თამბაქოს კონტროლის გამკაცრებით რესტორნები ჩიხში ექცევიან

თამბაქოს კონტროლის გამკაცრებით რესტორნები ჩიხში ექცევიან

ზუსტად ორ თვეში „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ამოქმედდება. ეს დიდ თავსატეხს უჩენს სარესტორნო ბიზნესს. მათი წარმომადგენლები დიდი ხანია გაიძახიან, რომ დიდი მასშტაბის ღონისძიების (ქორწილი, ქელეხი) კონტროლი თითქმის გამორიცხულია.

2018 წლის პირველი მაისიდან მოწევა აიკრძალება დახურულ სივრცეში, გარდა საცხოვრებელი ადგილებისა და პენიტენციარული დაწესებულებებისა; თამბაქოს მოწევა აიკრძალება ზოგიერთ ღია სივრცესა და შეკრებაზე; ასევე კანონი ითვალისწინებს თამბაქოს პოპულარიზაციის სხვადასხვა ფორმების აკრძალვას; თამბაქოს ნაწარმის ხილული განლაგების აკრძალვას; სიგარეტის კოლოფებში სამედიცინო გაფრთხილების ზომის გაზრდას და პიქტოგრამების სავალდებულო დატანას; ელექტრონული სიგარეტების რეგულირებას; საცალო გაყიდვის აკრძალვას ინტერნეტით და ფოსტით; გზის სავალ ნაწილზე თამბაქოს რეალიზაციის აკრძალვას.

გაეროს კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის 2/3 კვამლის ზეგავლენის ქვეშ იმყოფება. ამასთან, სკოლებში მე-10 კლასელებიდან მინიმუმ ყოველი მერვე (12%) რეგულარული მწეველია, ყოველ მეორეს გაუსინჯავს თამბაქო, ხოლო ყოველ მეხუთეს (19%) გაუსინჯავს ელექტრონული სიგარეტი. ქვეყანაში რეგულარული მწეველობის დაწყების ასაკი 13 წელია. ყოველწლიურად თამბაქოს მოხმარებით გამოწვეული ახალი დაავადებით 70 000 ადამიანი ავადდება, გარდაცვლილთა რაოდენობა კი 11 000-ს შეადგენს, აქედან 300-მდე ბავშვია.

პარლამენტში მყოფმა ჯანდაცვის მინისტრმა საქართველოს დეპუტუტებს კანონის მიღებისთვის მადლობა გადაუხადა და განმარტა, რომ საკომუნიკაციო კამპანიის მთავარი მიზანი რეფორმასთან დაკავშირებით საზოგადოებრივი ცნობიერების გაზრდაა.

„რაც შეეხება, საკუთრივ თამბაქოს კონტროლის მნიშვნელობას, მიუხედავად იმისა, რომ ამ მოძრაობას უტყუარი და დადასტურებული მტკიცებულებები აქვს იმის შესახებ, თუ რა ზიანს იწვევს და რამდენ სიცოცხლეს იწირავს, მას შედარებით ახალგაზრდა ისტორია აქვს. გავა ცოტა დრო და თამბაქოს კონტროლი გლობალურ ჯანდაცვაში გაუტოლდება ისეთ ინტერვენციებს, როგორიც, თავის დროზე, იყო ანტიბიოტიკის აღმოჩენა, ვაქცინაცია და მჯერა, რომ თავისი მნიშვნელობით და მასშტაბით თამბაქოს კონტროლი დადგება ამ უმნიშვნელოვანესი მიღწევების გვერდით და ჩვენ რეალურად შევძლებთ, რომ გადავარჩინოთ ათასობით ადამიანის სიცოცხლე“, - განაცხადა დავით სერგიენკომ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე კი ამბობს, რომ მთავარი მიზანია ყოველწიურად შემცირდეს მწეველთა რიცხვი ქვეყანაში.

„თამბაქო 21-ე საუკუნის ყველაზე დიდ მკვლელადაა აღიარებული. მასზე მოდის მსოფლიოში სიკვდილიანობის თითქმის 10%. საქართველოში ჩვენ ეს ციფრი უფრო მაღალი გვაქვს, რამეთუ 31 ათასი ადამიანი იღუპება ყოველწლიურად თამბაქოს მიერ გამოწვეული ზიანით. აქედან 2500 არის პასიური მწეველი, დანარჩენი აქტიური. ამის გამო ეს გახლავთ ყველაზე უფრო დიდი რისკ ფაქტორი არაგადამდები დაავადებების განვითარების.

ამიტომ 2003 წელს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მიიღო თამბაქოს ე.წ ჩარჩო კონვენცია, რომელსაც ჩვენც მივუერთდით. კანონში შევიდა ცვლილებები გასულ წელს და ახლა ყველაფერი იმაზეა, როგორ აღსრულდება კანონმდებლობა. ჩვენი მიზანია, რომ ყოველწლიურად 1%-ით ვამციროთ მწეველთა რაოდენობა“, - განაცხადა გამყრელიძემ.

პირველ რიგში, თამბაქოს მოხმარებაზე კონტროლის გამკაცრება სარესტორნო ბიზნესს შეუქმნის თითქმის გადაუჭრელ პრობლემას. სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელი შალვა ალავერდაშვილისთვის კვლავ გაურკვეველია როგორ აპირებს მთავრობა ისეთი დიდი მასშტაბის ღონისძიების კონტროლს, როგორიცაა ქორწილი, ქელეხი ან კორპორაციული საღამო. ამ შემთხვევებში კონტროლი შეუძლებელი იქნება.

„შარშანაც ეს კითხვა მქონდა, ამიტომ შევთავაზეთ მთავრობას კანონი უფრო დეტალიზირებული გაეხდა, მაგრამ არ მოგვისმინა. პატარა კაფეებსა და ბარებში კანონის გავრცელებას მივესალმები, მაგრამ ადგილობრივი ბაზრის სპეციფიკიდან გამომდინარე, დაწმრუნებული ვარ, რეგულაცია ისეთივე ფორმალური იქნება, როგორც ბევრი სხვა. ჩვენ ვერ გავაკონტროლებთ 250-კაციან ქორწილში სიგარეტის მოწევას“, - განუცხადა „კომერსანტს“ ალავერდაშვილმა.

მომხმარებლის გაკონტროლება რომ რთული იქნება, ამ აზრს ეთანხმება რესტორან „მაჭახელას“ ქსელის მენეჯერი გიორგი გოგოლაძეც. მისი თქმით, რეგულაცია უარყოფითად აისახება მომხმარებელთა რაოდენობაზე.

„ზოგადად რეგულაცია მისასალმებელია, მაგრამ ცალკეულ შემთხვევებში ძალიან ხშირად ეს ბევრ პორბლემას შეგვიქმნის. ქართული მენატალობის მქონე ნასვამი მომხმარებლისთვის რთული იქნება იმის ახსნა, რომ გარეთ უნდა მოწიოს. ამიტომ კანონში დეტალები უნდა გაიწეროს. ვფიქრობ, ზოგადად რეგულაცია ძალიან შეამცირებს მომხმარებელთა რაოდენობასაც და ბიზნესზე უარყოფითად აისახება“, - განმარტავს გოგოლაძე.