გენგეგმა დღე-დღეზე მზად იქნება, მაგრამ შეიძლება ისევ დაიწუნონ

გენგეგმა დღე-დღეზე მზად იქნება, მაგრამ შეიძლება ისევ დაიწუნონ

თბილისის გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფს რამდენიმე დღეში ხარვეზების გამოსასწორებლად მერიის მიერ დაწესებული ვადა ეწურება. „სითი ინსტიტუტი საქართველო“ მერიას ქალაქის გენგეგის შესწორებულ ვერსიას 26 თებერვლისთვის წარუდგენს. მიუხედავად იმისა, რომ გადამუშავებული დოკუმენტის თაობაზე ჯერჯერობით არაფერია ცნობილი, უკვე კეთდება კრიტიკული შეფასებები.

2017 წლის დეკემბერში თბილისის მერიამ მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის პროექტზე მომუშავე ჯგუფი გარკვეული სახის ხარვეზების აღმოჩენის გამო ორჯერ დააჯარიმა. პირველად მას 5600-ლარიანი ჯარიმა დაერიცხა, ხოლო მეორედ თანხის ოდენობამ 140 ათასი ლარი შეადგინა. 2015 წელს კომპანია „სითი ინსტიტუტი საქართველო“ მერიის ყოფილმა ხელმძღვანელობამ კონკურსის წესით შეარჩია და ქალაქის მთავარი დოკუმენტის შესაქმნელად 2 800 000 ლარი გამოყო. დასრულებული გეგმა დედაქალაქის ძველ მთავრობას ჯერ კიდევ აპრილში უნდა დაემტკიცებინა, თუმცა მისი მიღება ახლაც საეჭვოა.

როგორც გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფის წარმომადგენელი მერაბ ბოლქვაძე აცხადებს, რამდენიმე დეტალზე არსებული ხარვეზები უკვე გამოსწორებულია.

„მერიამ ხარვეზების აღმოფხვრა გვთხოვა და დადებული ხელშეკრულების საფუძველზე გენგეგმას 26 თებერვალს გაწერილ ვადაში ჩავაბარებთ. რაც შეეხება ხარვეზებს, ის კონკრეტულ ზონასთან დაკავშირებულ განმარტებებს შეეხო. ჩვენ ყველაფერი დავასაბუთეთ და თავი ერთად მოვუყარეთ“, - აღნიშნა „კომერსანტთან“ ბოლქვაძემ.

მერიაში ჯერ არ იციან მათთვის მისაღები იქნება თუ არა ქალაქის განვითარების ძირეული დოკუმენტი. თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილი ამბობს, რომ თუ გენგეგმა არ იქნება სრულყოფილი, მას არ მიიღებენ

„დაველოდოთ, სამუშაო პროცესი მიმდინარეობს. ჯერ კიდევ ნაადრევია ამაზე საუბარი. თუ გენგეგმა არ იქნება სრულყოფილი, არ მივიღებთ“, - განაცხადა ელოშვილმა.

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია კი აქედანვე საეჭვოდ უყურებს „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ მომზადებულ დოკუმენტს. აფბა-მ უკვე დაიწყო კვლევა, რომლის მიზანი ქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ფინანსურ-ეკონომიკური ნაწილის შეფასება და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავებაა.

„მიწათსარგებლობის გენერალური გეგმით რეკომენდირებული პროექტების ანალიზისას ჩანს, რომ ის რეალურად აცდენილია ქალაქის ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტებს, რამაც სამომავლოდ, შესაძლოა, დედაქალაქში საინვესტიციო აქტივობა შეანელოს. გარდა ამისა, მათი რეკომენდაციები, გარკვეულ შემთხვევებში, პირდაპირ უზღუდავს საქმიანობის საშუალებას მცირე და საშუალო ბიზნესს. ბუნებრივია, ეს პროცესი გამოიწვევს ამ სეგმენტის გაძევებას ეკონომიკური აქტივობებიდან. ამას, თავის მხრივ, მოჰყვება სამუშაო ადგილების შემცირება, რაც კიდევ უფრო შეანელებს ეკონომიკურ აქტივობას, ვინაიდან სამუშაოს და შემოსავლის გარეშე დარჩენილი მოქალაქეების მხრიდან საბაზრო მოთხოვნა მინიმუმამდე შემცირდება.

შესაბამისად, ვთვლით, რომ წარმოდგენილი დოკუმენტი არასრულია და არ ითვალისწინებს მოსალოდნელ უარყოფით ეფექტებს, რისთვისაც საჭიროა დამატებითი კვლევების განხორციელება, იმისათვის, რომ ნათლად გამოიკვეთოს ფინანსური, ეკონომიკური, სოციალური და გარემოსდაცვითი საკითხები“, - აცხადებს აფბა-ს პრეზიდენტი შოთა გულბანი.