ინტერნეტ ბაზარი მონოპოლიურ მარწუხებშია

ინტერნეტ ბაზარი მონოპოლიურ მარწუხებშია

საქართველოს ინტერნეტის ბაზარზე მონოპოლია ჩამოყალიბდა. მომხმარებლისთვის ხელსაყრელი პირობების შეთავაზებას ვერ ახერხებენ არათუ მცირე ადგილობრივი პროვაიდერები, არამედ დიდი საერთაშორისო კომპანიები. უკვე გამოაშკარავდა ინფორმაცია თუ როგორ უშლიდნენ ხელს საქართველოში დიდი ინტერნეტ ოპერატორის, „ტელეკომ იტალიას“ შემოსვლას. იგივე ბედი გაიზიარეს სხვა კომპანიებმაც, რომლებმაც საქართველოში დააპირეს საქმიანობის წამოწყება.

მარეგულირებელ კომისიაში კი ამტკიცებენ, რომ მსხვილმა საერთაშორისო კომპანია „ტელეკომ იტალიამ“ ქართული მსხვილი კომპანიისგან ძალიან კარგი შეთავაზება მიიღო. კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაური უარყოფს, რომ ამ კომპანიის შემოსვლაზე ქართული კომპანიები ხელოვნურ დაბრკოლებებს ქმნიან.

„არ ყოფილა შემთხვევა, რომ კომპანიას ადგილობრივი კომპანიების მხრიდან ხელის შეშლაზე ესაუბროს. „ტელეკომ იტალიას“ წარმომადგენლებს შევხვდი თბილისში, დააფიქსირეს, რომ სურვილი აქვთ საქართველოში შემოსვლის, თუმცა რამე ხელშეშლაზე არ უსაუბრიათ. მოლაპარაკებები გრძელდება ადგილობრივ ოპერატორებთან. იგი მოიცავს ბევრ ასპექტს. როგორც ვიცი, მოლაპარაკებებს ადგილობრივი სამივე მსხვილი კომპანია აწარმოებს და ერთ-ერთისგან ძალიან კარგი წინადადებაც აქვს „ტელეკომ იტალიას“. თუ რამე პრობლემა იქნება, პირველი მე ვიქნები, ვინც ამას იტყვის. ზოგადი ინტერესი ჩანს კიდევ ორი კომპანიის, თუმცა კონკრეტული გადაწყვეტილება საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებით ჯერ შორია“, - განაცხადა ბექაურმა.

სულ სხვაგვარი ინფორმაცია აქვთ მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციაში. მისი ხელმძღვანელის უჩა სეთურის თქმით, „ტელეკომ იტალია“ ბოლო წლებში აქტიურად ცდილობდა მაგისტრალური ქსელების მფლობელ ადგილობრივ კომპანიებთან მოლაპარაკებას, თუმცა ამას შედეგი არ მოჰყოლია.

„ისინი დაშვების წერტილებზე, ისეთ ფასებს სთავაზობდნენ კომპანიას, რომ ამ უკანასკნელს ოპერირება აღარ უღირდა. არც უარს ეუბნებოდნენ, მაგრამ არც შეთანხმება გამოვიდა. მე ვიტყოდი, რომ ქართული კომპანიები უფრო ეთამაშებოდნენ „ტელეკომ იტალიას“, - განაცხადა სეთურმა.

შემოსვლის სურვილი ჰქონდა კიდევ ერთ ჰოლანდიურ კომპანიას, რომლის სახელის დაკონკრეტებაც სეთურმა არ ისურვა.

ის, რომ იტალიურ კომპანიას ქართულ ბაზარზე პრობლემები შეექმნა ადასტურებს „ნიუ ტელ კო ჯორჯიას“ წარმომადგენელი გიორგი გოთოშიაც. მისი კომპანია „ტელეკომ იტალიის“ პარტნიორად განიხილებოდა საქართველოში. როგორც „ბიზნეს მედიას“ გოთოშიამ უთხრა, მაგისტრალურ ინტერნეტ-არხებსაც და საცალო ბაზარზე მიწოდებასაც მსხვილი კომპანიები აკონტროლებენ, რაც ინტერესთა კონფლიქტს იწვევს და ბაზარზე ახალი მოთამაშეების შემოსვლა ფერხდება.

„აუცილებელია, ამ ბაზარზე სხვა მოთამაშეებიც შემოვიდნენ, რათა კონკურენცია გაიზარდოს და ფასმაც დაიკლოს, მაგრამ როგორ შემოვლენ? საზღვრამდე ყველა მოდის, საზღვრიდან თბილისამდე კი ორი კომპანიაა, რომლებიც ფლობენ ოპტიკურ-ბოჭკოვან მაგისტრალს. ისინი ორჯერ მეტს ახდევინებენ მსურველს, ვიდრე ინტერნეტის საზღვრამდე მოყვანა ჯდება.

როგორც კი ეს დარეგულირდება, კიდევ უფრო მეტი კომპანია გაჩნდება და ფასიც შესაბამისი იქნება. ქვეყანაში უნდა იყოს ერთი მიდგომა ყველასთვის, რაც ბაზარზე მონოპოლიას არ დაუშვებს“, - აცხადებს გოთოშია.

კომუნიკაციების ეროვნული კომისიაში კი ამტკიცებენ, რომ მიმდინარეობს მუშაობა, რათა ქართულ ბაზარზე გლობალური ინტერნეტის მომწოდებელი მსხვილი კომპანიები შემოვიდნენ. კახა ბექაური ამბობს, რომ კომპანიები ადგილობრივ ფიქსირებულ ინტერნეტ პროვაიდერებთან უკვე აწარმოებენ მოლაპარაკებებს.

„კომისია აქტიურად მუშაობს, რომ საბითუმო ბაზარზე და განსაკუთრებით ეს ეხება ფიქსირებული ინტერნეტის საბითუმო ბაზარს, შევქმნათ ძლიერი კონკურენცია. დღეს ამ ბაზარზე კონკურენციის კუთხით ცუდი მდგომარეობაა, მაგრამ გარწმუნებთ, რომ კომისია ამ საკითხზე აქტიურად მუშაობს. ბოლო წლების განმავლობაში ამ მიმართულებით არაფერი გაკეთებულა.

საჭიროა გლობალური ინტერნეტის მომწოდებელი მსხვილი კომპანიების ქართულ ბაზარზე შემოსვლა და ეს პროცესი უკვე დაწყებულია. მათი შემოსვლის შემდეგ, ბაზარზე ფასები იქნება ძალიან დაბალი. ჩვენ ჩართული ვართ ამ პროცესში, რათა სამართლიანად წარიმართოს ის და არსებულმა ოპერატორებმა პროცესს ხელი არ შეუშალონ“, - განაცხადა ბექაურმა.

მარეგულირებელში იმასაც ამბობენ, რომ მოლაპარაკების პროცესში გარკვეულ შეფერხებებს ჰქონდა ადგილი, რასაც კომისია მკაცრად აკონტროლებს და არავის მისცემს შესაძლებლობას, რომ მსხვილ უცხოურ კომპანიებს ბაზარზე შემოსვლაში ხელი შეუშალონ.