მთავრობა აღიარებს, რომ მცირე ბიზნესს ვერაფრით დაეხმარა. მისი წილი ქვეყნის ეკონომიკაში 9%-ს არ აღემატება. შესაბამისად, ვერ ვითარდება მცირე საწარმოები და ვერც სამუშაო ადგილები იქმნება. ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე მიიჩნევს, რომ ისეთი ეკონომიკური ზრდის მიღწევა, რომელიც ყველა მოქალაქეს შეეხება, მცირე და საშუალო ბიზნესის გარეშე შეუძლებელია.
„მცირე და საშუალო ბიზნესის წილი ჩვენს ეკონომიკაში არ არის იმდენი, რამდენასც ვისურვებდით“, - აღნიშნა მინისტრმა და დასძინა, რომ ახალი რეფორმების მიზანია, ქვეყანამ მიაღწიოს ისეთ ეკონომიკურ ზრდას, რომელიც შეეხება თითოეულ მოქალაქეს.
მცირე ბიზნესი ქვეყანაში მუდმივად მძიმე მდგომარეობაშია, არადა საერთაშორისო გამოცდილება ცხადყოფს, რომ ყველაზე მეტი დასაქმებული სწორედ ამ სექტორშია. საქართველოში ვითარება აბსოლუტურად საპირისპიროა. შესაბამისად, უმუშევრობის პრობლემის დაძლევა ვერაფრით ხერხდება. ამიტომ მთავრობამ მეწარმეების ხელშესაწყობად გადასახადების შემცირება გადაწყვიტა. მცირე მეწარმეებისთვის ბრუნვის გადასახადი 5-ჯერ შემცირდება, ასევე მცირე მეწარმის კატეგორიაში მოხვდება 500 000 ლარამდე ბრუნვის მქონე საწარმო. ახალი ინიციატივა ითვალისწინებს დაბეგვრის შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმის დაწესებასაც.
„მეწარმეობის განვითარება ჩვენთვის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. პარლამენტში მთავრობის დამტკიცების დროს, მე ვისაუბრე, რომ ვიწყებთ მცირე ბიზნესის ხელშეწყობის მეორე ტალღას, მას შემდეგ, რაც წარმატებით ხორციელდება პროგრამები - „აწარმოე საქართველოში“, „დანერგე მომავალი“ და ა.შ. ამჯერად გამოვდივართ ახალი ინიციატივით, რომელიც ითვალისწინებს მცირე მეწარმეებისათვის დაბეგვრის შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმის დაწესებას.
კერძოდ, მცირე მეწარმეებისთვის 5-ჯერ ვამცირებთ ბრუნვის გადასახადს და 5%-ის ნაცვლად იქნება 1%. ამასთან მცირე ბიზნესად დღეს თუ ითვლება 100 000 ლარამდე ბრუნვის მქონე საწარმო, ეს ზღვარი 500 000 ლარამდე გაიზრდება. ეს მართლაც მნიშვნელოვანი შვება იქნება მცირე მეწარმეობით დაკავებული ადამიანებისთვის. რა თქმა უნდა, ამით წახალისდებიან ის მეწარმეები, რომლებსაც სურთ საქმიანობის წამოწყება. დარწმუნებული ვარ, რომ ხალხი აიტაცებს ამ ინიციატივას, გაჩნდება ახალი საწარმოების შექმნის სურვილი“, - განაცხადა პრემიერმა.
საქართველოში მცირე ზომის საწარმოებს მიეკუთვნება ყველა ორგანიზაციულ‐სამართლებრივი ფორმის საწარმო, რომელშიც დასაქმებულთა საშუალო წლიური რაოდენობა არ აღემატება 20 დასაქმებულს და საშუალო წლიური ბრუნვის მოცულობა არ აღემატება 0.5 მლნ ლარს. შეღავათები სწორედ ამ კატეგორიისთვის იგეგმება.
საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის პრეზიდენტის მიხეილ ჭელიძის აზრით, ინიციატივა, რომელიც მცირე მეწარმეებს შეეხებათ, ძალიან ხელსაყრელია. ასეთ ცვლილებას სასიკეთო შედეგი მოჰყვება, რადგან მიღებული საფინანსო შეღავათით ბიზნესი უფრო განვითარდება.
„ანგარიშგების თვალსაზრისით ეს გადაწყვეტილება მეწარმეებისთვის ძალიან მომგებიანია. თუ ადრე პირობითად 1000 ლარის გადახდა უწევდათ, ახლა 200 ლარი მოუწევთ. მათი საგადასახადო წნეხი საკმაოდ შემცირდა. ეს ნიშნავს, გადასახადს, რაც 200 ლარის ზემოთ უნდა გადაეხადათ, ახლა სურვილისამებრ გამოიყენებენ და ბიზნესს უფრო განავითარებენ“, - განაცხადა ჭელიძემ.
მცირე ბიზნესის ხელშეწყობაზე ყველა ხელისუფლება საუბრობდა, მაგრამ მხოლოდ ცარიელი სიტყვით საქმეს არ ეშველა. მცირე საწარმოთა ბრუნვის მაჩვენებელი უმნიშვნელოა და 10%-საც ვერ აღწევს. 2016 წლის მონაცემებით, ამ კატეგორიაში შემავალი საწარმოთა ბრუნვის მოცულობამ 5,802 მლრდ ლარი შეადგინა და ეს მთლიანი მაჩვენებლის მხოლოდ 9% აღმოჩნდა. დაახლოებით იგივე სურათი იყო 2015 და 2014 წლებში. შარშანდელი 3 კვარტლის მონაცემებიც ადასურებს, რომ 10-პროცენტიან ბარიერს მცირე ბიზნესი ვერც ამჯერად დაძლევს.