[ნინო მიქიაშვილი]
„ნახევარი საათი, მინის აქეთ თავისი შვილი ტიროდა, იქით ჩემი მეუღლე. ვერ დაილაპარაკა, ვერ მითხრა, როგორ იყო და როგორ არის. ჩემს შვილს ყურმილი, რომ გამოვართვი და მეუღლეს დაველაპარაკე, ვერაფერი მითხრა, მაგრამ მიმანიშნა დამეხმარეთო. დღეს ელჩებს ჩემი ხელით გადავეცი შენი ახსნა-განმარტება, მთელი უფლებადამცველები, ჟურნალისტები შენს გვერდით არიან, ეს გჯეროდეს! შენს თავზე არ აიღო ის, რაც არ ჩაგიდენია. კიდევ შეჭამე ის ქაღალდი და იცოდე, რომ რაც არ უნდა გაგიკეთონ, არც ჩემთვის და არც საზოგადოებისთვის არ შეიცვლები. შენ გამაგრდი! აქედან ჩვენ დაგეხმარებით-მეთქი, - ვუთხარი, მაგრამ ხმა ვერ გამცა, ტიროდა და მანიშნებდა დამეხმარეთო“, - ასე გადმოგვცა მაია ჩაკაბერია-არქანიამ 1 ივლისს, მეუღლესთან შეხვედროს დეტალები, რაზეც ოდნავ ქვემოთ უფრო ვრცლად გიამბობთ და იმაზეც მოგახსენებთ, ამ შეხვედრას წინ რა უძღვოდა.
წამების მსხვერპლთა დახმარების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ კონფერენციას, რომელიც სასტუმრო „ქორთიად-მერიოტში“ გაიმართა, ევროკავშირის ელჩი, ფილიპ დიმიტროვი, დიპლომატიური კორპუსის სხვა წარმომადგენლები, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, სახალხო დამცველი, ხელისუფლების წევრები, პარლამენტარები, უფლებადაცმველები და ჟურნალისტები ესწრებოდნენ. იქ იყვნენ პატიმარ მალხაზ არქანიას ოჯახის წევრები და ადვოკატი ლექსო არქანია.
ერთ-ერთმა უფლებადამცველმა, ზაზა ხატიაშვილმა, რომელიც ამავდროულად ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეა, ევროკავშირის ელჩს და ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის, თომას ჰამარბერგის წარმომადგენელს საქართველოში, გადასცა პატიმარ მალხაზ არქანიას სკანდალური ახსნა-განმარტება, რომელიც ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული გახლდათ. ელჩის წასვლიდან დაახლოებით ერთ საათში პატიმრის მეუღლეს, მაია ჩაკაბერია-არქანიას საპყრობილის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა დაურეკა და უთხრა, რომ შვილთან ერთად მის მეუღლესთან შესახვედრად მისულიყო.
ორშაბათს, 4 ივლისს სახალხო დამცველი, გიორგი ტუღუში საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარეს, დავით ჭაკუას რეკომენდაციით მიმართავს, რათა ”უზრუნველყონ მსჯავრდებულ არქანიას უსაფრთხოებისთვის აუცილებელი ყველა ღონისძიების გატარება და საჭიროების შემთხვევაში მისი გადაყვანა სხვა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში”. ამ სიახლის ირგვლივ ინფორმაცია „ობიექტივს“ სახალხო დამცველის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ნინო ერემაშვილმა მოაწოდა.
მისივე განმარტებით, სახალხო დამცველს განცხადებით მალხაზ არქანიას დამ, ნინო არქანიამ, რომლის განმარტებითაც მისი ძმა გლდანის №8 დაწესებულების ადმინისტრაციის მხრიდან განიცდის ზეწოლას, რის გამოც მსჯავრდებულის სიცოცხლეს ემუქრება საფრთხე და საჭიროა მისი სხვა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანა.
„სახალხო დამცველის რწმუნებულებმა მსჯავრდებული მალხაზ არქანია არაერთხელ მოინახულეს, რა დროსაც მან რიგ შემთხვევებში დაადასტურა და რიგ შემთხვევებში უარყო, მასზე განხორციელებული ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის ფაქტი, როგორც დაწესებულებაში მოთავსებამდე, ასევე მოთავსების შემდგომ პერიოდში. საბოლოოდ, მის მიერ სახალხო დამცველის რწმუნებულისთვის მიცემული ახსნა–განმარტების კონფიდენციალურად დატოვება მოითხოვა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ მალხაზ არქანიას მდგომარეობა საჭიროებს განსაკუთრებულ ყურადღებას და მის მიმართ შესაძლებელია მართლაც ხორციელდებოდეს გარკვეული სახის ზეწოლა, დაწესებულების ადმინისტრაციის და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადეგნლების მხრიდან“, - გვითხრა სახალხო დამცველის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა.
შეგახსენებთ, რომ 30 ივნისს, პატიმრის დამ, ნინო არქანიამ და მეუღლემ, მაია ჩაკაბერია-არქანიამ, სახალხო დამცველის ოფისთან შიმშილობა დაიწყეს. ისინი სახალხო დამცველისგან ითხოვდნენ მის ხელთ არსებული ყველა საშუალების გამოყენებას, პატიმრის სიცოცხლის და უსაფრთხოების გადასარჩენად. შიმშილობა ზაზა ხატიაშვილის თხოვნის საფუძველზე შეწყვიტეს, რომელმაც სახალხო დამცველის პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან შეხვედრის შემდეგ მათ განუცხადა, რომ სახალხო დამცველი მისი კომპეტენციის ფარგლებში არსებულ ყველა საშუალებას გამოიყენებდა, პატიმრის გადასარჩენად.
1 ივლისს, სასტუმრო „ქორთიად მერიოტში“ გამართულ კონფერენციაზე, არქანიები ზაზა ხატიაშვილის მიწვევით მივიდნენ და შეხვდნენ სახალხო დამცველს. ამასთან, მაია ჩაკაბერია-არქანიამ იქ მყოფი დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, მისი მეუღლის მიერ, სახალხო დამცველის წარმომადგენლისთვის მიცემული, ინგლისურად ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული ახსნა-განმარტება გადასცა.
„სახალხო დამცველი უცხოეთიდან 30 ივლისს ჩამობრძანდა და პირადად დაინტერესდა მალხაზ არქანიას მდგომარეობით. მან შეშფოთება გამოთქვა იმ ფაქტთან დაკავშირებით, რაც მოხდა და ყოველმხრივ მზადაა იმისთვის, რომ პირად კონტროლზე აიყვანოს მალხაზ არქანიას წამების საქმე. სახალხო დამცველის წარმომადგენელმა, მაია გიგინეიშვილმა, ვინც პატიმრების ცემა-წამებით სახელგანთქმული გლდანის №8 საპყრობილიდან 22 ივნისს პატიმრის ახსნა-განმარტება გამოიტანა და ამით მთელ მსოფლიოს გააგებინა, თუ რა ხდება კალმახელიძის უწყებაში, გმირობა ჩაიდინა.
დიდი შანსი იყო, რომ მაია გიგინეიშვილი იქიდან ცოცხალი არ გამოეშვათ. ამასთან, მან პატიმრის მოთხოვნა შეასრულა და ეს ახსნა-განმარტება ადვოკატ ლექსო არქანიას გადასცა. ეს გმირობა ქალბატონს არ უნდა დავუკარგოთ, რათა ანალოგიური მოქმედება სხვებმაც გაიმეორონ“, - აღნიშნა „ობიექტივთან“ საუბრისას უფლებადამცველმა ზაზა ხატიაშვილმა.
მაია ჩაკაბერია-არქანია ამბობს, რომ მისმა მეუღლემ დაუდასტურა ის, რომ მას აცილება არ მიუცია, მისი უფლებების დამცველი ადვოკატისთვის, ლექსო არქანიასთვის და 30 ივნისს, მას არ უთქვამს უარი მედია-კავშირ „ობიექტივის“ ადვოკატთა ჯგუფის ხელმძღვანელთან, ელგუჯა ჩხაიძესთან შეხვედრაზე:
„საპყრობილის ადმინისტრაცია ამბობს, რომ შენ უარი გითქვამს ლექსო არქანიაზე და ელგუჯა ჩხაიძესთან შეხვედრაზე-მეთქი და მანიშნა, რომ ამაზე უარი თავად მას არ უთქვამს. 45 წუთის განმავლობაში ვესაუბრებოდი და ამ ხნის განმავლობაში სულ ტიროდა. ჩვენ ყველანი გარედან გეხმარებით და გამაგრდი, შიგნით შენ არავინ არ მოგკლავს-მეთქი. ბოლოს ასეთი სიტყვები ვუთხარი - შენთან ლექსო არქანია შემოვა და ის გააგრძელებს შენი უფლებების დაცვას-მეთქი“.
შეგახსენებთ, რომ 29 ივნის, მედია-კავშირ „ობიექტივის“ სტუდიაში უფლებადამცველები (ზაზა ხატიაშვილი, დავით ლილუაშვილი, ნანა კაკაბაძე, სოსო მანჯავიძე, დიმიტრი ლორთქიფანიძე, ელგუჯა ჩხაიძე) და ჟურნალისტები, არქანიას ადვოკატთან და ოჯახის წევრებთან ერთად შეიკრიბნენ და პირდაპირ ეთერში სპეციალური პრესკონფერენცია გამართეს, რომლის დასრულების შემდეგ, არქანიების თხოვნის საფუძველზე, პატიმრის მოსანახულებლად მედია-კავშირ „ობიექტივის“ ადვოკატთა ჯგუფის ხელმძღვანელი, ელგუჯა ჩხაიძე გლდანის №8 საპყრობილეში წავიდა. მას „ობიექტივის“ გადამღები ჯგუფიც თან ახლდა.
თავად გავხდით იმის მოწმეები, შეგნებულად როგორ გაწელეს დრო საშვთა ბიუროში მყოფმა პირებმა და 17 საათზე ადვოკატს უთხრეს, რომ იმ დღეს შესვლა უკვე აღარ შეიძლებოდა და რომ მეორე დღეს პატიმართან უპრებლემოდ შეუშვებდნენ.
30 ივნისს, ადვოკატ ელგუჯა ჩხაიძეს, საათნახევრიანი ლოდინის შემდეგ განუცხადეს, რომ პატიმარი მასთან შეხვედრაზე უარს ამბობს. მანამდე ორი დღის განმავლობაში პატიმრის სანახავად არ შეუშვეს მისი უფლებების დამცველი ადვოკატი, ლექსო არქანია, რომელიც ამავდროულად, პატიმრის ბიძაშვილია. 29-ში მას სიტყვიერად განუმარტეს, რომ პატიმარმა აცილება მისცა.
მალხაზ არქანია იმ მრავალრიცხოვან პატიმრებს შორის ერთადერთია, ვინც ციხეთა სისტემაში გამეფებული წემა-წამების მეთოდებზე ღიად ისაუბრა - სახალხო დამცველის წარმომადგენელს 22 ივნისს ექვსგვერდიანი ახსნა-განმარტება მისცა და მასში დეტალურად აღწერა როგორ ახორციელებდნენ მის მიმართ ფიზიკურ ანგარიშსწორებას, როგორ აწამებდნენ, როგორ აყურებინებდნენ გაუპატიურების ფაქტს და როგორ ცდილობდნენ თავად მის გაუპატიურებას.
ახსნა-განმარტების სრული ტექსტი „ობიექტივმა“ პატიმრის დის, ნინო არქანიას თხოვნის საფუძველზე 24 ივნისს გამოაქვეყნა, მასალაში სათაურით - პატიმარ მალხაზ არქანიას სცემენ, თავის ჩვენებას აჭმევენ და გაუპატიურებით ემუქრებიან.