდილი.

აღნიშნული წარმატება მიღწეულია ხელისუფლების სწორი, პერსპექტივებზე გათვლილი ეკონომიკური პოლიტიკით. ბოლო ერთი წლის განმავლობაში მოქმედებაში შევიდა მოგების დაბეგვრის ე.წ. ესტონური მოდელი, რომელმაც საგრძნობლად გაზარდა ბიზნესის მოქმედი საგადასახადო გარემოსადმი ნდობა და მთლიანად, ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობა. ვფიქრობ, ინვესტიციების მოზიდვაში თავისი პოზიტიური როლი შეასრულა ეკონომიკური გადასახადების ცვლილებებთან დაკავშირებული ჩანაწერის დატოვებამ კონსტიტუციასა და ეკონომიკური თავისუფლების აქტში“, - აღნიშნა კოვზანაძემ.

საქართველოში ყველაზე დიდი მოცულობის უცხოური ინვესტიცია 2017 წელს აზერბაიჯანიდან განხორციელდა და ამ მაჩვენებელმა 482.1 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. მეორე ადგილზეა თურქეთი - 279 მლნ დოლარის ინვესტიციით, მომდევნოზე კი გაერთიანებული სამეფო - 250.4 მილიონი დოლარის მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიციით.

ინვესტიციების დადებით მაჩვენებელში მაინც აღმოჩნდა ნეგატიური მხარე. „საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებული 2017 წლის წინასწარი მონაცემების მიხედვით, 2016 წელთან შედარებით, სოფლის მეურნეობის სექტორში ინვესტიციების მოცულობა 2,3-ჯერ შემცირდა. შარშან ქვეყნის აგროსექტორში სულ რაღაც 3,6 მლნ დოლარის ინვესტირება მოხდა, როცა 2016 წელს ეს მაჩვენებელი 8,3 მლნ დოლარი იყო.

ქვეყნის სოფლის მეურნეობას და თევჭერაში ბოლო 5 წლის განმავლობაში უცხოური ინვესტიციის ასეთი დაბალი მაჩვენებელი არ ყოფილა. მაგალითად, 2013 წელს აგროსექტორში 13 მლნ დოლარის უცხოური ინვესტიცია შემოვიდა, 2014 წელს - 12,3 მლნ დოლარი, 2015 წელს - 18,6 მლნ დოლარი.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, სოფლის მეურნეობის სექტორში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ტრადიციულად დაბალია და შემცირებაც საგანგაშო არ არის.

„საერთოდ, ძალიან დაბალია სოფლის მეურნეობის სექტორში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები. შემცირება არ არის დიდი და შესაბამისად, მთავრობა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მუშაობს, რომ ეს მიმართულებაც გაუმჯობესდეს და ტენდენცია აქაც დადებითი იყოს“, - განაცხადა მიქაბაძემ.