მაშინ, როცა ცივილიზებული სამყარო ალტერნატიული ენერგოწყაროების მოძიებასა და ჰიდროელექტროსადგურებზე უარის თქმას ცდილობს, საქართველოში ჰესები შენდება ისე, რომ არ იციან, ეყოფათ თუ არა ამ ჰესებს წყალი ელექტროენერგიის გამოსამუშავებლად. ამას ემატება ისიც, რომ ნადგურდება ხელუხლებელი პირვანდელი ტყეები, ილახება ადამიანების კერძო საკუთრების უფლებები.
ცნობილია, რომ მესტიის მუნიციპალიტეტში მდინარეების ნენსკრასა და ნაკრას ხეობებში დაგეგმილი ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე 280 მეგავატი იქნება, რომელიც საქართველოს ყოველწლიურად 1 200.00 გიგავატ სთ. ელექტროენერგიას მიაწვდის. გამომუშავებული ელექტროენერგია მთლიანად ადგილობრივ ბაზარს მოხმარდება. თუმცა, ამ პროექტის სანაცვლოდ, სვანეთში 200 ჰექტარი ფართობი ტყის გაჩეხვაა დაგეგმილი.
მართალია, კომპანია „ნენსკრა ჰიდროში“ ირწმუნებიან, რომ ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის პროექტი მაქსიმალურად ითვალისწინებს ნენსკრასა და ნაკრას ხეობების მცხოვრებთა ინტერესს და პროექტი არც ერთი ოჯახის გასახლებას არ გულისხმობს, მაგრამ გარემოს დამცველებს აშფოთებთ ის, რაც ამ ხეობაშია მოსალოდნელი.
რაც შეეხება ადგილობრივ მოსახლეობას, მათი ნაწილისთვის სულაც არ არის სანუგეშო გულუხვი დაპირებები, რომ ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობაზე ადგილობრივი მოსახლეობა მაქსიმალურად დასაქმდება. გარდა ამისა, აღნიშნულ პროექტს თან ახლავს სპეციალურად შექმნილი „საზოგადოებრივი ინვესტირების სტრატეგია“, რომელიც ზემოხსენებულ ხეობებში ინფრასტრუქტურის, სოფლის მეურნეობის, განათლებისა და სხვა სფეროებში პირდაპირი ინვესტიციების განხორციელებას გულისხმობს.
„მწვანეთა პარტიის“ ლიდერი, დეპუტატი გია გაჩეჩილაძე For.ge-სთან საუბარში ამბობს, რომ ნენსკრას ჰიდროელექტროსადგური მაღალკაშხლიანი არ უნდა იყოს. მაღალკაშხლიანია ენგურის კაშხალი, რომლის სიმაღლეც 270 მეტრია. რაც შეეხება ახალი კაშხლების მშენებლობას, დეპუტატის თქმით, მათ სპეციალურად მიიღეს ამისთვის კანონი - „გარემოს შეფასების კოდექსი“. ეს არის ევროკავშირის დირექტივებთან ჰარმონიზებული კანონი, რომელიც უმკაცრესი ეკოლოგიური ექსპერტიზის გავლას ავალდებულებს ყველას. თუ ეკოლოგიური ექსპერტიზა დაადგენს, რომ ეს ობიექტი სერიოზულ ზიანს აყენებს ბიომრავალფეროვნებას, ეკოლოგიური უსაფრთხოების საკითხებს, სეისმოლოგიას, მეწყერული და სხვა პროცესების წარმოშობას უწყობს ხელს, რა თქმა უნდა, ასეთ ობიექტზე არავითარი ნებართვა არ გაიცემა.
„არავითარი მნიშვნელობა არ აქვს არც ერთი დეპუტატის პოზიციას და იმას, ეთანხმებიან თუ არა ისინი ტყეების გაჩეხვას ჰესების მშენებლობის სასარგებლოდ. აქ მთავარია კანონი. კანონი ისეთია, რომ, თუ ობიექტი სერიოზულ ზიანს აყენებს მიმდებარე ტერიტორიასა და ბიომრავალფეროვნებას, გინდა ენერგეტიკული პოლიტიკით შეხედეთ, გინდა სულ სხვა პოზიციიდან, მაინც არ აშენდება. მაშინ ატომური სადგურებიც ავაშენოთ, რადგან ატომური სადგურებიც გამოიმუშავებს ელექტროენერგიას და ჩვენს ენერგოსისტემას ეფექტურობას მოუმატებს. ეს არასწორი მსჯელობაა. მოგეხსენებათ, ევროკავშირში ეკოლოგიური საკითხები მკაცრად რეგულირდება. ამიტომ საქართველოშიც საჭიროა კომპლექსური შეფასება ყველა მიმართულებით, არა მარტო ბიომრავალფეროვნების კუთხით“, - აცხადებს გია გაჩეჩილაძე.
ამასთან, დეპუტატი მიიჩნევს, რომ ჰესების მიზანშეწონილობის შესახებ უნდა იმსჯელონ ობიექტურმა სპეციალისტებმა, მანამდე კი უნდა მოხდეს საჯარო განხილვები, საზოგადოების, არასამთავრობოების ჩართულობით.
გია გაჩეჩილაძის აზრით, ქვეყანას რომ ელექტროენერგია სჭირდება, ამაზე საუბარიც ზედმეტია, რადგან ენერგოდამოუკიდებლობა გვესაჭიროება, რათა არ ვიყოთ სხვა ქვეყნებზე მიბმული და ენერგიის შეწყვეტის მუდმივ საფრთხეს არ განვიცდიდეთ. ჰიდროენერგეტიკა ჩვენში განსავითარებელია, რადგან ეს ერთადერთი რესურსია, რომელიც გაგვაჩნია. ეს სფერო ასათვისებელია, მაგრამ ეს უნდა მოხდეს არა გიგანტური მშენებლობებით, არამედ საშუალო და მცირე ენერგეტიკის განვითარებით და, პარალელურად, ალტერნატიული ენერგეტიკული წყაროების ათვისებით.
„საქართველოს მწვანეთა მოძრაობა-დედამიწის მეგობრების“ თავმჯდომარე ნინო ჩხობაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობაზე გაცემულია ნებართვა. თუმცა აქ იყო გარემოს დაცვითი და სხვა პირობები დათქმული, რომელიც უნდა შესრულებულიყო ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის შედეგად. მათ შორის, აუცილებელ პირობად იყო ერთ-ერთი ძალზე მნიშვნელოვანი, ამ ტერიტორიის გეოლოგიური შესწავლა, რადგან იქ მეწყერებისა და უსაფრთხოების პრობლემა არსებობდა.
„რამდენად ეფექტური, რენტაბელური იქნება ეს კაშხალი, ჩვენთვის უცნობია, რადგან ბოლომდე არ არის დათვლილი წყლის ხარჯი ანუ წყალი ეყოფათ თუ არა, ესეც არ არის ცნობილი. ამბობენ, როცა დავაშრობთ, მერე დავიწყებთ თვლას, გვეყოფა თუ არა წყალიო. თუმცა, თუკი ჩვენ წინასწარ მოვჭრით ტყეებს, ეს რას მოგვცემს, არავინ იცის. მანდ ბევრი კითხვაა, მათ შორის, მეწყერსაშიში ზონები, რომელიც შეიძლება დამატებით განვითარდეს, როგორც კი ტყეები მოიჭრება. ისედაც საშიში ზონაა და ამას შეიძლება სერიოზული პრობლემები მოჰყვეს. ის, რომ ნადგურდება ხელუხლებელი პირვანდელი ტყეები, ეს ცალკე თემაა, რადგან მართლაც პირვანდელი ტყეებია ზემოთ. ამ ჰიდროელექტროსადგურზე გამომუშავებული ელექტროენერგიის შედარება არ შეიძლება იმ ზიანთან, რაც ბიომრავალფეროვნების მოსპობას მოჰყვება. ცხადია, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება აუცილებელია. ბიომრავალფეროვნების კუთხით ნენსკრას ნაწილი, უფრო სწორად, ზედა ტერიტორია, რომელსაც არ ეხებოდა კაშხალი, შეყვანილი იყო პოტენციურად შესაძლო „ზურმუხტის ქსელის“ ჰაბიტატთა პროგრამაში, რადგან აქ იყო ხელუხლებელი ტყე“, - აცხადებს ნინო ჩხობაძე.
მისივე თქმით, საერთოდ, ასეთ ტერიტორიებზე სახელმწიფოები არაფერს აშენებენ, რადგან ამას უფრო დიდი დატვირთვა აქვს, ვიდრე ელექტროენერგიის მოხმარებას. ევროპა მთლიანად გადადის სხვა ენერგიის წყაროს მოძიებაზე და მომავალი აღარ აქვს ჰიდროს, რადგან ყველასთვის ნათელია, რომ მტკნარი წყლის რესურსი ისედაც იკლებს დედამიწაზე. ამიტომ ნინო ჩხობაძეს აინტერესებს, რამდენად რენტაბელურია ნენსკრას, ნაკრას პროექტი? იმ პერიოდისთვის, როცა დასრულდება ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა, საერთოდ გვექნება თუ არა წყალი? ცხადია, ეს ყველაფერი არ ვიცით, რადგან მყინვარზეა დამოკიდებული ნენსკრასა და ნაკრას ბედი, ხოლო მყინვარი ინტენსიურად დნება.