დედაქალაქის მერის კახა კალაძის თქმით, თბილისში ბევრია ისეთი მშენებლობები, სადაც სერიოზული დარღვევებია. კერძოდ, არ გააჩნიათ ნებართვა და მშენებლობა ისე ხორციელდება. ამიტომ მათ წინააღმდეგ ბრძოლა კიდევ უფრო გამკაცრდება, გაიზრდება ჯარიმების რაოდენობაც. ეს ყველაფერი კი მშენებლობის გაძვირებას გამოიწვევს. ისედაც ძვირ ქალაქში უძრავი ქონების შეძენა კიდევ უფრო გაძნელდება.
„ჩვენ ამას თავს ნამდვილად ვერ დავუხრით, ვიქნებით ძალიან პრინციპულები. ეს არის ის, რასაც ვეწინააღმდეგებით თითოეული ჩვენგანი. ქალაქში ქაოსური განაშენიანების თვალსაზრისით ერთ-ერთი სერიოზული პრობლემაა. მიმდინარეობს მშენებლობა ისეთი ფორმით, რომელიც არ უნდა განხორციელდეს, მაგალითად, მშენებლობები ნებართვის გარეშე, რაც სერიოზული პრობლემაა და ჩვენ ამას დავასრულებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ამ მხრივ მერია მართლაც პრინციპულია. ბოლო ორ თვეში მუნიციპალურმა ზედამხედველობის სამსახურმა, სხვადასხვა დარღვევის გამო 46 მშენებარე ობიექტი შეაჩერა.
გარდა ამისა, მშენებლობებზე დარღვევების აღმოჩენის პირველივე შემთხვევაზე ჯარიმა 30 000 ლარი იქნება. სხვათა შორის, საუბარია ნებისმიერი ტიპის დარღვევაზე, მათ შორის, ჩაფხუტის გარეშე მუშაობაზეც.
„ეს ჯარიმები მგონია, რომ მოგვცემს შესაძლებლობას, მოვაგვაროთ არსებული პრობლემები. არსებობს ასევე მენტალური პრობლემა, რაც სამშენებლო სამუშაოების დროს უსაფრთხოების თვალსაზრისით იკვეთება და ესეც გადასაჭრელია“, - განაცხადა კალაძემ.
როგორც უკვე ცნობილია, თბილისის მერია ქალაქგეგმარებითი პროცესის მიმართ მიდგომას ცვლის. მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესში მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის სამსახური და ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურებიც ჩაერთვებიან.
მშენებლების ვარაუდით, ახალი მიდგომის შემდეგ უძრავი ქონების ფასი დაახლოებით 3-5%-ის ფარგლებში მოიმატებს. კომპანია „ორბის“ წარმომადგენლის ვაჟა ნავროზაშვილის შეფასებით, მერიის ახალი ინიციატივა სავსებით მისაღებია, რადგან ამით თბილისში მშენებლობის ხარისხი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება და უსაფრთხოების ზომებიც მაქსიმალურად იქნება დაცული, მაგრამ პარალელურად გაძვირების ტენდენციაც გამოიკვეთება.
„შედარებისთვის, 1 კვ/მ თუ 500 დოლარი ღირდა, მინიმუმ 15-20 დოლარით გაძვირდება. სავარაუდოდ, ფასი 3-5%-ის ფარგლებში აიწევს. ამ ეტაპზე ჩვენ 11-სართულიანი სახლის პროექტზე ვმუშაობთ. ახალი რეგულაციებით უნდა ავაშენოთ და ამიტომ საფასო პოლიტიკას გადავხედავთ“, - აღნიშნა ნავროზაშვილმა.
კიდევ უფრო მეტად გაძვირებას პროგნოზირებენ მენაშენეთა ასოციაციაში. კომპანია „არსის“ ფინანსური მენეჯერის თორნიკე აბულაძის თქმით, რეგულაციებისა და სანქციების გამკაცრება მენაშენეებისთვის 30 ათასიდან 50 ათას ლარამდე დამატებით ხარჯს გამოიწვევს, რაც უძრავი ქონების ფასში ნამდვილად აისახება.
„ფასის გაძვირების გარეშე შედეგებს ვერ მივაღწევთ და ყველა ვთანხმდებით, რომ ეს რეგულაციები არის სწორი. წლის ბოლომდე ფასის ცვლილება, ძირითადად, სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნებიდან გამომდინარე მოხდება, რაც 1 კვადრატულ მეტრზე ფასის 80-100 დოლარით ზრდას გამოიწვევს, თუმცა მომავალში ამაზეც არ გაჩერდება“, - განაცხადა აბულაძემ.