მოგების გადასახადისგან გათავისუფლებას ყველა ითხოვს

მოგების გადასახადისგან გათავისუფლებას ყველა ითხოვს

მოგების გადასახადის ესტონური მოდელის ახალი ეტაპის დაწყების ინიციატივამ ფინანსისტებსა და ბიზნესმენებში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ნაწილი ახლადდანერგილ სისტემაში სასწრაფოდ ჩართვას ითხოვს, სხვები კი ბანკებისთვის დამატებითი შეღავათის მინიჭების შესაძლებლობას ეწინააღმდეგებიან.

სადაზღვევო კომპანიები საფინანსო სექტორისთვის მოგების გადასახადის რეფორმის 2023 წლამდე გადავადებას ეწინააღმდეგებიან. მათი წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ სექტორი გამოწვევების წინაშე დგას და სხვების მსგავსად მათაც ხელშეწყობა სჭირდება.

„სადაზღვევო კომპანიები არ წარმოადგენენ მნიშვნელოვან გადასახადის გადამხდელებს ქვეყნისთვის, ვინაიდან მოგება არ არის იმდენი, რაც უნდა იყოს. ახლა მნიშვნელოვანია ამ დარგის ფეხზე დაყენება, ამიტომაც შესაძლებელია განხილვა მოხდეს უშუალოდ სადაზღვევოების კუთხით“, - აცხადებს დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი კოტე სულამანიძე.

თუ რატომ უნდა შეეხეოს მოგების გადასახადის რეფორმა სადაზღვევო სექტორის, შესაბამისი არგუმენტები მოჰყავს დაზღვევის ასოციაციის ხელმძღვანელსაც. მისთვის გაუგებარია რატომ მოიაზრება სადაზღვევოებო საფინანსო სექტორში.

„საბანკო სექტორის მოგება იყო 900 მილიონი, ჩვენი მთლიანი ბიზნესი იყო - 350 მილიონი. დარგი გამოწვევების წინაშეა. 3 წელიწადში უნდა გავასამმაგოთ სავალდებულო კაპიტალი, უამრავი დამატებითი რეგულაცია შემოდის, ამისთვისაც აუცილებელია ფინანსური სახსრების მობილიზება. ამ დროს რატომღაც გვეუბნებიან, რომ ჩვენ არ გვჭირდება ფული. ვეცდებით საფინანსო სეტქორზე საერთო წარმოდგენა დავარღვიოთ და მთავრობამ ილაპარაკოს სექტორულად“, - აცხადებს დევი ხეჩინაშვილი.

ასეთმა მკვეთრმა პოზიციამ ფინანსთა სამინისტრო აიძულა დამოკიდებულება შეეცვალა. საფინანსო სექტორისთვის მოგების გადასახადის ე.წ. ესტონური მოდელის 2023 წლამდე გადავადებასთან დაკავშირებით, ბახტაძის უწყებას სადაზღვევო ინდუსტრიასთან კონსულტაცია ექნება.

„სადაზღვევო სექტორთან ჩვენ გვექნება დამატებითი კონსულტაცია და ყოევლთვის მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც ქართულ ბიზნესს განვითარებაში დაეხმარება. მოვისმენთ მათ არგუმენტებს და ვეტყვით ჩვენს არგუმენტებს. დარწმუნებული ვარ, რომ მნიშვნელოვან კონსესუსს მივაღწევთ“, - განაცხადა ბახტაძემ, მაგრამ სადაზღვევო ინდუსტრიისთვის გამონაკლისის დაშვებასთან დაკავშირებით დეტალების დაკონკრეტებისგან თავი შეიკავა.

სადაზღვევო კომპანიების გარდა, ესტონური მოდელის ამოქმედების ვალდებულება გადაუვადდა საფინანსო სექტორსაც. აქ კი, პირველ რიგში, იგულისხმება ბანკები, რომელთა მოგება ბოლო წლებში არნახულ სიმაღლეზე ავიდა. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ სასათბურე პირობებში მყოფ ზემომგებიან ბანკებს დამატებითი ხელშეწყობა ნამდვილად არ სჭირდება. ფინანსისტი მერაბ ჯანიაშვილი განმარტავს, რომ საფინანსო სექტორისთვის ესტონური მოდელი ზედმეტია.

„საფინანსო სექტორისთვის ესტონური მოდელის ამოქმედებას არ ვეთანხმები იმიტომ, რომ მკაფიოდ განსაზღვრული არ არის, რეინვესტირებად რა ჩაითვლება. შეიძლება სესხის გაცემაც რეინვესტირებად ჩაითვალოს. ბანკებს ისედაც ბევრი შეღავათები აქვს სახელმწიფოსგან და დამატებითი პრეფერენციები არ სჭირდება. არათუ 2023 წლიდან, საერთოდ არ უნდა დაწესდეს შეღავათი. ფინანსური საქმიანობა დღგ-თი არ იბეგრება, ბანკებს სესხების შესაძლო დანაკარგების რეზერვების ხარჯებში გატარება შეუძლიათ, რაც მათთვის მოგების გადასახადს კიდევ უფრო ამცირებს. შედეგად მივიღეთ ის, რომ 2017 წელს საბანკო სფეროს წმინდა მოგება 870 მილიონი ლარი იყო, ბიუჯეტში კი მოგების გადასახადი მხოლოდ 90 მილიონი ლარი შევიდა. საფინანსო სექტორი ესტონური მოდელით სარგებელს ნახავს, ამის საჭიროება კი არ არსებობს“, - აცხადებს ჯანიაშვილი.