სამარშრუტო რებუსი - ვინ სჭირდება ნაღდი ფულით გადახდა

სამარშრუტო რებუსი - ვინ სჭირდება ნაღდი ფულით გადახდა

ყვითელი მიკროავტობუსების გარშემო ახალი პრობლემა გაჩნდა. მძღოლები მგზავრებს ნაღდი ფულით გადახდას სთხოვენ. ამის მიზეზი დღიური გეგმის შეუსრულებლობაა. მას შემდეგ რაც მგზავრებმა ბარათით გადახდას მოუხშირეს სამარშრუტო ტაქსების მძღოლები უკმაყოფილებას გამოთქვამენ. მგზავრთა უმეტესობა ადასტურებს, რომ ასეთი რეალობის წინაშე ბოლო პერიოდში ხშირად დგებიან. ამიტომ მირკოავტობუსებით გადაადგილება ნერვიულობის ფასად უჯდებათ.

დროდადრო მძღოლებსა და ყვითელი „მარშრუტკების“ მგზავრებს შორის ვითარება იძაბება. ზაფხულში დაპირისპირება კონდინციონერის ჩართვა-გამორთვას უკავშირდება, პიკის საათებში გადაჭედილ ტრანსპორტს, ახლა კი ნაღდი ფულით ანგარიშსწორებას. პრობლემების სათავე კი კომპანია „თბილისის მიკროავტობუსია“, რომელსაც ერთნაირად ადანაშაულებენ მძღოლებიც და მგზავრებიც.

მძღოლებმა ასევე განმარტეს, რომ სამარშრუტო ტაქსების მფლობელი კომპანია არც სატრანსპორტო საშუალების საჭირო რაოდენობის საწვავით მომარაგებას უზრუნველყოფს და მათ შესაბამისი თანხის გადახდა საკუთარი სახსრებით უწევთ. რამდენადაც მათ მხოლოდ ნაღდი ანგარიშსწორებით გადახდილ თანხასთან აქვთ წვდომა, ყოველდღიურ გეგმის შესრულებას ვერ ახერხებენ.

„პლასტიკური ბარათით გადახდილი თანხა პირდაპირ „თბილისის მიკროავტობუსის“ ბალანსზე ირიცხება, ხოლო ყოველდღიური გადასახადი, რომელიც 20 ლარიდან 100 ლარამდე მერყეობს, ჩვენთვის მაინც გადასახდელი რჩება. გამოდის, რომ ეს გადასახადი მთელი დღის განმავლობაში უნდა მოვაგროვოთ. თუ ნაღდი ფულით არ გადაიხადეს მგზავრებმა, თანხა როგორ შევაგროვოთ?“ - ეს არის მძღოლების საერთო პოზიცია.

„თბილისის მიკროავტობუსში“ აცხადებენ, რომ აღნიშნული ხარჯები გაწერილია მძღოლთან გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულებით და ამის შესახებაც მძღოლებს ინფორმაცია აქვთ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მიკროავტობუსის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ნათია მიქიაშვილმა განუცხადა, კომპანიას დარღვევებთან დაკავშირებით მკაცრი რეაგირება აქვს.

„პირველივე ჯერზე წყდება მძღოლთან ხელშეკრულება იმ შემთხვევაში, თუ მგზავრს ეუბნება, რომ ტერმინალი არ გამოიყენოს და ნაღდი ფულით გადაიხადოს. ასევე, ჩვენი მონიტორინგის სამსახური ყოველდღიურად იღებს ინფორმაციას ფარეხის ხელმძღვანელობისგან, რამდენად გამართულად მუშაობს მიკროავტობუსში ტერმინალი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ის გაფუჭებულია და მძღოლმა არ შეატყობინა ფარეხის ხელმძღვანელობას, ავტომატურად წყდება მძღოლთან ხელშეკრულება.

რაც შეეხება კონდიცირების სისტემას, თუ გამორთული აქვს მძღოლს ზაფხულის პერიოდში, პირველ შემთხვევაში 10 დღით ეკრძალება ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვა, განმეორების შემთხვევაში 1 თვით, ხოლო მესამე შემთხვევის დაფიქსირებისას ხელშეკრულებას ვუწყვეტთ. ასევე ჯარიმები და სანქციებია სიგარეტის მოწევასა და მომხმარებელთან კონფლიქტური სიტუაციის შექმნაზე. ამის შესახებ მძღოლები ინფორმირებული არიან“, - განაცხადა მიქიაშვილმა.