ისტორიის ინსტიტუტი და თეატრისა და კინოს მუზეუმიც გაიქურდა!

ისტორიის ინსტიტუტი და თეატრისა და კინოს მუზეუმიც გაიქურდა!

[ნინო მიქიაშვილი]
ისტორიის ინსტიტუტის დირექტორი, ვაჟა კიკნაძე სამართალდამცავ ორგანოებს პასიურობაში სდებს ბრალს და ამბობს, რომ მათი ინსტიტუტიდან გამქრალი, მეცხრამეტე საუკუნეში გამოცემული უნიკალური წიგნების კვალს ადვილად მიაგნებდნენ, პოლიციელებს მეტი ყურადღება და აქტიურობა რომ გამოეჩინათ.

ისტორიის ინსტიტუტის დირექტორისგან განსხვავებით, თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი, გიორგი კალანდია სამართალდამცავების მუშაობით კმაყოფილია და ამბობს, რომ მუზეუმიდან გამქრალი უნიკალური წიგნების თაობაზე, სამართალდამცავებთან ინტენსიურად თანამშრომლობს.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის და ეთნოლოგიის ინსტიტუტში მომხდარ ქურდობის ფაქტებთან დაკავშირებით (რომელიც ბოლო 4 წლის განმავლობაში დაახლოებით 4–ჯერ მოხდა), ვაჟა კიკნაძეს გასულ შაბათს, თავის სამუშაო კაბინეტში შევხვდით და ვესაუბრეთ. სწორედ მისგან შევიტყვეთ, რომ მეცხრამეტე საუკუნის უნიკალური წიგნები, თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმიდანაც გაუტანიათ. მუზეუმის დირექტორმა გიორგი კალანდიამ ამ ფაქტსა და მის თანმდევ მოვლენებზე, სატელეფონო საუბრისას გვიამბო.

პრესა.გე–მ გასულ კვირაში, ისტორიკოსებისგან შეიტყო, რომ ბოლო 4 წლის განმავლობაში, ისტორიის ინსტიტუტი დაახლოებით 4–ჯერ გაიქურდა. წაღებულია მეცხრამეტე საუკუნის უნიკალური გამოცემები, ძირითადად - რუსულენოვანი. როგორც ისტორიკოსებმა განგვიმარტეს, აქტების კრებულის 11–ტომეულიდან დაკარგულია 7 ტომი, რომელთა უნიკალურობა იმაში გამოიხატება, რომ მასში შეტანილია აბსოლუტურად ყველა დოკუმენტი, რაც 1801 წლიდან მოყოლებული ცარიზმის დროს კავკასიაში და კავკასიაზე იქმნებოდა. ისტორიკოსების თქმით, ეს არის მეცხრამეტე საუკუნის საქართველოს და კავკასიის ისტორიის უნიკალური წყარო, რომელშიც ოფიციალურ დოკუმენტებთან, მიმოწერასთან ერთად შესულია იმჟამინდელი დემოგრაფიული, ეკონომიკური და სოციალური მონაცემები.

“ამ წყაროს გარეშე ხელები მოჭრილი ექნებათ მეცხრამეტე საუკუნის საქართველოს ისტორიის სპეციალისტებს“, – გვითხრეს ისტორიკოსებმა, რომელთაც პრესა.გე შეხვდა და ესაუბრა. მათ ვინაობას მათივე თხოვნით ვერ ვასახელებთ, რისთვისაც მკითხველს ბოდიშს ვუხდით, მაგრამ აქვე შევნიშნავთ, რომ მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციის საკმადო დიდი ნაწილი, ისტორიის ინსტიტუტის დირექტორმა დაადასტურა.

მელიქიშვილის ქუჩაზე, ფილარმონიის მოპირდაპირე მხარეს მდებარე ისტორიის ინსტიტუტში მომხდარ ქურდობის ფაქტებს თანამშრომლების სამსახურიდან დათხოვნა მოჰყვა. ისტორიკოსებმა გვითხრეს, რომ ქურდობა სამჯერ თუ ოთხჯერ მოხდა. იგივე გაგვიმეორა ინსტიტუტის დირექტორმა. გათავისუფლებული თანამშრომლების ირგვლივ, წიგნების დაკარგვასთან დაკავშირებით, დირექტორს თავისი მოსაზრება და ეჭვები გააჩნია, ისტორიკოსებს -თავისი, მაგრამ რადგან გამოძიება დასრულებული არ არის და ამასთან, “ეჭვმიტანილებთან“ შეხვედრა ვერ შევძელით (ერთს ვერ მივაკვლიეთ, რადგან საცხოვრებელი გამოიცვალა; მეორე ქალაქგარეთაა, მას ვერც ტელეფონით დაველაპარაკებით, რადგან მობილური არა აქვს), დირექტორის და ისტორიკოსების მიერ გამოთქმულ ეჭვებსა და ბრალდებებს (რაც ერთმანეთისგან განსხვავებულია), კონკრეტულ პირებთან დაკავშირებით, ვერ ვაქვეყნებთ.

მეცხრამეტე საუკუნის აქტების უნიკალური კრებული მოცულობით დაახლოებით გაშლილი გაზეთის ხელაა, ხოლო მისი სისქე 15–20 სანტიმეტრია. თითოეულ ტომში 600–დან 1000 გვერდამდეა. ისინი სამკითხველო დარბაზიდან ნელ–ნელა გაქრა – ჯერ ერთი დაიკარგა მერე მეორე, მესამე და ასე შემდეგ.

ისტორიის ინსტიტუტის დირექტორი: “დაკარგული წიგნების გამოძიების საქმეს ძალიან ზერელად მოეკიდნენ“
ვაჟა კიკნაძე 2006 წლის მაისიდან უდგას ისტორიის ინსტიტუტს სათავეში. ამ სამეცნიერო დაწესებულებაში მუშაობა 1976 წელს დაიწყო. ამბობს, რომ წიგნების საკითხი ყოველთვის მოუწესრიგებელი, არეულ–დარეული იყო და დირექტორად დანიშვნის შემდეგ ერთ–ერთი პირველი, რაც გააკეთა, იყო ის, რომ თავისი მოადგილის რჩევით, ბიბლიოთეკის გამგე გაათავისუფლა, რომლის პირად საქმეში, ოთხმოცდაათიან წლებში, წიგნების დაკარგვის გამო მიღებული საყვედური აღმოაჩინა; “მერე გამახსენდა, რომ სამკითხველო დარბაზიდან უამრავი, ძალიან ძველი და მნიშვნელოვანი წიგნი იყო დაკარგული“.

2006 წლიდან მოყოლებული, კონკრეტულად როდის მოხდა ქურდობის ფაქტები, დირექტორს არ ახსოვს, მაგრამ ამბობს, რომ ქურდობის ბოლო ფაქტი 2008–ში მოხდა.

“კარები იყო გატეხილი, ზევიდან რამდენჯერმე გადმოვიდნენ, მაგრამ იყო ისეთი შემთხვევაც, რომ წიგნები წაღებული იყო, მაგრამ კარები – ჩვეულებრივად, გასაღებით დაკეტილი. პოლიციას წერილობით მივმართეთ იმდენჯერ, რამდენჯერაც აღმოჩნდა, რომ წიგნები გატანილი იყო. პირველად უყურადღებობა გამოიჩინეს; კონკრეტული პირების მკაცრად დაკითხვა მოვითხოვე, მაგრამ ზერელედ დაკითხეს; 2007 თუ 2006 წელი იყო, ზუსტად არ მახსოვს; რომ მოვიდნენ, მტვერზე ანაბეჭდები აშკარად ჩანდა, მაგრამ დაკარგული წიგნების გამოძიების საქმეს ძალიან ზერელად მოეკიდნენ; ჩემი პირველი მიმართვა უშედეგო აღმოჩნდა, მაგრამ შემდეგ და შემდეგ უფრო აშკარად დაინტერესდნენ“, – გვითხრა ვაჟა კიკნაძემ, მაგრამ რაში გამოიხატა ეს აშკარა დაინტერესება, ეს აღარ დაუზუსტებია.

მას შემდეგ, რაც ეროვნულ არქივსა და თსუ–ში უნიკალური წიგნების ქურდები დააკავეს, ისტორიის ინსტიტუტის დირექტორმა თბილისის პოლიციის სამმართველოს კიდევ ერთხელ მიმართა. ეს დოკუმენტი 18 აგვისტოთია დათარიღებული და რეგისტრაციაში 19–შია გატარებული. მასში წერია:

“შეგახენებთ რომ გასული წლების განმავლობაში, რამდენჯერმე ადგილი ჰქონდა ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის ბიბლიოთეკის გატეხვისა და წიგნების დაკარგვის შემთხვევას. თითოეული ამ შემთხვევის შესახებ, ინსტიტუტის ხელმძღვანელობამ მოგმართათ ოფიციალური წერილით, დაგვხმარებოდით ამ ფაქტების გამოძიებაში. ბოლოს იხილეთ წერილები: 20.03.08წ. და 10.07.08წ. და ასე შემდეგ. ამჟამად, როდესაც წიგნებით დანაშაულებრივი ვაჭრობის მთელი ქსელი გამოვლინდა, იმედი გვაქვს წარმატებით დაგვირგვინდება ჩვენი ინსტიტუტის ბიბლიოთეკიდან გატაცებული წიგნების გამოძიების საქმეც“.

ისტორიის ინსტიტუტში მომხდარი ქურდობის ფაქტს იძიებს, ძველი თბილისის რაიონის შს სამმართველოს მესამე განყოფილება. ბოლო ქურდობის ფაქტის წინ, ინსტიტუტში გისოსები გაუკეთეს იმ ოთახებს, სადაც უნიკალური წიგნები ინახება; დააყენეს სიგნალიზაცია, რომელიც დაცვის ერთ–ერთ სამსახურს, “ალგანს“ უკავშირდება, მაგრამ ამის შემდეგაც მოხდა კიდევ ერთი ქურდობის ფაქტი. დირექტორის თქმით, ის საცავი გაიძარცვა, სადაც მეორეხარისხოვანი წიგნები იყო. ამ ოთახს სიგნალიზაცია და გისოსები არ ჰქონდა. დირექტორის განმარტებით, ამ ფაქტს ბიბლიოთეკის ძველი თანამშრომლების გათავისუფლება მოჰყვა.

ვაჟა კიკნაძის განმარტებით, უსიგნალიზაციო ოთახიდან ისეთი წიგნები გაიტანეს, რომლებიც წესით იქ არ უნდა ყოფილიყო. ერთი წლის წინ, ამ წიგნების ნაწილი ინსტიტუტის დირექტორმა თსუ–ს პირველ კორპუსთან, გასაყიდად გამოტანილ წიგნებს შორის აღმოაჩინა:

“ეს იყო წიგნები ვიქტორ გუჩუას ფონდიდან, რომელიც გახლდათ ჩვენი თანამშრომელი და რომლის ფონდი ჩვენს ინსტიტუტს გადმოეცა. მე იქ არაფერი მიკითხავს. სამსახურში მოსვლის შემდეგ, ჩემი მოადგილე, თემურ ჯოჯოუა პოლიციაში გავგზავნე. მოგვიანებით შევიტყვე, რომ გამყიდველი დაკითხეს, მისგან ვიღაცეებზე გავიდნენ, მაგრამ ეს ამბავი პრესაში არ გახმაურებულა. ვფიქრობ, ეს ყველაფერი რაღაცნაირადაა დაკავშირებული წიგნების იმ “დიდ ბიზნესთან“, რაზეც ახლა ხმაურია ატეხილი“.

ვაჟა კიკნაძის განმარტებით, ისტორიის ინსტიტუტში ქურდობის ფაქტი ხდებოდა ზაფხულობით, როცა ყველა შვებულებაშია, ან იანვარში, დღესასწაულების დროს. ჩვენს კითხვაზე – აქტების გარდა კიდევ არის თუ არა მნიშვნელოვანი წიგნები დაკარგული? კიკნაძე ამბობს: “დაკარგულია თითქმის ასეთივე მნიშვნელობის მეცხრამეტე საუკუნის რუსული ლიტერატურა, რომელიც შეეხება კავკასიის ისტორიას, საქართველოს ისტორიას, ომების ისტორიას“.

თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმიც გაქურდეს
ისტორიის ინსტიტუტიდან თუ ნელ–ნელა ქრებოდა აქტების ტომები, საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმში, ახალი დირექტორის მისვლიდან მესამე დღეს ცნობილი გახდა, რომ აქტების 11–ტომეულიდან გაქრა ათი ტომი. გიორგი კალანდია მუზეუმის დირექტორად 2009 წლის 17 მარტს დაინიშნა. 18–ში მუზეუმის ქონების ინვენტარიზაცია დაიწყო. 20 მარტს, დილით, ბიბლიოთეკის მაშინდელმა ხელმძღვანელმა დირექტორს უთხრა, რომ კარი ნაწვალები დახვდა და შიგნით შესვლის შემდეგ აღმოაჩინა, რომ აქტების 11–ტომეულიდან 10 ბიბლიოთეკაში აღარ იყო.

დირექტორმა სამართალდამცავებს დახმარებისთვის მიმართა. მუზეუმში კრიმინალისტები მივიდნენ, სამართალდამცავებმა მაძიებელი ძაღლებიც მიიყვანეს და როგორც მუზეუმის დირექტორი ამბობს, სიტუაციის შესასწავლად ძალა არ დაიშურეს – “ორი ვერსია გამოიკვეთა – შეიძლება ეს დაკარგული ყოფილიყო ჩემს დანიშვნამდე და მე რომ ინვენტარიზაცია გამოვაცხადე, ამის შემდეგ მოხდა გახმაურება, ან კიდევ მართლაც ჩემი დანიშვნიდან სამ დღეში მოიპარეს“.

გიორგი კალანდიას განმარტებით, მათი მუზეუმი ამჟამად წარმატებით თანამშრომლობს სამართალდამცავებთან; რამდენიმე თვის წინ, თბილისში, ერთ–ერთი კერძო პირის სახლში პოლიციამ აღმოაჩინა მოპარული წიგნები, რომელთა ამოსაცნობად გამოიძახა ეროვნული არქივის, ისტორიის ინსტიტუტის, ქუთაისის მუზეუმის და თეატრისა და კინოს მუზეუმის თანამშრომლები.

“ამოსაცნობად რომ მივედი, იქ უკვე ეროვნული არქივი მუშაობდა, თავის დამღიან წიგნებს აწყობდა; ქუთაისის მუზეუმს უკვე წაღებული ჰქონდა თავისი წიგნები. როდესაც ქუთაისის მუზეუმმა წიგნებზე თავიანთი საიდენტიფიკაციო ნომრები ვერ იპოვეს, ქუთაისის პოლიციიდან ძალიან კარგმა ხალხმა და ორგანიზებულმა ადამიანებმა, ჩვენ მოგვმართეს – დაკარგული აქტები თქვენი ხომ არ არისო. ამ ეტაპზე ქუთაისის პოლიციასა და ჩვენს შორის მიმოწერა მიმდინარეობს.

გამოგზავნილი ფოტოებით აქტები ვერ ამოვიცანით. ამის შემდეგ სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე, ნინო არჩვაძე ჩავიდა და ადგილზე დაათვალიერა. აქტების 11–ტომეულს საიდენტიფიკაციო ნომრები არ ჰქონდა, მაგრამ გარკვეული მიზეზის გამო, არ არის გამორიცხული, რომ აღმოჩენილი ორი ტომი იყოს ჩვენი. ძალიან ვცდილობ, რომ ეს ორი ტომი ჩვენს მუზეუმში დაბრუნდეს; თუ ვთქვათ და, აღმოჩნდა, რომ ჩვენი არ არის, მზად ვართ გადავცეთ ნებისმიერ სახელმწიფო ორგანიზაციას, მთავარია ახლა ეს წიგნები სახელმწიფოს დაუბრუნდეს; ჩვენი სახით თუ რომელი ბიბლიოთეკის სახით, ამას არსებითი მნიშვნელობა არა აქვს; აქტები სამუზეუმო ღირებულების წიგნებია და ის აუცილებლად უნდა იყოს სახელმწიფო კოლექციაში“.

P.S.რატომ იჩენენ სამართალდამცავები გულგრილობას ისტორიის ინსტიტუტში მომხდარი ქურდობის ფაქტებისადმი, განსხვავებით თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმისგან, ძნელი სათქმელია. ამის შსს–ში გარკვევა არც გვიცდია, რადგან წინასწარ ვიცით, რომ ამგვარ მცდელობას, როგორც წესი, მოჰყვება ტრადიციადქცეული შედეგი – შსს–ს პრესსამსახურის უფროსი მობილურ ტელეფონზე არ გვიპასუხებს; შემდეგ გადავურეკავთ ამავე უწყების ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსს, შოთა უტიაშვილის, რომელიც გვეტყვის, რომ ეს მას არ ეხება და გვირჩევს დავრეკოთ პრესსამსახურში.